NBA: მათ ჩემპიონობა უნდათ...

AutoSharing Option
პროფესიული სპორტის კანონია: ჩემპიონობაზე ზრუნვა სეზონის სტარტამდე დიდი ხნით ადრე იწყება. სანამ მოთამაშეები და მწვრთნელები ისვენებენ, მათი აგენტები და კლუბების მენეჯერები აქტიურ მოღვაწეობას იწყებენ თავისუფალი აგენტების ბაზარზე და ახალბედებთან მიმართებაში.

და ამ ფრონტზეც არიან გამარჯვებულები, რომლებიც მიანიშნებენ მეტოქეებს საკუთარი ამბიციების შესახებ. დღეს ლიგაში რამდენიმე კლუბია, რომლებსაც ყველაზე მეტად სურთ ჩემპიონობის მოპოვება. მათ ან საკუთარი ლიდერები შეინარჩუნეს ან ვარსკვლავი თავისუფალი აგენტი აიყვანეს.

გოლდენ სტეიტი
მთავარი შენაძენი: დრეიმონდ გრინი
კალათბურთელმა, რომელიც მოკლე დროში გახდა ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი და კარგი უნივერსალი, კალიფორნიელებთან
ახალი კონტრაქტი გააფორმა და შეინარჩუნა ჩემპიონების საბრძოლო შემადგენლობა. მეტს "მეომრებისგან" არც ითხოვდნენ - მათ ისედაც ღრმა და მძლავრი გუნდი ჰყავთ. "გოლდენ სტეიტმა" თავის თავს იმის უფლებაც კი მისცა, რომ დევიდ ლი "ბოსტონში" გაუშვა და მოიშორა მისი სოლიდური კონტრაქტი.

ლოს ანჯელეს კლიპერსი
მთავარი შენაძენი: პოლ პირსი
ამ ზაფხულს, კლუბის მთავარი მიღწევა სულაც არ არის დეანდრე ჯორდანის შენარჩუნება. მართალია, "დალასის" მფლობელმა მარკ ქიუბანმა ცენტრს ისეთი კალათბურთელი უწოდა, რომლის გარშემოც შეიძლება საჩემპიონო გუნდის აწყობა, მაგრამ ჯორდანი კარგია მხოლოდ დაცვაში, შეტევაში კი დამოკიდებულია კრის პოლსა და ბლეიკ გრიფინზე.

მიუხედავად ამისა, დეანდრემ კარიერაში ყველაზე მსხვილ კონტრაქტს გამოკრა ხელი და მისალოცად აქვს საქმე, მაგრამ მას ვერ ვუწოდებთ "კლიპერსის" ყველაზე მნიშვნელოვან შენაძენს.

ეს იმიტომ, რომ გუნდში მივიდნენ პოლ პირსი და ლენს სტივენსონი. ამ უკანასკნელზე 2014-ში ამბობდნენ, რომ მალე სამმაგი დუბლების შეგროვებას დაიწყებდა და ლებრონ ჯეიმსს გაუთანაბრდებოდა.

მაგრამ, სტივენსონმა ცოტა ხანი გაიბრწყინა "ინდიანაში" და ისიც იმის წყალობით, რომ კარგი პარტნიორები ჰყავდა, "შარლოტში" კი ასე არ იყო და ლენსიც დაიკარგა.

მაგრამ, ახლა, მას გვერდით ჰყავს პოლ პირსი. ვეტერანმა ფორვარდმა და ბრძენმა დოკ რივერსმა უნდა აუხსნან სტივენსონს - რისი გაკეთება შეიძლება და რისი - არა. "ცუდი ბიჭი" სტივენსონი ისევ კარგ წრეში მოხვდა და ამით "კლიპერსმა" უნდა მოაგვაროს მესამე ნომრის პრობლემა. ახლა, აქ არის პირსი, რომელმაც შეინახავენ პლეი ოფის მატჩების ბოლო წუთებისთვის, არის სტივენსონი, რომელსაც ორივე ფლანგურ პოზიციაზე შეუძლია თამაში. მაგრამ, რომ არ გაგიჟდეს, ამისთვის პირსის მეთვალყურეობა სჭირდება.

კალიფორნიულ კლუბს სჭირდებოდა გასახდელის ლიდერი და კალათბურთელი, რომელიც გადაეფარება თანაგუნდელებს გადამწყვეტ მომენტში და რომელიც არ დაუშვებს "ჰიუსტონთან" სერიის მეხუთე მატჩს.

და ყველაფერთან ერთად, "კლიპერსმა" "ჰიუსტონს" წაართვა ჯოშ სმიტი. კლუბის მფლობელს სტივ ბალმერს ტიტული უნდა.

კლივლენდ კავალიერზი
მთავარი შენაძენი: მო უილიამსი
კევინ ლავისა და ლებრონ ჯეიმსის შენარჩუნება მთავარი მიღწევა არ არის? არა, რადგან ისინი არც აპირებდნენ წასვლას.

კლუბმა ყველა მნიშვნელოვანი მოთამაშე შეინარჩუნა, რისთვისაც დიდი ფული გადაიხადა. ერთადერთი შენაძენი გახდა - მო უილიამსი, რომელიც სასარგებლო იქნება პირველი ნომრის პოზიციაზე მეტ დელავედოვასთან ერთად. თან ის გააძლიერებს სათადარიგოთა სკამს.

სან ანტონიო
მთავარი შენაძენი: ლამარკუს ოლდრიჯი

"სპურსმა" ისევ ვერ მოიგო ზედიზედ ორი ტიტული და ახლა, დაკარგული ბეჭდების დაბრუნების დრო მოვიდა. "სან ანტონიო" დაბრუნდება ისეთი ძლიერი, როგორიც არასდროს ყოფილა. სტივ კერმა იხუმრა კიდეც - გრეგ პოპოვიჩს NBA-ში არაფერი ესაქმება, თუ ასეთი შემადგენლობით ჩემპიონობას ვერ მოიგებსო. მაგრამ ყველა ხუმრობაშია სიმართლის ნატამალი. და "გოლდენ სტეიტის" მთავარი მწვრთნელის მინიშნება გასაგებია: "სან ანტონიო" ძალიან ძლიერია.

NBA-ის ყველაზე ჩუმი, მშვიდი და შეუმჩნეველი სუპერვარსკვლავი ლამარკუს ოლდრიჯი - იდეალური ვარიანტია პოპოვიჩის გუნდისთვის. კარგი ბიჭი კარგი ხასიათით და დიდი შესაძლებლობებით. გუნდური მოთამაშე. ლამარკუსი "სპურსს" ყველანაირად ერგება.

გასული სეზონის მეორე ნახევარში, ოლდრიჯი მარტო მიათრევდა "პორტლენდს". "სან ანტონიოში" მას არ მოუწევს მეორე რაუნდზე ოცნება, არამედ დიად მოთამაშეებთან ერთად იბრძოლებს ტიტულისთვის.

არის კიდევ დევიდ უესტი, რომელმაც ჩემპიონობის შანსის სანაცვლოდ. უარი თქვა "ინდიანაში" გარანტირებულ 12 მილიონზე. მძლავრი სათადარიგოთა სკამი კიდევ უფრო გაძლიერდა. მართალია, არაპროგრესირებადი ტიაგო სპლიტერი გაუშვეს, სამაგიეროდ, მანუ ჯინობილიმ არ დაასრულა კარიერა, ბორის დიაო ადგილზეა, დენი გრინმა გაახანგრძლივა კონტრაქტი.

ტიმ დანკანი თავისი ბოლო ტიტულისთვის მძლავრი შეაირაღებით გაილაშქრებს. გუნდში სრული გადახალისება მიმდინარეობს. სულ მალე, "სპურსში" სხვები იქნებიან პირველ პლანზე: ლეონარდი, ოლდრიჯი, გრინი... მაგრამ 2015-16 წლების სეზონში, "სან ანტონიოს" სურს ადგილობრივი ლეგენდა და სიმბოლო სათანადოდ გააცილონ - მეექვსე ბეჭდით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული