მაიკლ ჯორდანი: ლებრონ ჯეიმსს ერთი ერთზე მოვუგებდი

AutoSharing Option
ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელი მაიკლ ჯორდანი კალიფორნიის შტატის ქალაქ სანტა ბარბარაში მოწყობილ საკუთარ საწვრთნელ ბანაკში არა მხოლოდ თავის უდიდეს გამოცდილებასა და ოსტატობას უზიარებს ახალგაზრდებს, არამედ ძველ დროსაც იხსენებს და საკმაოდ უხერხულ კითხვებს პასუხობს. ESPN-ის მიერ ორგანიზებულ ინტერვიუში "ჩიკაგო ბულზის" ლეგენდა მეტად გულახდილია...

- ერთი მატჩის თამაშის საშუალება რომ გქონდეთ, ვის ისურვებდით მწვრთნელად - დინ სმიტს თუ ფილ ჯექსონს?
- სმიტს. საბედნიეროდ, სწორედ ის დამეხმარა იმ მოთამაშედ ჩამოყალიბებაში, როგორიც კარიერის განმავლობაში ვიყავი. ფილს გაუმართლა, რომ სწორედ დინ სმიტმა მასწავლა კალათბურთის თამაში.

- როგორ გრძნობდით თავს 1991 წელს, როცა "დეტროიტის" მოთამაშეებმა დატოვეს მოედანი აღმოსავლეთის ფინალური სერიის ბოლო მატჩის შემდეგ? იმ სერიაში თქვენმა გუნდმა 4:0 გაიმარჯვა.
- შესანიშნავად. ვგრძნობდი, რომ სერიოზულ წარმატებას მივაღწიეთ. გავანადგურეთ "პისტონზი" და ამ გუნდის მოთამაშეებს, როგორც ჩანს, შერცხვათ საკუთარი თამაშის. მომეჩვენა, რომ ისინი არასწორად მოიქცნენ, მათი მოქმედება არ შეესაბამებოდა ამ დონის ტურნირს. არავის ვურჩევ ასე მოიქცეს. წაგებაც და მოგებაც ღირსეულად უნდა მიიღოთ. როგორც არ უნდა გძულდეთ მარცხი, არ გახვიდეთ სირენის შემდეგ მოედნიდან. ეს არ არის ჯენტლმენური საქციელი.

- ვინ არის ტრეშ-ტოკის (მეტოქის მისამართით შეურაცხმყოფელი გამონათქვამი, რომლის მიზანი ოპონენტის წყობიდან გამოყვანაა - რედ.) მთავარი მოყვარული, ვის წინააღმდეგაც ოდესმე გითამაშიათ?
- ალბათ, ლარი ბერდი. მას ბევრი ლაპარაკი უყვარდა და ამას ხშირად აკეთებდა. თანაც, ეს იყო არა ბინძური, არამედ პოზიტიური ტრეშ-ტოკი.

- რა იფიქრეთ მაშინ, როცა შაკილ ო'ნილმა განაცხადა - "ლეიკერსის" ყველა დროის ნაკრები გაანადგურებდა "ჩიკაგოს" ყველა დროის გუნდს?
- ეს განცხადება ჩვეულებრივ სიტყვებად აღვიქვი. საკამათო საკითხია და მასზე პასუხს ვერასოდეს გავიგებთ. ბუნებრივია, მიმაჩნია, რომ ჩვენ გავანადგურებდით "ლეიკერსს", შაკი კი საპირისპიროს ამტკიცებს. გულშემატკივრებმა თავად გადაწყვიტონ - ვინ არის მართალი.

- დაასახელეთ ყველაზე დასამახსოვრებელი არაოფიციალური მატჩი, რომელშიც მონაწილეობა მიგიღიათ...
- რა თქმა უნდა, აშშ-ის ნაკრების ორმხრივი საწვრთნელი შეხვედრა 1992 წლის ოლიმპიადისთვის მზადებისას. ჩემს გუნდში იყვნენ სკოტი პიპენი, პატრიკ იუინგი, ლარი ბერდი და კრის მალინი. ვთამაშობდით მეჯიქ ჯონსონის, კლაიდ დრექსლერის, ჩარლზ ბარკლისა და დევიდ რობინსონის წინააღმდეგ. ისინი გავანადგურეთ.

(შენიშვნა: ჯერ ერთი, ჯორდანს არ დაუსახელებია მეტოქის რიგებში მეხუთე კალათბურთელი. ეს შეიძლებოდა ყოფილიყო ჯონ სტოქტონი, კარლ მელოუნი ან კრისტიან ლეიტნერი. ასევე არსებობს ვარაუდი, რომ მაიკლი ლაპარაკობს საწვრთნელ მატჩზე, რომელსაც გამოცემა Sports Illustrated-მა დიდი ყურადღება დაუთმო. ამ შეხვედრაში ჯორდანის, მელოუნის, იუინგის, პიპენისა და ბერდის ხუთეული უპირისპირდებოდა ჯონსონის, ბარკლის, რობინსონის, მალინისა და ლეიტნერის ხუთეულს. მატჩი ჯორდანის გუნდის გამარჯვებით დასრულდა - 40:36).

- რომ გქონდეთ ლებრონ ჯეიმსთან ან სტივენ კარისთან ერთი ერთზე თამაშის შესაძლებლობა, ვის აირჩევდით მეტოქედ?
- დღეს თუ ჩემს საუკეთესო წლებში? თუ დღევანდელ დღეს გულისხმობთ, მაშინ კარის ავირჩევდი, რადგან მასზე გაცილებით დიდი ვარ და ზომაში უპირატესობას გამოვიყენებდი. ლებრონი კი ჩემთვის ოდნავ დიდია.

- შეძლებდით თუ არა ლებრონ ჯეიმსის ერთი ერთზე დამარცხებას თქვენი კარიერის საუკეთესო წლებში?
- ეჭვგარეშეა.

- რა დაინახეთ კვამე ბრაუნში და რატომ აირჩიეთ ის 2001 წლის დრაფტზე პირველ ნომრად, როცა "ვაშინგტონში" მუშაობდით?
- მე, ისევე, როგორც ნებისმიერი მენეჯერი, კვამეში ვაფასებდი ათლეტიზმს, გაბარიტებს, მოქნილობას, სისწრაფეს. თან ის ძალიან ახალგაზრდა იყო - 18 თუ 19 წლის.

- კალათბურთი ან ბეისბოლი რომ არა, სპორტის რომელ სახეობას აირჩევდით?
- კოლეჯის დამთავრების შემდეგ, კულტურული გეოგრაფიის სფეროში მივიღე ხარისხი. ეს რას ნიშნავს? ეს არის მეტეოროლოგიის მიმართულება. ყოველთვის მაინტერესებდა ამინდის შესწავლა. ნუ იცინით. ეს მართლაც მიტაცებდა. ამიტომაც, კალათბურთი ან ბეისბოლი რომ არ მეთამაშა, დღეს ხვალინდელი ამინდის შესახებ მოგიყვებოდით.

- რა რჩევას მისცემდით კობი ბრაიანტს?
- ჩვენ კარგი მეგობრები ვართ. მომწონს კობი, ხშირი ურთიერთობა მაქვს მასთან და იმედია, მოედანზე ჯანმრთელი დაბრუნდება. ვფიქრობ, ის NBA-ის ისტორიაში ერთ-ერთი უდიადესი მოთამაშეა. მან ბევრი გააკეთ კალათბურთისთვის და მართლაც უყვარს ეს თამაში. მიუხედავად იმისა, რომ მან ჩემი მოძრაობები მოიპარა, ის მაინც ძმასავით მიყვარს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ლეგენდააააა!!
georgiano
02:25 17-08-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული