გია კაზანჯიანისა და გელა წულაძის გაწვრთნილი გუნდი საკვალიფიკაციო მატჩში ისრაელს ხვდებოდა და ბოლო მეოთხედში უგებდა კიდეც, თუმცა ახლოაღმოსავლელებმა დასკვნით წუთებზე მეტი მობილიზება და რაც მთავარია, მიზნის სიზუსტე გამოავლინეს და საბოლოოდ გამარჯვებას მიაღწიეს - 72:63.
ამ მატჩის მომგები გუნდი ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონში მინიმუმ მე-12 ადგილს ინაღდებდა, რაც ელიტაში დარჩენისა და გაისად კონტინენტის პირველობის ფინალურ ეტაპზე კვლავ ასპარეზობის გარანტიას იძლეოდა.
ამ მიზანს ებრაელებმა მიაღწიეს, რომლებიც პლეი-ოფიდან გამოვარდნის შემდეგ 9-16
საქართველოს ნაკრებს კი ახლა მე-13 ადგილისთვის მოუწევს ბრძოლა, რომელიც ახლა ქართველებისთვის ერთადერთი ადგილია, რომელიც A დივიზიონში დარჩენის საშუალებას იძლევა.
ანუ საქართველომ დარჩენილი 2 მატჩიდან ორივე უნდა მოიგოს, რომ მე-13 ადგილი დაიკავოს. ჩვენი მომავალი მეტოქე იქნება მონტენეგრო, რომელმაც ესტონეთთან 65:78 წააგო.
13-16 ადგილებისთვის საკვალიფიკაციო რაუნდის კიდევ ერთი მონაწილე ამ მომენტისთვის ცნობილია და ის გახლავთ ჰოლანდია. მისი მეტოქე სლოვენიასა და გერმანიის მატჩში დამარცხებული გუნდი იქნება.
რაც შეეხება საქართველოსა და ისრაელის მატჩს, შეხვედრა ებრაელთა შედეგიანი თამაშით დაიწყო, რომლებიც სწრაფი გარღვევებითა და ზუსტი, შორი სროლებით ხელჩასაჭიდ უპირატესობას დაეპატრონნენ. პირველი პერიოდი ისრაელმა 10 ქულით - 23:13 მოიგო. მწვრთნელის დარიგებებმა ქართველ მოთამაშეებზე დადებითად იმოქმედა, რომლებიც 2-წუთიანი შესვენებიდან მოედანზე მეტი შემართებით დაბრუნდნენ.
მეორე პერიოდის საწყისმა ხუთმა წუთმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა, რის შემდეგაც ქართველებმა მეტოქე პირწმინდად დაჯაბნეს. ალექსანდრე მერკვილაძემ ზედიზედ 4 ქულა მოაგროვა, რასაც ნიკა კიშკომ, რომა ჭინჭარაულმა და მათე კაპანაძემ 2-2 ქულა მოაყოლეს და საქართველოს ნაკრებმა 10:0 გაქცევით ანგარიში გაათანაბრა – 32:32. მეორე პერიოდის დასკვნით წუთზე ებრაელებმა მცირე უპირატესობა მოიპოვეს და დიდ შესვენებაზე 3-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ – 38:35.
მესამე პერიოდიდან ქართველებმა მეტოქეს მწყობრი დაცვა შესთავაზეს და საკუთარ სამწამიანს არ გააკარეს. ებრაელები სამქულიან სროლებზე გადავიდნენ და კარგა ხანი მხოლოდ შორიდან უტევდნენ. 2-ჯერ გაუმართლათ კიდეც, თუმცა ანგარიში ქართველებს მიჰყავდათ, რომლებიც ფარქვეშ გაბატონდნენ და მერკვილაძე-თავაქარაშვილი-ჭინჭარაულის ტრიოს აქტიურობით ქულებს იხვეჭდნენ. საქართველო 2-4 ქულით ნიადაგ იგებდა, თუმცა ებრაელთა მორიგი სამიანის შემდეც, მესამე პერიოდის ბოლო წუთზე მეტოქე 50:51 მოგვიახლოვდა. ამ ეპიზოდში მნიშვნელოვანი სამქულიანი ჩააგდო ვოვა თავაქარაშვილმა, რომელმაც ანგარიში 54:40 გახადა და პერიოდიც ასე დასრულდა. ამ მომენტისთვის ახლოაღმოსავლელებს 9 სამიანი ჰქონდათ ჩაგდებული, ქართველებს კი მხოლოდ - 2.
საქართველოს ნაკრებმა თამაში იგივე ტაქტიკით განაგრძო, თუმცა ებრაელებმა სწორი სვლა გააკეთეს, როცა აქცენტი საკუთარი სამწამიანის დაცვაზე გადაიტანეს, შეტევაში კი ისევ შორი სროლების იმედად იყვნენ. ამან ის შედეგი გამოიღო, რომ საქართველოს ნაკრების მეფარეებს ბურთის ჩაგდება, ხშირ შემთხვევაში კი ფარქვეშ შესვლაც კი უძნელდებოდათ. ებრაელთა შეტევის იარაღმა კი ისევ იმოქმედა. მეტოქემ ბოლო პერიოდის საწყის 7 წუთში 12 ქულა ჩააგდო, საიდანაც 9 - სამქულიანებით მოიხვეჭა. საქართველოს ნაკრების ანგარიშზე კი ამ 7 წუთში მხოლოდ 4 ქულა იყო და ებრაელთა ლიდერობამ საფინალო სირენამდე 3 წუთით ადრე 4 ქულა შეადგინა – 62:58.
ეს გახლდათ საკვანძო მომენტი. ქართველებმა მეტოქის ნახევარზე ბურთი შემოტანისას დაკარგეს და ებრაელებმა სწრაფ შეტევაში, გვარიანი პაუზის შემდეგ პირველად მიითვალეს 2-ქულიანი. ამას კიდევ ერთი საშუალო სროლა მოჰყვა, ანგარიშში სხვაობამ 8 ქულას მიაღწია და მატჩის ბედიც ებრაელთა სასარგებლოდ გაირკვა.
საქართველოს ნაკრებს ალექსანდრე მერკვილაძემ ულიდერა, რომელმაც 19 ქულა, 11 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. 11 ქულა, 6 მოხსნა და 5 დაფარება მოაგროვა რომა ჭინჭარაულმა, ხოლო ვოვა თავაქარაშვილის ანგარიშზე 9 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი დაგროვდა.
ხვალ ევროპის ჩემპიონატზე დასვენებაა. საქართველოს ნაკრები მორიგ მატჩს 17 აგვისტოს, თბილისის დროით 18:00 საათზე, მონტენეგროსთან გამართავს.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით