NBA-ის ვარსკვლავი, რომელიც ათენის ბაზრობაზე გაიზარდა

AutoSharing Option
იანის ანტენტოკუნმპომ ძლივს მიიღო პასპორტი, რადგან მისი მიგრანტი მშობლები ხელისუფლებას ემალებოდნენ. კალათბურთელი დღემდე ეკონომიას აკეთებს და მეორად ავეჯს ყიდულობს

პატარა ქალაქი, NBA-ის საშინელი კლუბი, რომელსაც არასდროს არაფერი მოუგია, ახალგაზრდა მონსტრი, რომელმაც მოედანზე ყველაფერი იცის... ლებრონ ჯეიმსის ისტორია სამ ფრაზაში? დიახ, ოღონდ არა მხოლოდ. ბერძენ იანის ანტენტოკუნმპოს "მილუოკი ბაქსი" უფსკრულიდან ამოჰყავს - გუნდი, კოშმარული მენეჯმენტით, ყველაზე ძველი არენით და ბაზარზე მცირე გასვლით. უკანასკნელად, "ბაქსის" მოთამაშე "ყველა ვარსკვლავის მატჩზე" 2004 წელს მოხვდა, გუნდს 16 წელია არ მოუგია პლეი ოფის პირველი რაუნდი...

იანისი
მხოლოდ 22 წლისაა და ის ყველაზე უნივერსალური კალათბურთელია ლიგაში. ჰიპერკალათბურთში, რომელიც "გოლდენ სტეიტის" მორბენლებმა მოიგონეს, ანტენტოკუნმპო სხვებზე უკეთ გრძნობს თავს: ის იოლად გავა ხუთი პოზიციიდან ნებისმიერზე - ცენტრალური თავდამსხმელიდან დაწყებული გამთამაშებლით დამთავრებული და არ გაუშვებს მეოთხედში 15 ქულას.

დღეს, იანისი NBA-ში მეოთხე სეზონს ატარებს. ის "მილუოკიში" 19 წლის ასაკში მივიდა - მოკრძალებული ბიჭი, რომელიც ყოველ ზაფხულს სიმაღლეში 1-2 სანტიმეტრს იმატებდა. რა ასაკში უნდა დაიწყო, რომ მსოფლიოს მთავარი ლიგის დონემდე მიაღწიო? ხუთი წლიდან? არა, ანტენტოკუნმპო არ იზრდებოდა მწვრთნელის ოჯახში. 9-10 წლიდან? ცუდი არ არის, მაგრამ კიდევ სცადეთ. იანისი მთელი ბავშვობა უფროს ძმას ედგა მხარში, რომელიც სკოლაში ისროდა ბურთს კალათში. თავად კი მოედანზე პირველად მაშინ გავიდა, როცა 14 წლის იყო.

საკალათბურთო კარიერის სტარტი დაემთხვა ეკონომიკურ კრიზისს. მისი მშობლები 20 წლის წინ, ნიგერიიდან გაიქცნენ და 2008 წელს მიხვდნენ, რომ ქვეყანა არასწორად აირჩიეს. ანტენტოკუნმპოების ოჯახში კიდევ სამი ძმა იყო, დედა ხშირად ავადმყოფობდა, მამა კი ორ სამსახურში იკარგებოდა, რომ თავი გადაერჩინათ.

როცა იანისი წამოიზარდა, ტანასისმა - სწორედ იმ ძმამ, რომელსაც იანისი საკალათბურთო მატჩებზე გულშემატკივრობდა - უმცროსი ძმა ბაზარზე წაიყვანა. იქ შავკანიანი ბიჭები ყველანაირ საქონელს ჰყიდნენ - სათვალეს, ფანქრებს, საფულეებს, ჩანთებს. "ხანდახან ვერაფრის გაყიდვას ვერ ვახერხებდით და უფულოდ, შესაბამისად, საკვების გარეშე ვისხედით", - ამბობს "მილუოკის" ვარსკვლავი. მის ხმაში არ არის სინანული, ნაღველი, მწუხარება - ანტენტოკუნმპო მონოტონურად ასახელებს ყველაფერს, რაც ცხოვრებაში გადახდენია.

ბიჭები დღეში 10 დოლარს შოულობდნენ და ამის შემდეგ, მთელი ოჯახი არჩევანის წინაშე დგებოდა: პროდუქტები ეყიდათ, ბინის ქირა გადაეხადათ თუ კომუნალური გადასახადებისთვის მიეხედათ. როცა ბიჭებმა კალათბურთი აირჩიეს, იანისსა და ტანასისს არ შეეძლოთ ერთად თამაში: მშობლებმა სპორტული ფეხსაცმელების მხოლოდ ერთი წყვილი იყიდეს, ამიტომაც ძმები მორიგეობით დადიოდნენ ვარჯიშებზე.

ამასთან, გვარი ანტენტოკუნმპო დოკუმენტების მიხედვით არ არსებობდა. იმ 20 წლის განმავლობაში, რაც ვერონიკასა და შარლის ოჯახმა საბერძნეთში გაატარა, მათ ერთი დოკუმენტიც არ გაუფორმებიათ. ისინი იყვნენ მიგრანტები ყველანაირი შეზღუდვებით.

"ძალიან მძიმეა - 20 წელი იცხოვრო ყოველგვარი საბუთების გარეშე, - აღიარებს კალათბურთელი. - შენ გყავს შვილები და უნდა იარო და იმუშაო დედამიწაზე დოკუმენტების გარეშე. ნებისმიერ მომენტში შეიძლება პოლიციამ გაგაჩეროს და გითხრას: მოდი აქ, უკან შენს ქვეყანაში გაგისტუმრებ. ჩემთვის ჩემი მშობლები - გმირები არიან".

იანისი სწრაფად მოხვდა მეორე დივიზიონის კლუბის ახალგაზრდულ შემადგენლობაში. მათი პატარა არენა 500 მაყურებელზე, მისი სახლთან ახლოს მდებარეობდა, ამიტომაც, ხანდახან, გუნდთან ვარჯიშის ნაცვლად, ის ძმასთან ერთად ნივთებს ჰყიდდა, რომ სახლში ფული მიეტანა. ანტენტოკუნმპო ძალიან სწრაფად გაიზარდა 206 სანტიმეტრამდე, ანადგურებდა თანატოლებს ვარჯიშებზე და მალე გადავიდა დიდების გუნდში. მწვრთნელს ის 20 წუთი შეჰყავდა მოედანზე და მისგან ყველაფერს იღებდა: იანისი აგდებდა, ხსნიდა, პასებს არიგებდა, ჭრიდა, ბლოკავდა და არასოდეს ტიროდა იმის გამო, რომ ჩაგრავდნენ.

მწვრთნელების გადაწყვეტილებით, ანტენტოკუნმპო საბერძნეთში "ყველა ვარსკვლავის მატჩზე" მოხვდა და მოედანზე მას შემდეგ გავიდა, რაც ფანებმა სკანდირება დაიწყეს: "იანის! იანის!" მაგრამ ამგვარი პოპულარობაც ვერ ეხმარებოდა პასპორტის აღებაში. როგორც ყველა მიგრანტი, 18 წლის შესრულების შემდეგ, მანაც შეიტანა დოკუმენტები და საერთო რიგში ჩადგა.

ის ათენთან ახლოს დაიბადა, ლაპარაკობდა ბერძნულად, სწავლობდა ბერძნებთან ერთად, ცხოვრობდა მხოლოდ საბერძნეთში, მაგრამ მისი განცხადება ქაღალდების იმ გროვაში მოხვდა, რომელშიც იყო განცხადებები მეეზოვებისგან, მზარეულებისგან და შინამოსამსახურეებისგან, რომლებიც ქვეყანაში ორი დღის წინ ჩავიდნენ.

"დაივიწყეთ, - უპასუხეს მთავრობაში საბერძნეთის კალათბურთის ფედერაციის მოთხოვნას, - არ გვინდა არჩევნების წინ რისკზე წასვლა მხოლოდ იმის გამო, ვიღაც ბიჭი ბურთს თამაშობს". ანტენტოკუნმპომ პასპორტი 2013 წლის მაისში მიიღო სპორტის სამინისტროს ჩარევის შემდეგ: იანისი შტატებში უნდა გაფრენილიყო ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის დრაფტზე.

"ჩავფრინდით და "ბაქსის" მენეჯერებმა მაშინვე ახალი iPhone მაჩუქეს, - იხსენებს ბერძენი. - თან დაახლოებით ათასი დოლარი მქონდა. გავიფიქრე: "ჯანდაბა, NBA მე შენ დაგიპყრობ". ოჯახს ვიზასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა, ამიტომაც, იანისს არ უნდოდა ვისკონსინში წასვლა. "ვცდილობდი დამერწმუნებინა, რომ გაფრენილიყო, ვეუბნებოდი, რომ ჩვენ მოგვიანებით ჩავიდოდით მასთან, - ამბობს კალათბურთელის დედა. - ის ამბობდა: არა, თქვენ ჩემთან ერთად წამოხვალთ. იანისი ძალიან ზრუნავს ოჯახზე და უნდა, რომ ჩვენ მის გვერდით ვიყოთ".

როცა ოჯახი მილუოკიში ერთად შეიყარა, ანტენტოკუნმპომ მაშინვე იყიდა PlayStation 4, რათა პატარა ძმებთან ერთად ეთამაშა. მაგრამ კოსტასი დეიტონას კოლეჯში წავიდა, ამიტომაც, იანისმა მალე მიჰყიდა სათამაშო "ბაქსის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტს. ეს იყო ფილოსოფია, რომელიც იმ დროიდან შემორჩა, როცა შავკანიანი ბიჭები ათენში ბაზრობაზე ვაჭრობდნენ: რატომ უნდა იქონიო ნივთი, რომელიც უკვე აღარ გჭირდება?

NBA-ის მოთამაშე ახალბედას ხელფასით (1.7 მილიონი დოლარი წელიწადში) დღეში 190 დოლარზე ცხოვრობს და ბინა გაწყობილი აქვს მეორადი ავეჯით. სამყაროში, სადაც კალათბურთელები არტისტ დრეიკთან ერთად ატარებენ დროს მატჩებს შორის და არ გამოდიან ღამის კლუბებიდან, ბერძენი უფრო განდეგილ მღვდელს ჰგავს, ვიდრე პროფის.

ლიგაში გატარებული ოთხი სეზონის განმავლობაში, ანტენტოკუნმპო "ბაქსის" ლიდერად ჩამოყალიბდა, გააფორმა 100-მილიონიანი კონტრაქტი და ხელფასი 7.5-ჯერ გაეზარდა. ბერძენის მაჩვენებლები ყოველი სეზონის შემდეგ იზრდება: თუ სადებიუტო წელს 7 ქულას, 4.4 მოხსნასა და 2.0 შედეგიან გადაცემას აგროვებდა, გასულ სეზონში საშუალო სტასტისტიკა უკვე 22 ქულას, 6 პასსა და 9 მოხსნას უდრიდა. ის "მილუოკის" ლიდერია თითქმის ყველა სტატისტიკური მონაცემით. ამით თავიანთ კლუბებში ჯეიმს ჰარდენი და რასელ უესტბრუკი ვერ დაიკვეხნიან.

მას ჯერაც დიდი პოტენციალი აქვს, რომელიც ამ გუნდში უნდა განავითაროს ან სხვაგან გაიქცეს - ტიტულებისთვის და განვითარებისთვის. ანტენტოკუნმპო - მოთამაშეთა ახალი ტალღიდანაა, რომლებისთვისაც კერპები არა ვინსი ან კობი, არამედ დურანტი და უესტბრუკი არიან.

NBA-ის ბევრი კალათბურთელისგან განსხვავებით, იანისს აღზრდაც გამოარჩევს: ის არ გაემგზავრება ვეგასში ერთი ღამით ვარჯიშის ნაცვლად და არ დაყნოსავს კოკაინს გასახდელში. ამის ნაცვლად, მამას ახალ ავტომობილს აჩუქებს, რომელსაც ის ასე ნატრობდა და დედასთან სადილზე დარჩება.

"არ მინდა, უბრალოდ, კარგი მოთამაშე ვიყო. მინდა დიადი გავხდე", - განაცხადა იანისმა. მისთვის ადვილია ბევრი რამ: გამოცდა, რომელიც მან გაიარა, გაცილებით რთულია, ვიდრე პლეი ოფის ნებისმიერი სერია ყველაზე რთული მეტოქის წინააღმდეგ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან მაგარი გახდება. დურანტს გავს ყველანაირად
Emre
22:41 18-12-2016
0

სიახლეები პოპულარული