NBA: თავსახვევით სხვა ლებრონია

AutoSharing Option
ბოლო რვა წლის განმავლობაში ლებრონ ჯეიმსის გუნდებს არასოდეს წაუგიათ პლეი ოფის სერიის პირველი ორი მატჩი. "ჩიკაგოსთან" მეორე შეხვედრაში ეს სერია გაგრძელდა.

ლებრონ ჯეიმსი სამი საათით ადრე მივიდა არენაზე, ჩვეული თავსახვევი დაიბრუნა და მიმდინარე პლეი ოფში თავისი საუკეთესო თამაში აჩვენა. და ეს დამაჯერებლობა სხვა "კავალერებსაც" გადაედოთ. მაგალითად, რეზერვისტმა ჯეიმს ჯონსმა ხუთი სამქულიანი ჩააგდო. სასტარტო ხუთეულის წარმატებული როტაცია მოახდინა დევიდ ბლატმა, რომელმაც მაიკ მილერი ტრისტან ტომპსონით შეცვალა. ამ უკანასკნელმა 12 მოხსნით დაასრულა შეხვედრა. ლებრონი მესამე ნომრის პოზიციაზე დაბრუნდა, რაც მისთვის უფრო მოსახერხებელია,
ვიდრე მძიმე ფორვარდის პოზიცია.

მასპინძლებმა შესანიშნავად დაიწყეს შეხვედრა და მეტოქეს იმის გააზრების საშუალება არ მისცეს, რომ ნამდვილ განადგურებას ჰქონდა ადგილი. "კლივლენდი" 13:2 გაიქცა, პირველ მეოთხედში კი სხვაობა 22 ქულამდე გაიზარდა. მეორე ტაიმის დასაწყისში, როცა "კავალიერზის" უპირატესობამ 25 ქულას მიაღწია, "ბულზმა" 14:0 გაქცევა შეასრულა.

ისე ჩანდა, რომ დერიკ როუზის, ჯიმი ბატლერისა და პაუ გასოლის სპურტს შეხვედრისთვის ინტრიგა უნდა დაებრუნებინა, მაგრამ საქმეში ჩაერთო ლებრონი, ჯეიმს ჯონსმა კი ზედიზედ ორი სამქულიანი ჩააგდო. მასპინძლებმა ამ მატჩში მოაგვარეს გასოლის პრობლემა - არ მისცეს მას იოლად სროლის საშუალება, როგორც ეს პირველ შეხვედრაში იყო. საბოლოოდ, ესპანელმა 11 ქულა და მხოლოდ ოთხი მოხსნა დააგროვა.

მეოთხედის ბოლოს ტომ ტიბოდოს გუნდის მონდომებამ იკლო და მასპინძლებმა დაიბრუნეს 16-ქულიანი უპირატესობა. მეოთხე 12-წუთეულის პირველ რვა წუთში "ხარებმა" მხოლოდ ორი ზუსტი ტყორცნა შეასრულეს, "კავალერების" უპირატესობა კი 23 ქულამდე გაიზარდა. ისევ კარგი იყო შორეული ტყორცნებისას შამპერტი - ხუთი სამქულიანი მოათავსა კალათში, თუმცა საზარდულის ტრავმა მიიღო.

"კლივლენდმა" პერიმეტრიდან 12 ბურთი ჩააგდო 46-პროცენტიანი სიზუსტით. "ბულზმა" დიდი გაჭირვებით გადალახა 40-პროცენტიანი ნიშნული, 12 შეცდომა დაუშვა, რაც 20 ქულად დაუჯდა. მატჩის შემდეგ ტიბოდომ აღნიშნა, რომ როუზმა უფრო აგრესიულად უნდა იმოქმედოს. დერიკმა გუშინ 10 შედეგიანი პასი შეასრულა, მაგრამ თამაშიდან მხოლოდ ექვსი ბურთი ჩააგდო და ზედიზედ მესამე მატჩია ერთი საჯარიმოც არ შეუსრულებია.

კლივლენდი-ჩიკაგო 106:91
38:18, 26:27, 23:26, 19:20
კ: ჯეიმსი (33+8 მოხსნა+5 პასი), ირვინგი (21), ჯონსი (17), შამპერტი (15+7 მოხსნა+3 ჩაჭრა), ტომპსონი (5+12 მოხსნა).
ჩ: ბატლერი (18), როუზი (14+7 მოხსნა+10 პასი), გასოლი (11), გიბსონი (11).
სერია: 1-1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული