NBA: დევიდ უესტს "ინდიანა" აღარ უნდა

AutoSharing Option
- "მემფის გრიზლისის" ცენტრმა მარკ გასოლმა თავის ამჟამინდელ კლუბთან ახალი ხუთწლიანი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა. ხუთი სეზონის სანაცვლოდ ესპანელი კალათბურთელი 110 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. უმცროსი გასოლის წინა ხელშეკრულება, რომელსაც ამ ზაფხულს ამოეწურა ვადა, ოთხწლიანი და 58-მილიონიანი იყო.

გასულ სეზონში 30 წლის ესპანელი საშუალოდ 17.4 ქულას, 7.8 მოხსნასა და 3.8 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.

- ფორვარდმა დევიდ უესტმა უარი თქვა "ინდიანა პეისერსთან" კონტრაქტის ბოლო წელზე და "სან ანტონიო სპურსთან" ვეტერანის მინიმალური ხელშეკრულება გააფორმა. 34 წლის კალათბურთელმა მართლაც უცნაური გადაწყვეტილება მიიღო: 2015-16 წლების სეზონში
"ინდიანაში" 12 მილიონ დოლარს გამოიმუშავებდა, მან კი "სან ანტონიოში" 1.4 მილიონი დოლარი ამჯობინა, რათა NBA-ის ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლის საშუალება მიეღო.

შაარშანდელ სეზონში უესტის სტატისტიკა 11.7 ქულა, 6.8 მოხსნა და 3.4 შედეგიანი პასი იყო.

- თავისუფალი აგენტის რანგში მყოფმა მო უილიამსმა ორწლიან კონტრაქტზე მიაღწია შეთანხმებას "კლივლენდ კავალიერზთან". 32 წლის მოთამაშის ხელშეკრულების ღირებულება 4.3 მილიონ დოლარს შეადგენს.

უილიამსი 2008-11 წლებში გამოდიოდა "კავალიერზში", ხოლო მისი ბოლო კლუბი "შარლოტ ჰორნეტსი" იყო.

- მანუ ჯინობილიმ მეხუთე საჩემპიონო ტიტულისთვის ბრძოლა გადაწყვიტა. არგენტინელმა ვეტერანმა საკუთარ "ტვიტერზე" დაწერა, რომ არ აპირებს კარიერის დასრულებას და კიდევ ორი წლით რჩება "სან ანტონიოში".

მომავალი სეზონი მე-14 იქნება 37 წლის ჯინობილისთვის ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში. NBA-ში მას მხოლოდ "სპურსის" რიგებში უთამაშია. გასულ სეზონში მანუ თავის გუნდს საშუალოდ 10.5 ქულით, 4.2 შედეგიანი პასითა და 3.0 მოხსნით ეხმარებოდა.

- "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ხელმძღვანელობა კონტრაქტზე მოელაპარაკა ფორვარდ ბრენდონ ბასს. ხელშეკრულების დეტალები ჯერჯერობით უცნობია და დამოკიდებულია კალიფორნიული კლუბის სხვა გარიგებებზე.

ბასი უკვე ათი წელია ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში გამოდის, ბოლო ოთხი წელი კი "ბოსტონის" შემადგენლობაში გაატარა. გასულ სეზონში მისი საშუალო მაჩვენებლები 10.6 ქულა და 4.9 მოხსნა იყო, რაც მის კარიერულ სტატისტიკაზე უკეთესია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული