NBA. პლეი ოფი: ლებრონი ფინალისკენ მიდის

AutoSharing Option
სერიის მეხუთე მატჩში ბაზერ-ბიტერი საჭირო არ გახდა, თუმცა ბოლო წუთებმა დაძაბულ ბრძოლაში ჩაიარა.

ისევე, როგორც ორი დღის წინანდელ მატჩში, "ჩიკაგოს" აკლდა პაუ გასოლი. მისი ადგილი სასტარტოში კვლავ ტაჯ გიბსონმა დაიკავა. რაც შეეხება "კლივლენდს", მის რიგებში ისევ ტრავმით მოქმედებდა კაირი ირვინგი.

ამის მიუხედავად, მცველმა თითქმის 40 წუთი დაჰყო მოედანზე და შესანიშნავი სტატისტიკაც ჰქონდა: 25 ქულა (თამაშიდან - 9/16, სამქულიანები - 3/6) და 5 პასი. მაგრამ ეს მაჩვენებლები არაფერია ლებრონ ჯეიმსის სტატისტიკასთან, რომელმაც, როგორც იქნა, საჩემპიონო თამაში აჩვენა. სერიის პირველ ოთხ მატჩში
36-პროცენტიანი სიზუსტისა და მეოთხე შეხვედრაში 6 შეცდომის შემდეგ, გუშინ "კავალიერზის" ლიდერმა 24-დან 14 ტყორცნა გამოიყენა, ერთხელაც არ დაკარგა ბურთი და მაიკლ ჯორდანს გაუთანაბრდა პლეი ოფში ისეთი მატჩების რაოდენობით, როცა მინიმუმ 30 ქულას, 5 მოხსნასა და 5 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.

ფორვარდი განსაკუთრებით ეფექტური პირველ ტაიმში იყო. ლებრონზე 24 ქულა (10/12, აქედან 7/8 და 16 ქულა მეორე მეოთხედში) მოდიოდა და მან პრაქტიკულად, მარტომ მოუტანა თავის გუნდს 12-ქულიანი უპირატესობა. თავის მხრივ, "ჩიკაგომ" ისევ კარგად დაიწყო დერიკ როუზის წყალობით, რომელმაც საწყის მეოთხედში 12 ქულა დააგროვა, მაგრამ მეორე მეოთხედში სერიოზული ჩავარდნა იყო - "ხარებმა" მხოლოდ ოთხი ბურთი ჩააგდეს 18-პროცენტიანი სიზუსტით.

მესამე მეოთხედი სტუმრებმა ისევ გაქცევით დაიწყეს და არაერთხელ შეამცირეს სხვაობა ერთ სროლამდე. პასუხად დევიდ ბლატმა საკუთარი გუნდი "დაბალ" ხუთეულზე გადაიყვანა: მეორე ტაიმში მოზგოვი მხოლოდ ორი წუთით გამოჩნდა მოედანზე. ამასობაში, "ჩიკაგომ" სერიოზული დანაკლისი განიცადა - დელავედოვას წინააღმდეგ უხეშობისთვის მოედნიდან გააძევეს ტაჯ გიბსონი.

ინციდენტის შემდეგ "კლივლენდის" უპირატესობა 17 ქულამდე გაიზარდა, რაც ყველაზე დიდი სხვაობა იყო მატჩში, მაგრამ მოულოდნელად თამაშის სურათი შეიცვალა, როცა "ჩიკაგოს" სათადარიგოთა სკამიდან მოედანზე დანლივი დაბრუნდა.

"ხარებმა" 17:4 გაქცევა მოაწყვეს და სირენამდე 1.18 წუთით ადრე სხვაობა ორ ქულამდე შეამცირეს. სპურტს სათავე დაუდო ზუსტმა სამქულიანებმა - ხუთ წუთში სტუმრებმა ექვსიდან ოთხი შორეული ტყორცნა მოათავსეს კალათში, არადა, მანამდე 18-დან 15 სამქულიანი ჰქონდათ აცილებული.

მაგრამ კვლავ, მეტოქესთან მიახლოების შემდეგ "ჩიკაგომ" ბოლო ნაბიჯის გადადგმა ვერ შეძლო. ირვინგის არაზუსტი სამქულიანის შემდეგ "ხარებს" ანგარიშის გათანაბრების შანსი ჰქონდათ, მაგრამ კონტრშეტევაზე როუზის ფარქვეშ შესვლა ჯეიმსმა დაბლოკა. ლებრონს შეეძლო მომდევნო შეტევაში დაესრულებინა ყველაფერი, მაგრამ 23 წამით ადრე არაზუსტად ისროლა, თუმცა მასპინძლებმა ბურთი მოხსნეს და "ჩიკაგოს" ისღა რჩებოდა, შეგნებული ჯარიმა აეღო. ირვინგმა ორივე საჯარიმო ჩააგდო და ამით ყველაფერი დასრულდა.

კლივლენდი-ჩიკაგო 106:101
25:24, 29:20, 26:27, 26:30
კ: ჯეიმსი (38+12 მოხსნა+6 პასი+3 ჩაჭრა+3 დაფარება), ირვინგი (25+5 პასი), შამპერტი (13+7 მოხსნა+3 დაფარება), ტომპსონი (12+10 მოხსნა), სმიტი (12).
ჩ: ბატლერი (29+9 მოხსნა), დანლივი (19), როუზი (16+9 მოხსნა+7 პასი+3 ჩაჭრა), ნოა (10+9 მოხსნა), გიბსონი (10+5 მოხსნა), მიროტიჩი (10).
სერია: 3-2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული