"კლივლენდს კავალიერზის" ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა თავის ამჟამინდელ კლუბში დარჩენა გადაწყვიტა. 31 წლის კალათბურთელმა უარი თქვა კონტრაქტში არსებულ პუნქტზე, რომლის მიხედვითაც მომავალ სეზონში 24 მილიონი დოლარი უნდა მიეღო და "კლივლენდთან" ახალ, მრავალწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს. 2016-17 წლების სეზონში ფორვარდს დაახლოებით 30 მილიონი დოლარის გამომუშავება შეუძლია.
* * *
"კლივლენდთან" დაკავშირებით კიდევ ერთი საინტერესო სიახლე ის არის, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელის ტაირონ ლიუს თქმით, მისი კლუბი არ აპირებს ფორვარდ კევინ ლავთან გამოთხოვებას.
"კევინი აქ რჩება. ის მთელი სეზონის განმავლობაში კარგი იყო. პლეი ოფის
პირველ სამ რაუნდში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა. და შემდეგ, ამდენი ნეგატივის მიუხედავად, ფინალური სერიის მეშვიდე მატჩში მოედანზე გავიდა, 14 მოხსნა დააგროვა და თამაშის ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში სტივენ კარის შეჩერება შეძლო. ასე რომ, კევინ ლავი აქ დარჩება. ის დიდი ნაწილია იმისა, რასაც ერთად ვაკეთებთ და მომავალში გავაკეთებთ", - განაცხადა ლიუმ ESPN-თან კომენტარში.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ამერიკულმა პრესამ ივარაუდა ლავის სხვა კლუბში ტრეიდი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"