"ყველა ვარსკვლავის მატჩი": დასავლეთს სკოტ ბრუქსი გაწვრთნის

AutoSharing Option
გაირკვა "ყველა ვარსკვლავის მატჩში" დასავლეთ კონფერენციის მწვრთნელის ვინაობა. ეს არის "ოკლაჰომა-სიტის" დამრიგებელი სკოტ ბრუქსი, რადგან ამ მომენტისთვის სწორედ მისი გუნდია დასავლეთში ლიდერი. ბრუქსის ერთადერთი კონკურენტი შეიძლებოდა ყოფილიყო "სან ანტონიოს" დამრიგებელი გრეგ პოპოვიჩი, მაგრამ ის შარშან ხელმძღვანელობდა კონფერენციის ნაკრებს და წელს ასეთ შესაძლებლობას ვერ მიიღებდა.

შეგახსენებთ, რომ 2010 წელს ბრუქსი სეზონის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს, 2012 წელს კი "ოლ სტარზე" დასავლეთს წვრთნიდა და მას სამი ქულით დაამარცხებინა აღმოსავლეთის ნაკრები.

წელს "ყველა ვარსკვლავის მატჩი" 16 თებერვალს, ნიუ ორლეანში გაიმართება. როგორც იცით, აღმოსავლეთის დამრიგებელი
იქნება "ინდიანას" მთავარი მწვრთნელი ფრენკ ფოგელი.

ბენეტი ისტორიაში: დრაფტის პირველი ნომერი "ოლ სტარზე" არ მიიწვიეს
ამასობაში NBA-მ დაასახელა "ყველა ვარსკვლავის უქმეებზე" დებიუტანტებისა და "მეორეწლიანების" ტრადიციული მატჩის მონაწილეები, რის შემდეგაც ისტორიაში შევიდა "კლივლენდის" ფორვარდი ენტონი ბენეტი. ის გახდა დრაფტის პირველ ნომრად არჩეული მეორე კალათბურთელი ისტორიაში, ვინც ამ შეხვედრაში ვერ ითამაშებს. პირველი შემთხვევა 2001 წელს დაფიქსირდა, როცა "ვაშინგტონის" მიერ პირველ ნომრად არჩეული კვამე ბრაუნი ვერ მოხვდა "ოლ სტარის" უქმეებზე.

წლევანდელ სეზონში ბენეტმა 33 მატჩი ჩაატარა "კლივლენდის" შემადგენლობაში და მხოლოდ 2.8 ქულა დააგროვა.

დებიუტანტებისა და "მეორეწლიანების" მატჩისთვის არჩეული კალათბურთელების სია კი ასე გამოიყურება:

სტივენ ადამსი (ოკლაჰომა), პერო ანტიჩი (ატლანტა), იანის ადეტოკუნბო (მილუოკი), ჰარისონ ბარნსი (გოლდენ სტეიტი), ბრედლი ბილი (ვაშინგტონი), ტრეი ბერკი (იუტა), მაიკლ კარტერ-უილიამსი (ფილადელფია), ენტონი დევისი (ნიუ ორლეანი), ანდრე დრამონდი (დეტროიტი), ტიმ ჰარდუეი (ნიუ იორკი), ტერენს ჯონსი (ჰიუსტონი), დამიენ ლილარდი (პორტლენდი), ვიქტორ ოლადიპო (ორლანდო), კელი ოლინიკი (ბოსტონი), მეისონ პლამლი (ბრუკლინი), ჯარედ სალინჯერი (ბოსტონი), იონას ვალანჩუნასი (ტორონტო), დიონ უეიტერსი (კლივლენდი).

აღვნიშნავთ ახალბედების მატჩში 31 წლის მაკედონიელის, პერო ანტიჩის მონაწილეობას. ის ერთ-ერთი ყველაზე ხანდაზმული მოთამაშე იქნება ამგვარი შეხვედრის 20-წლიან ისტორიაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული