NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "სან ანტონიო" ისევ საშიშია

AutoSharing Option
გუშინ გამართული ექვსი მატჩიდან მხოლოდ ერთში გაიმარჯვა სტუმარმა. თანაც, დიდი ანგარიშით და ძალიან დამაჯერებლად, რითაც მიანიშნა, რომ "ოკლაჰომას" კევინ დურანტის გარეშე პლეი ოფში არაფერი ესაქმება.

"თანდერი" თითქოს ციდან მიწაზე დაანარცხეს. თუ ბოლო პერიოდში გუნდი მეორე სუპერვარსკვლავის, რასელ უესტბრუკის ხარჯზე გადიოდა ფონს, უკანასკნელი მატჩები სკოტ ბრუქსის შეგირდებმა აშკარად ჩააგდეს - "სან ანტონიოსთან" მარცხი ზედიზედ მეოთხე და ბოლო შვიდ მატჩში მეექვსე იყო. შედეგად, "ოკლაჰომა", რომელიც ბოლო კვირის განავლობაში ინარჩუნებდა მერვე პოზიციას, გავარდა პლეი ოფის ზონიდან.

"სან ანტონიომ" კი, როგორც მას ჩვევია, გაზაფხულზე
ფანტასტიკური ტემპი აკრიფა. გუშინდელ მატჩში მოგება ზედიზედ მერვე იყო გრეგ პოპოვიჩის გუნდისთვის, ხოლო 2014 წლის ფინალური სერიის საუკეთესო მოთამაშემ, კავაი ლეონარდმა ბოლო სამ დღეში მეორედ გაიმეორა შედეგიანობის პირადი რეკორდი (26 ქულა), თანაც, ორივეჯერ 24 წუთში.

ნუ მოგატყუებთ "სპურსის" მეექვსე ადგილი დასავლეთში. მეორე ადგილზე მყოფ "ჰიუსტონს" მოქმედი ჩემპიონი მხოლოდ ორი მოგებით ჩამორჩება. ასე რომ, რეგულარული ჩემპიონატის ბოლომდე დარჩენილ რვა დღეში, შესაძლოა, ბევრი რამ შეიცვალოს.

* * *
თუმცა ამ რვა დღეში ერთი რამ ნამდვილად არ შეიცვლება - დასავლეთ კონფერენციისა და მთლიანად რეგულარულის ჩემპიონი "გოლდენ სტეიტია". როგორც ჩანს, როცა ამ გუნდმა საკუთარი მოედნის უპირატესობა გაინაღდა პლეი ოფის ყველა სერიაში, მცირე დასვენების აღება გადაწყვიტა და ზედიზედ 12-მატჩიანი მოგებათა სერიის შემდეგ ორჯერ წააგო - ჯერ "სან ანტონიოსთან" და გუშინ "ნიუ ორლეანთან".

"პელიკანებთან" შეხვედრაში "მეომრებმა" პირველ ტაიმში 11:0 გაქცევა განახორციელეს და დიდი შესვენებისთვის 12 ქულით დაწინაურდნენ, მაგრამ მეორე ტაიმში გაიბრწყინა "ნიუ ორლეანის" ლიდერმა ენტონი დევისმა. მან ჯამში 29 ქულა დააგროვა, რომელთაგანაც 23 მეორე ნახევარზე მოდის. ამ მოგებით "პელიკანსმა" მერვე ადგილზე გადაინაცვლა.

* * *
ისტორიული მიღწევა დააფიქსირა "ლოს ანჯელეს კლიპერსმა". მან ზედიზედ მეშვიდედ (!) დაამარცხა თანაქალაქელი "ლეიკერსი". გაამართლა "კლიპერსის" მთავარი მწვრთნელის, დოკ რივერსის სვლამ. როგორც კი მან გუნდი ჩაიბარა, მაშინვე მოითხოვა, "სტეიპლს ცენტრში" საშინაო მატჩებზე "ლეიკერსის" საჩემპიონო ბანერები საკუთარი გუნდის მოთამაშეების გიგანტური ფოტოებით დაეფარათ.

ცნობისთვის, ასეთი ბანერი 16 ცალია! და ახლა, როცა ისინი თვალებში აღარ ხვდებათ "კლიპერსის" მოთამაშეებს, მათ აღარ ეშინიათ სახელოვანი თანამემამულეების. წელს რივერსის შეგირდებმა ოთხიდან ოთხი მატჩი მოუგეს "ლეიკერსს", თანაც, ბოლო ორი - 48 საათის განმავლობაში.

ატლანტა-ფინიქსი 96:69
24:17, 28:26, 17:13, 27:13
ა: კეროლი (16+6 მოხსნა), მუსკალა (16+7 მოხსნა+4 ჩაჭრა), ტიგი (16), ჰორფორდი (14+5 მოხსნა).
ფ: ჯ. გრინი (15).

მაიამი-შარლოტი 105:100
28:25, 27:30, 27:20, 23:25
მ: დრაგიჩი (28+5 პასი), დენგი (21+6 მოხსნა), უეიდი (19+5 პასი), უაიტსაიდი (12+8 მოხსნა).
შ: ჰენდერსონი (29), უოკერი (17+3 ჩაჭრა), მორ. უილიამსი (15+5 მოხსნა), ბიიომბო (12+12 მოხსნა+4 დაფარება), მარვ. უილიამსი (8+13 მოხსნა).

ნიუ ორლეანი-გ. სტეიტი 103:100
19:27, 24:28, 36:23, 24:22
ნ-ო: დევისი (29+10 მოხსნა+4 დაფარება), პონდექსტერი (20), ევანსი (12+6 მოხსნა+9 პასი+4 ჩაჭრა), ანდერსონი (12+9 მოხსნა), გორდონი (11), აშიქი (6+10 მოხსნა).
გ-ს: კარი (25+6 მოხსნა+9 პასი), გრინი (24+14 მოხსნა), ბოგუტი (8+8 მოხსნა+9 დაფარება).

ოკლაჰომა-სან ანტონიო 88:113
10:29, 31:34, 16:25, 31:25
ო: უესტბრუკი (17+6 ჩაჭრა), ლემბი (11), უეიტერსი (10), ჯონსი (10).
ს-ა: ლეონარდი (26+3 ჩაჭრა), დანკანი (12+9 მოხსნა+4 დაფარება), ბელინელი (12), ბეინსი (10), მილსი (10), ჯინობილი (10).

საკრამენტო-მინესოტა 116:111
23:31, 31:18, 36:25, 26:37
ს: გეი (33+7 მოხსნა+5 პასი), კასპი (31+5 მოხსნა), დ. უილიამსი (18+8 მოხსნა), მაკალუმი (13+9 მოხსნა).
მ: მარტინი (37+5 მოხსნა+8 პასი), უიგინსი (26+8 მოხსნა), ლავინი (21+5 მოხსნა+11 პასი), ბადინგერი (13+6 მოხსნა).

კლიპერსი-ლეიკერსი 105:100
23:21, 27:18, 26:30, 29:31
კ: გრიფინი (27+7 მოხსნა+6 პასი), რედიკი (27), პოლი (19+5 მოხსნა+10 პასი), ჯორდანი (8+17 მოხსნა+3 დაფარება).
ლ: კლარკსონი (20+6 პასი), ბლეკი (16+9 მოხსნა), ჯონსონი (15+6 მოხსნა), დევისი (7+11 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული