NBA: "გოლდენ სტეიტი" ისევ ფავორიტი გახდა

AutoSharing Option
გუშინდელ სათამაშო დღეს კიდევ ერთმა გუნდმა წააგო შინ პირველი შეხვედრა. "მემფისი", რომელიც ბოლო დროს საშინლად თამაშობს მეოთხე მატჩებს, უშანსოდ იყო "გოლდენ სტეიტის" წინააღმდეგ. ზედიზედ მეოთხედ და მესამედ საკუთარ მოედანზე "გრიზლისმა" დათმო შვიდმატჩიანი სერიის მეოთხე შეხვედრა.

ყველაფერი, ფაქტობრივად, პირველ ტაიმში გადაწყდა. სტუმრებმა პირველ 12-წუთეულში 16:6 გაქცევა მოახერხეს, დიდი შესვენებისთვის კი 17 ქულამდე აიყვანეს უპირატესობა.

გასაგებია, რომ ასეთი სხვაობის გაბათილება "გოლდენ სტეიტსაც" შეუძლია 24 წუთის განმავლობაში, მაგრამ ამჯერად ეს ნაკლებად იყო მოსალოდნელი, რადგან სტივენ კარიმ, კლეი ტომპსონმა და დრეიმონდ გრინმა აშკარად დაიჭირეს
საკუთარი თამაში. ამ ტრიომ ჩააგდო სერიის მეორე და მესამე მატჩი, მაგრამ გუშინ "მემფისის" მხრიდან ზეწოლა სუსტი იყო და თან შეტევაში არ წაუვიდათ თამაში მაიკლ კონლის, მარკ გასოლსა და ზაკ რენდოლფს.

საკმარისია აღინიშნოს, რომ სამწამიანიდან "მემფისმა" 39-პროცენტიანი სიზუსტე აჩვენა - ყველაზე ცუდი მიმდინარე სეზონში. ბუნებრივია, ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ქამბექი შეუძლებელი იყო.

დიდი შესვენების შემდეგ "უორიორზის" უპირატესობა 26 ქულასაც აღწევდა. მეორე და მესამე მეოთხედებში იორგერის გუნდის სროლების სიზუსტე 37 პროცენტზე ზემოთ არ ადიოდა. არ იყო ტემპი და ბალანსი თამაშში. "გოლდენ სტეიტმა" ჯამში 21 შეცდომა დაუშვა, მაგრამ "მემფისმა" ეს მომენტი ვერ გამოიყენა და მხოლოდ 17 ქულა აიღო. თავად კი 16 შეცდომა ჰქონდა, რაც სტუმრებმა 18 ქულაში გარდასახეს. სირენამდე სამი წუთით ადრე იორგერმა სასტარტო ხუთეულის წევრები სათადარიგოთა სკამზე დასვა, რადგან მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო.

2013 წლის ნოემბრიდან მოყოლებული, "გოლდენ სტეიტს" არ წაუგია ზედიზედ სამი მატჩი და ისევ ფავორიტი გახდა სერიაში. მეხუთე მატჩი ამ გუნდის მოედანზე გაიმართება და ნაკლებად წარმოსადგენია, რომ უორიორზმა", რომელმაც მიმდინარე სეზონში მხოლოდ სამი მატჩი წააგო შინ, ზედიზედ მეორე შეხვედრა დათმოს საშინაო არენაზე.

მემფისი-გ. სტეიტი 84:101
20:28, 24:33, 20:21, 20:19
მ: მ. გასოლი (19+10 მოხსნა+6 პასი), რენდოლფი (12+11 მოხსნა), გრინი (11), კონლი (10+7 პასი+3 ჩაჭრა), კარტერი (10+7 მოხსნა).
გ-ს: კარი (33+8 მოხსნა+5 პასი), გრინი (16+10 მოხსნა), ტომპსონი (15), ბარნსი (12+6 მოხსნა), იგუოდალა (11), ბოგუტი (4+9 მოხსნა+3 დაფარება).
სერია: 2-2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული