NBA. პლეი ოფი: "ჰიუსტონი" ჯერ ცოცხლობს

AutoSharing Option
ყოველთვის, როცა NBA-ის პლეი ოფის რომელიმე სერიაში ანგარიში 3:0 გახდება, ჟურნალისტები იხსენებენ, რომ ასეთი ჩამორჩენის შემდეგ ისტორიაში არც ერთ გუნდს არ მოუგია სერია. იყო სამი გუნდი, რომელმაც გაათანაბრა ანგარიში, მაგრამ ბოლოს მაინც წააგო მეშვიდე მატჩი.

რთული წარმოსადგენია, "ჰიუსტონმა" ისტორია შეცვალოს, მაგრამ გუშინ ამ გუნდმა მიაგნო გასაღებს - როგორ შეიძლება რეგულარული ჩემპიონის დამარცხება. საიდუმლო შემდეგშია: არ არის საჭირო მთელი ყურადღება გადაიტანო მეტოქის მთავარი ვარსკვლავის, სეზონის MVP-ის სტივენ კარის ნეიტრალიზაციაზე. მთავარია სხვები ჩაკეტო. და, რა თქმა უნდა, თავად ზუსტად ისროლო.

სწორედ ამ
რეცეპტით მოიგო "ჰიუსტონმა" პირველი მეოთხედი, რომელშიც მასპინძლებმა ფენომენალური შედეგიანობა აჩვენეს: ცხრიდან რვა სამქულიანი ჩააგდეს, უფრო ახლო მანძილიდან - 13-დან 9. შედეგად მიიღეს 77 პროცენტი სიზუსტე თამაშიდან და 45 ქულა 12 წუთში. ეს იყო საკლუბო რეკორდის (1980 წელი) გამეორება მეოთხედში შედეგიანობის მხრივ.

საინტერესოა, რომ "როკეტსის" მთავარი ბომბარდირი სასტარტო მეოთხედში ჯეიმს ჰარდენი არ ყოფილა. მცველის ანგარიშზე მხოლოდ ორი ზუსტი ტყორცნა მოდის, სამაგიეროდ, ჯოშ სმიტმა სამივე სამქულიანი სროლა მოათავსა კალათში.

პირველი მეოთხედი "ჰიუსტონმა" 45:22 მოიგო და თითქოს თამაში დამთავრებული იყო. მით უმეტეს, რომ "გოლდენ სტეიტს" მეორე მეოთხედში პრობლემები მოემატა. სტივენ კარი ტრევორ არიზასთვის ხელის შეშლას ცდილობდა და მოედანზე ზურგითა და თავით დაეცა. "უორიორზის" სნაიპერი სასწრაფოდ გასახდელში გაიყვანეს, სადაც მეორე მეოთხედის დარჩენილ დროსა და დიდი შესვენებაზე სამედიცინო პროცედურებს უტარებდნენ, მათ შორის, მრავალრიცხოვან ტესტებს ტვინის შერყევაზე. და მესამე მეოთხედის შუაში კარი მოედანზე დაბრუნდა.

ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ სანამ კარი მოედანზე დაბრუნდებოდა, "გოლდენ სტეიტმა" ანგარიშის შემცირება დაიწყო. გუნდის სნაიპერის როლი კლეი ტომპსონმა მოირგო, რომელმაც ექვს (!) წუთში 16 ქულა დააგროვა და დიდ შესვენებამდე სხვაობა შვიდ ქულამდე დაიყვანა.

მაგრამ თამაშის ბედის საბოლოოდ შემოტრიალების საშუალება "მეომრებს" ჯეიმს ჰარდენმა არ მისცა. ჯერ კიდევ პირველი ტაიმის ბოლოს მან სამქულიანი ჩააგდებინა ჯეისონ ტერის, საპასუხო შეტევაში დაბლოკა ჰარისონ ბარნსის ტყორცნა და სირენასთან ერთად 25.5 (!) მეტრიდან ჩააგდო, მაგრამ არ ჩაუთვალეს - დრო უკვე გასული იყო.

მეორე ტაიმში კი ჰარდენი შეუდარებელი იყო. სწორედ მისი 33 ქულის წყალობით "ჰიუსტონი" ინარჩუნებდა 10-12-ქულიან უპირატესობას და შეამცირა სხვაობა სერიაში. შემდეგი მატჩი "გოლდენ სტეიტის" მოედანზე გაიმართება.

ჰიუსტონი-გ. სტეიტი 128:115
45:22, 24:37, 30:25, 29:31
ჰ: ჰარდენი (45+7 მოხსნა+9 პასი+5 ჩაჭრა), სმიტი (20+6 მოხსნა+5 პასი), არიზა (17+5 მოხსნა), ჰოვარდი (14+12 მოხსნა), ჯონსი (14+5 მოხსნა), ტერი (10+6 მოხსნა).
გ-ს: ტომპსონი (24), კარი (23), გრინი (21+15 მოხსნა+5 დაფარება), ბარნსი (14+5 მოხსნა), იგუოდალა (13+7 მოხსნა+3 ჩაჭრა+3 დაფარება), ბარბოზა (12).
სერია: 1-3

***
- "ვაშინგტონ უიზარდსის" ფორვარდმა პოლ პირსმა, შესაძლოა, უარი თქვას დედაქალაქურ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე და "ლოს ანჯელეს კლიპერსში" გააგრძელოს კარიერა. აღვნიშნავთ, რომ თუ ვეტერანი მაინც დარჩება "უიზარდსში", მომავალ სეზონში 5.5 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

- ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა არ გადაიტანოს ფინალური სერიის სტარტი 2 ივნისისთვის. ასე რომ, სეზონის გადამწყვეტი სერია, როგორც ადრე იყო დაგეგმილი, 4 ივნისს დაიწყება.

- "ჰიუსტონის" 37 წლის მცველი ჯეისონ ტერი არ აპირებს კარიერის დასრულებას. კალათბურთელმა განაცხადა, რომ თავს შესანიშნავად გრძნობს და მზად არის მომავალ სეზონშიც დაეხმაროს გუნდს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული