NBA: ლამარკუს ოლდრიჯი "სან ანტონიოშია"

AutoSharing Option
თავისუფალი აგენტების ბაზარზე ყველაზე სასურველმა მოთამაშემ, "პორტლენდის" სუპერვასკვლავმა ლამარკუს ოლდრიჯმა "სან ანტონიო სპურსში" გადაწყვიტა კარიერის გაგრძელება. "ბედნიერი ვარ გაცნობოთ, რომ შინ ტექსასში ვბრუნდები და "სპურსის" შემადგენლობაში ვითამაშებ. ბედნიერი ვარ შევუერთდე ამ გუნდს და ახლოს ვიყო ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან", - დაწერა საკუთარ "ტვიტერზე" ოლდრიჯმა.

პრესის ცნობით, ფორვარდი "სან ანტონიოსთან" ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს და ჯამში 80 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. ოლდრიჯი მეექვსე მოთამაშე გახდა, ვინც გასული სეზონის შემდეგ "პორტლენდი" დატოვა. მანამდე ეს გააკეთეს სტივ ბლეიკმა, რობინ ლოპესმა, უესლი მეტიუზმა, ნიკოლა ბატუმმა და
აარონ აფლალომ.

ლამარკულ ოლდრიჯი 2014-15 წლების სეზონში საშუალოდ 23.4 ქულასა და 10.2 მოხსნას აგროვებდა.

* * *
ოლდრიჯის გადაბირების გარდა, "სან ანტონიოს" ფანებმა კიდევ ორი კარგი ამბავი შეიტყვეს. "სპურსის" რიგებში ერთი წლით დარჩა და NBA-ში თავის მე-19 სეზონს ჩაატარებს ტიმ დანკანი.

"როგორც იქნა, პოპოვიჩთან შეხვედრის საშუალება მივიღე. მომავალ სეზონში ვითამაშებ", - განაცხადა დანკანმა My San Antonio-თან ინტერვიუში. ტიმის სტატისტიკა გასულ რეგულარულში 13.9 ქულა და 9.1 მოხსნა იყო. პლეი ოფში ეს მაჩვენებლები გაიზარდა - 17.9 ქულა და 11.1 მოხსნა.

შეგახსენებთ, რომ "სან ანტონიო" უკვე მოელაპარაკა კონტრაქტის გაგრძელებაზე კავაი ლეონარდს (90 მილიონი ხუთ წელიწადში) და დენი გრინს (45 მილიონი ოთხი წელიწადში).

მეორე კარგი ამბავი ის არის, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი გრეგ პოპოვიჩი არ აპირებს მიმდინარე კონტრაქტის ბოლომდე კლუბის დატოვებას და 2019 წლის ზაფხულამდე დარჩება "სპურსში". პოპოვიჩმა 5-წლიანი კონტრაქტი კლუბთან გასულ წელს გააფორმა.

* * *
ასევე გასულ უქმეებზე გაირკვა, რომ "სან ანტონიოს" ტოვებს მარკო ბელინელი. იტალიელმა უკვე შეათანხმა "საკრამენტო კინგზთან" სამწლიანი და 19-მილიონიანი კონტრაქტი.

ბელინელი მეორე კალათბურთელია ბრაზილიელი ტიაგო სპლიტერის შემდეგ, რომელიც "სპურსის" რიგებს ტოვებს. გასულ სეზონში იტალიელის შედეგიანობა 9.2 ქულას უდრიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული