NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ლებრონისა და "მაიამის" დევნა

AutoSharing Option
ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში თანდათან იძაბება ბრძოლა პლეი ოფში უკეთესი განთესვის ნომრისთვის. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ძალიან მოუკლო "ინდიანამ", რომელმაც 13 თებერვალს უპატიებელი შეცდომა დაუშვა, როცა საკუთარ მოედანზე დამარცხდა "დალასთან". მატჩის ანგარიში "ევროპული" იყო - 73:81.

ფრენკ ფოგელის შეგირდებს ასე ცოტა ქულა წლევანდელ სეზონში არ დაუგროვებიათ: მანამდე უარესი შედეგი იყო 82 ქულა ტორონტოში. ამ წაგებით "ინდიანამ" საშუალება მისცა "ოკლაჰომას", მთლიანად ლიგის ლიდერი გამხდარიყო.

ახლა "პეისერსს" აღმოსავლეთში ლიდერობის დაკარგვის უნდა ეშინოდეს. "მაიამიმ", რომელსაც ინდიანაპოლისელებზე მხოლოდ ორით მეტი წაგება აქვს, 13 თებერვალს ძალიან
მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა სტუმრად "გოლდენ სტეიტის" წინააღმდეგ. არადა, ფლორიდელებს ისევ არ ჰყავდათ დუეინ უეიდი.

მატჩის გმირი, რა თქმა უნდა, ლებრონ ჯეიმსი გახდა, რომელიც არა მხოლოდ "ინდიანას" მისდევს, არამედ ბრძოლას უცხადებს კევინ დურანტს MVP-ის ტიტულისთვის. "მეფემ" ოკლენდში კინაღამ სამმაგი დუბლი გაიფორმა (ერთი შედეგიანი პასი დააკლდა). გარდა ამისა, სირენამდე 0.2 წამით ადრე გამარჯვების მომტანი სამქულიანი ჩააგდო! არადა, 14 წამით ადრე სუპერგმირად გრძნობდა თავს სტივენ კარი, როცა ჯარიმასთან ერთად ჩააგდო და "გოლდენ სტეიტი" წინ გაიყვანა - 110:108.

* * *
დიდი ბრძოლა უნდა იყოს აღმოსავლეთში პლეი ოფის ზონაში მოსახვედრად. ამიტომაც თუნდაც "ბრუკლინისთვის" ნებისმიერ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა აქვს. 13 თებერვალს ჯეისონ კიდის გუნდმა ძალიან დამაჯერებლად მოუგო საკუთარ მოედანზე "შარლოტს" - 105:89. მასპინძლების რიგებში საუკეთესო იყო პოლ პირსი, რომელმაც 22 წუთში 25 ქულა დააგროვა. ამასთან, შორი მანძილიდან ხუთიდან ხუთი ჩააგდო.

დიდ ინტერესს იწვევდა დასავლეთის ლიდერების მატჩი. "კლიპერსი" "პორტლენდის" სამეულიდან ამოგდებას ცდილობს და ამიტომაც სჭირდებოდა უშუალო კონკურენტის დამარცხება. კალიფორნიელებმა გუნდური მოქმედების შედეგად შეძლეს "ჯიუტი" "ბლეიზერსის" ძლევა. უნდა აღინიშნოს, რომ მთელი მატჩის განმავლობაში, ლიდერი 40-ჯერ (!) შეიცვალა, მაგრამ, საბოლოოდ, კრის პოლისა და ბლეიკ გრიფინის წყვილმა ძალიან კარგად იმუშავა.

ჯეიმს ჰარდენმა ისევ ითამაშა "ჰიუსტონის" გადამრჩენის როლი. არადა, "როკეტსი" ახლოს იყო საკუთარ მოედანზე "ვაშინგტონთან" მარცხთან. წვერებიანმა სნაიპერმა საჯარიმო ჩააგდო ოთხი წამით ადრე, შემდეგ კი ფარქვეშ შესვლით მშვიდად მოიპოვა ორი ქულა: თამაშის დასრულებამდე 0.7 წამი რჩებოდა. "ჰიუსტონმა" ზედიზედ მე-14 მატჩი მოიგო, როცა მინიმუმ 100 ქულა დააგროვა.

ამასობაში, "ნიუ იორკ ნიქსს" ოვერტაიმის თამაში მოუწია შინ "საკრამენტოს" წინააღმდეგ და წააგო, რადგან კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა ჯიმერ ფრედეტმა (24 ქულა - შედეგიანობის პირადი რეკორდი); აგრეთვე, ბრწყინვალე თამაში აჩვენა დემარკუს კაზინსმა. კარმელო ენტონიმ 36 ქულა დააგროვა, მაგრამ თამაშიდან 16 სროლა ააცილა (28-დან).

დეტროიტში დასანანი მარცხის შემდეგ "სან ანტონიომ" გაილაღა ბოსტონში. ტონი პარკერისა და ტიაგო სპლიტერის გარეშეც, გრეგ პოპოვიჩის შეგირდებმა ძალიან დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწიეს. ლიდერის როლი იტვირთა ტიმ დანკანმა, რომელმაც 25 ქულა დააგროვა და კარგი გაკვეთილი ჩაუტარა "ბოსტონის" ახალგაზრდა ცენტრ სალინჯერს, რომელიც გასულ კვირას აღმოსავლეთის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

2006-07 წლების სეზონის შემდეგ პირველად, "ტორონტო" ლიდერობს ატლანტიკის დივიზიონს "ყველა ვარსკვლავის უქმეებამდე". შვიდი წლის წინ კანადელებმა ეს პირველობა სეზონის ბოლომდე შეინარჩუნეს. "რეპტორზმა" საშინლად დაიწყო "ატლანტასთან" მატჩი, როცა საწყისი 12 ტყორცნიდან 11 ააცილა, მაგრამ დემარ დეროზანის მონდომებით, გადამწყვეტი გაქცევა მესამე მეოთხედში შეასრულა და "ჰოქსს" დანებება მოუწია.

ინდიანა-დალასი 73:81
19:18, 23:25, 20:16, 11:21
ი: ჯორჯ ჰილი (14), სტივენსონი (13+10 მოხსნა).
დ: ელისი (23), ნოვიცეი (18).

მილუოკი-ნ. ორლეანი 98:102
19:25, 30:21, 27:37, 22:19
მ: ნაითი (22), ნილი (18), ილიასოვა (16).
ნ-ო: ე. გორდონი (21), რობერტსი (17), აჟინკა (16).

ორლანდო-მემფისი 81:86
17:24, 17:18, 27:22, 20:22
ო: ვუჩევიჩი (13+10 მოხსნა), ტ. ჰარისი (13).
მ: ზ. რენდოლფი (20), ლი (17).

ტორონტო-ატლანტა 104:83
19:24, 26:20, 33:21, 26:18
ტ: დეროზანი (31), ლოური (16+13 პასი).
ა: აიონი (18+10 მოხსნა), მილსეპი (17).

ბოსტონი-სან ანტონიო 92:104
19:25, 25:33, 22:23, 26:33
ბ: რონდო (16), ოლინიკი (15+10 მოხსნა), ჰემფრიზი (15).
ს-ა: დანკანი (25), დიაო (18), ბელინელი (16+11 მოხსნა+8 პასი), მილზი (16).

ბრუკლინი-შარლოტი 105:89
30:29, 20:15, 35:19, 20:26
ბ: პირსი (25).
შ: კ. უოკერი (16), ჯეფერსონი (12+10 მოხსნა).

დეტროიტი-კლივლენდი 89:93
28:22, 23:18, 15:19, 23:34
დ: ჯოშ სმიტი (18+10 მოხსნა), დრამონდი (16+17 მოხსნა), მონრო (16).
კ: ტ. ტომპსონი (25+15 მოხსნა), ირვინგი (23).

ნიუ იორკი-საკრამენტო 101:106 (ო)
33:22, 21:26, 20:24, 19:21, 8:13
ნ-ი: ენტონი (36+11 მოხსნა), სტაუდმაიერი (20), ჩენდლერი (17+11 მოხსნა).
ს: ფრედეტი (24), გეი (20), ა. ტომასი (20), კაზინსი (19+14 მოხსნა).

ჰიუსტონი-ვაშინგტონი 113:112
38:26, 25:28, 30:36, 20:22
ჰ: ჰარდენი (35), ჰოვარდი (24+16 მოხსნა), პარსონსი (18+12 მოხსნა), ლინი (16).
ვ: არიზა (32+11 მოხსნა), ნენე (21), ბილი (20), უოლი (19+14 პასი).

მინესოტა-დენვერი 117:90
31:19, 30:22, 28:23, 28:26
მ: ლავი (32+11 მოხსნა), ბრიუერი (22), ბარეა (18), რუბიო (11+12 პასი).
დ: ჰემილტონი (16), ჰიქსონი (14+13 მოხსნა).

იუტა-ფილადელფია 105:100
31:22, 25:26, 22:21, 27:31
ი: ბერქსი (26), ჰეივორდი (17), მო უილიამსი (13+14 მოხსნა).
ფ: ტერნერი (21), ტ. იანგი (19), კარტერ-უილიამსი (19), ჰოვსი (16+11 მოხსნა), ანდერსონი (15).

გ. სტეიტი-მაიამი 110:111
20:28, 26:29, 36:27, 28:27
გ-ს: კარი (29), ლი (21+11 მოხსნა), ტომპსონი (17).
მ: ჯეიმსი (36+13 მოხსნა+9 პასი), ბოში (19). ბიზლი (16).

კლიპერსი-პორტლენდი 122:117
31:30, 30:31, 31:34, 30:22
კ: გრიფინი (36+10 მოხსნა), ჯამ. კროუფორდი (25), პოლი (20+12 პასი).
პ: ოლდრიჯი (25), ლილარდი (21), მეტიუზი (15).

პარკერი: კიდევ ხუთი წელი NBA-ში
"სან ანტონიო სპურსის" მცველმა ტონი პარკერმა აღნიშნა, რომ საფრანგეთში აპირებს კარიერის დასრულებას. მისი თქმით, NBA-დან სამშობლოში ის მინიმუმ ხუთი წლის შემდეგ დაბრუნდება.

"არაერთხელ მითქვამს, რომ საფრანგეთში მსურს კარიერის დასრულება,
- მოჰყავს პარკერის სიტყვები Yahoo! Sports-ს. - მაგრამ ჯერ არ შემიძლია იმის თქმა, როდის დავბრუნდები სამშობლოში. ვგრძნობ, მაქვს ძალები იმისთვის, რომ NBA-ში კიდევ რამდენიმე წელი ვითამაშო. იქნებ ეს იყოს ხუთი ან ექვსი წელი".

მიმდინარე სეზონში პარკერმა 47 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ, 17.7 ქულა და 6.2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული