NBA. რეგულარული ჩემპიონატი: დირკი მეათეზე გადავიდა და კობის დაემუქრა

AutoSharing Option
"ლეიკერსთან" რეგულარული ჩემპიონატის მატჩში "დალასის" ფორვარდმა დირკ ნოვიცკიმ 14 ქულა დააგროვა და ამან საშუალება მისცა ლიგის ყველა დროის ბომბარდირთა სიაში ელვინ ჰეიესისთვის გაესწრო. ახლა, გერმანელი შესაბამის სიაში მეათე ადგილზე იმყოფება.

ნოვიცკის მონაგარი NBA-ში 27 322 ქულას შეადგენს და მალე ექნება კიდევ ერთი საფეხურით ზემოთ ასვლის საშუალება - მეცხრე ადგილზე მყოფი დენ ისელის ანგარიშზე 27 482 ქულაა. შეგახსენებთ, რომ დირკი NBA-ის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია ლეგიონერებს შორის.

აღსანიშნავია, რომ მოქმედ კალათბურთელებში ნოვიცკი მხოლოდ კობი ბრაიანტს ჩამორჩება. "ლეიკერსთან" მატჩის შემდეგ გერმანელმა განაცხადა, რომ
კობის შედეგის გაუმჯობესებას აპირებს. როგორც იცით, ამ ცოტა ხნის წინ ბრაიანტმა ასოციაციის საუკეთესო სნაიპერთა სიაში გაუსწრო მაიკლ ჯორდანს და მესამე ადგილზე გადავიდა.

"ვუთხარი კობის, რომ მის დაწევას ვაპირებ. თუმცა ეს რთული იქნება", - განაცხადა ნოვიცკიმ, რომელიც მე-17 სეზონს ატარებს ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში.

ამ მომენტისთვის, დირკსა და კობის შორის სხვაობა 5 ათას ქულას აღემატება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული