NBA. პლეი ოფი: ოფიციალურად: კარი MVP გახდა

AutoSharing Option
როგორც მოსალოდნელი იყო იყო, "გოლდენ სტეიტის" ლიდერი სტივენ კარი 2015-16 წლების სეზონის უძვირფასესი მოთამაშე გახდა. ჟურნალისტთა გამოკითხვამ უპრეცედენტო შემთხვევა დააფიქსირა:

გამოიკითხა კალათბურთის თემაზე მომუშავე 131 ჟურნალისტი და კარის ყველამ პირველი ადგილი მიანიჭა! შესაბამისად, "უორიორზის" გამთამაშებელმა მაქსიმუმი - 1310 ქულა მოიპოვა და ზედიზედ მეორედ გახდა სეზონის MVP.

მეორე ადგილზე გასულ კავაი ლეონარდს ("სან ანტონიო") 634 ქულა ერგო, მესამეზე გავიდა "კლივლენდის" ლიდერი ლებრონ ჯეიმსი - 631.

მე დავბრუნდი!
"მაიამიმ" და "ტორონტომ" ოთხ მატჩში მესამედ ითამაშეს ოვერტაიმი. გუშინდელი შეხვედრა უცნაური გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ
"ტორონტოს" ლიდერებმა - დემარ დეროზანმა და კაილ ლოურიმ 28 ტყორცნიდან მხოლოდ ექვსი მოათავსეს კალათში (ააცილეს შვიდიდან შვიდი სამქულიანი) და ჯამში სულ რაღაც 19 ქულა დააგროვეს, კანადური გუნდი ძალიან ახლოს იყო სტუმრად ზედიზედ მეორე გამარჯვებასთან და სერიაში 3:1 დაწინაურებასთან.

ძირითადი დროის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე, "მაიამი" შვიდი ქულით აგებდა. და კვლავ, ფლორიდელებს მშველელად მოევლინათ დუეინ უეიდი, რომელმაც მიჯრით ხუთი ქულა აიღო, აგრეთვე გადამრჩენი ორი ქულა ჩააგდო სირენამდე 12.6 წამით ადრე. თან ვეტერანი მცველი ყველაფერს თავად აკეთებდა: მის მიერ გამოყენებული 13 შეტევიდან, მხოლოდ ორს უძღოდა წინ პარტნიორის შედეგიანი გადაცემა.

დამატებით დროში უეიდს ძალები არ ეყო, მაგრამ საკმარისი აღმოჩნდა ჯო ჯონსონის ორი დაფარება და გორან დრაგიჩის უმნიშვნელოვანესი "ენდ-ვანი".

მიუხედავად იმისა, რომ ლოურიმ ჩააგდო ეს შეხვედრა, "ტორონტოს" აშკარად დააკლდა ეს მოთამაშე ძირითადი დროის ბოლო ორ წუთსა და ოვერტაიმში. კანადელთა გამთამაშებელმა ექვსი პერსონალურის გამო, ვადაზე ადრე დატოვა მოედანი და მის გარეშე, "რეპტორზმა" შვიდი წუთის განმავლობაში საცოდავი ექვსი ქულა აიღო და ხუთი შეცდომა დაუშვა დამატებით დროში.

მაიამი-ტორონტო 94:87 (ო)
25:21, 19:14, 16:27, 23:21, 11:4
მ: უეიდი (30), ჯონსონი (15+3 პასი+3 ჩაჭრა+2 დაფარება), დრაგიჩი (15+6 მოხსნა+4 პასი), დენგი (9+9 მოხსნა), უინსლოუ (9), რიჩარდსონი (6), სტაუდმაიერი (6), მაკრობერტსი (2+2 დაფარება), ჯონსონი (2), ჰასლემი (0+5 მოხსნა).
ტ: ჯოზეფი (14), როსი (14), ბიიომბო (13+13 მოხსნა+2 დაფარება), კეროლი (13), ლოური (10+9 პასი+7 მოხსნა+4 ჩაჭრა), დეროზანი (9), პატერსონი (7), პაუელი (5), ნოგეირა (2+5 მოხსნა).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (45/39.3), სამქულიანები (6.7/30), საჯარიმოები (84/78.9).
სერია: 2-2

* * *
სტივენ კარის თამაში "პორტლენდთან" სერიის მეოთხე მატჩში პრაქტიკულად გამორიცხული იყო. მხოლოდ მატჩის წინ გახდა ცნობილი, რომ "მეომრების" ლიდერი, შესაძლოა, გასულიყო მოედანზე, ოღონდ არა სასტარტო ხუთეულში, თან მისი სათამაშო დრო დაახლოებით 20 წუთამდე იქნებოდა შეზღუდული.

მაგრამ "გოლდენ სტეიტის" დამრიგებელი სტივ კერი ვერ წარმოიდგენდა, რომ მისი გუნდი პირველი მეოთხედის შუაში 2:16 იქნებოდა ჩამორჩენილი, ხოლო დიდ შესვენებამდე 1.36 წუთით ადრე, ორი ტექნიკური პერსონალურის გამო შონ ლივინგსტონს დაკარგავდა. ამიტომაც, საჭირო გახდა ბოლო ორი სეზონის MVP-ის სრულად დატვირთვა.

კარის თავიდან თამაში არ წაუვიდა - პირველ სამ მეოთხედში 18-დან 12 ტყორცნა ააცილა, ცხრიდან ცხრა სამქულიანი ვერ ჩააგდო და თან ოთხი შეცდომა დაუშვა. მაგრამ შემდეგ იყო მეოთხე მეოთხედის ბოლო ნაწილი და ოვერტაიმი, სადაც სტეფის შეჩერება შეუძლებელი აღმოჩნდა. ბოლო 12-წუთეულში, გუნდური 25 ქულიდან კარის მონაგარი 18 ქულა იყო, დამატებით დროში კი მან 17 (!) ქულა დააგროვა. შედარებისთვის, "პორტლენდმა" ოვერტაიმში 14 ქულა აიღო, რამდენიმე საათით ადრე "მაიამიმ" და "ტორონტომ" კი ერთად - 15.

არადა, ოვერტაიმში კარის რეკორდი, შესაძლოა, არც შემდგარიყო, სირენამდე 51 წამით ადრე, სამქულიანი ჩამორჩენისას ჰარისონ ბარნსს სამქულიანი რომ არ ჩაეგდო. შემდეგ კი იყო სტეფის გმირობები ოვერტაიმში და მისი ხმამაღალი შეძახილი: "მე დავბრუნდი! დავბრუნდი!"

პრესკონფერენციაზე სტივ კერი გულშემატკივრებს დაპირდა, რომ ორი დღის შემდეგ, სერიის მეხუთე მატჩში კარი სასტარტო ხუთეულში იქნება. და დიდი ალბათობით, ეს სერია "გოლდენ სტეიტის" სასარგებლოდ დასრულდება. თუნდაც იმიტომ, რომ "პორტლენდის" ლიდერები - დამიენ ლილარდი და სი ჯეი მაკალუმი თითქმის შეუცვლელად თამაშობენ და გუშინდელი მატჩის ბოლოს ძლივს გადაადგილდებოდნენ მოედანზე.

ხვალ მათ ბოლო ხუთი დღის განმავლობაში მესამე მატჩის თამაში მოუწევთ, თან მეტოქის მოედანზე. "დროა დავხუროთ ეს სერია", - თქვა დრეიმონდ გრინმა, როცა მატჩის შემდეგ სერიის მომავალ ბედზე ჰკითხეს.

პორტლენდი-გ. სტეიტი 125:132 (ო)
26:18, 41:39, 18:29, 26:25, 14:21
პ: ლილარდი (36+10 პასი+6 მოხსნა), მაკალუმი (24+3 ჩაჭრა), ამინუ (18+13 მოხსნა), კრები (13), პლამლი (12+15 მოხსნა+3 ჩაჭრა), ჰარკლესი (8+6 მოხსნა), დევისი (8), ჰენდერსონი (6).
გ-ს: კარი (40+9 მოხსნა+8 პასი), ტომპსონი (23), გრინი (21+9 მოხსნა+7 დაფარება+5 პასი+4 ჩაჭრა), სპეიტსი (11), ბარნსი (10+5 მოხსნა), იგუოდალა (7), ეზელი (6), ბარბოზა (4), ლივინგსტონი (4), ბოგუტი (3+9 მოხსნა+2 დაფარება), კლარკი (3).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (40.6/46.3), სამქულიანები (38.5/42.5), საჯარიმოები (72.7/81.8).
სერია: 2-2

გუშინდელი მატჩების ციფრები
17
"გოლდენ სტეიტის" გამთამაშებელმა სტივენ კარიმ 17 ქულა დააგროვა "პორტლენდთან" სერიის მეოთხე მატჩის ოვერტაიმში. ამით მან NBA-ის რეკორდი დაამყარა როგორც პლეი ოფისთვის, ასევე რეგულარული ჩემპიონატისთვის.

სულ ოვერტაიმში "გოლდენ სტეიტის" მონაგარი 21 ქულა იყო, "ბლეიზერსმა" კი 14 ქულა ჩააგდო. კარიმ შეხვედრა 40 ქულით, 9 მოხსნითა და 8 შედეგიანი პასით დაასრულა.

13
"მაიამისა" და "ტორონტოს" სერიის მეოთხე მატჩში "ჰიტის" ლიდერმა დუეინ უეიდმა 30 ქულა დააგროვა, რითაც პლეი ოფში საერთო მონაგარი 3723 ქულამდე აიყვანა.

უეიდმა საერთო სიაში გაუსწრო მეჯიქ ჯონსონს (3701) და მე-13 ადგილზე გადაინაცვლა. მე-12 პოზიციაზე მყოფ ჰაკიმ ოლაჟუონს 3755 ქულა აქვს.


საუკეთესო მენეჯერი "სან ანტონიოს" ჰყავს
"სან ანტონიო სპურსის" გენერალური მენეჯერი არ სი ბიუფორდი ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში წლის საუკეთესო მმართველად აღიარეს. გამოკითხვაში ბიუფორდმა 77 ქულა მიიღო და გაუსწრო ნილ ოლშის "პორტლენდიდან" და ბობ მაიერსს "გოლდენ სტეიტიდან", - იტყობინება ლიგის ოფიციალური ვებგვერდი.

გასული წლის ზაფხულში, "სპურსმა" შეძლო თავისუფალი აგენტების ბაზრიდან მძიმე ფორვარდის ლამარკუს ოლდრიჯის აყვანა. წლევანდელ რეგულარულ სეზონში "სან ანტონიომ" მეორე შედეგი აჩვენა და მხოლოდ "გოლდენ სტეიტს" ჩამორჩა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული