15-24 ივლისს საქართველო 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

AutoSharing Option
15-24 ივლისს თბილისი ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატს („ბ“ დივიზიონი) უმასპინძლებს და მასში მონაწილეობას სულ 19 ქვეყანა: ალბანეთი, ავსტრია, ბულგარეთი, ესტონეთი, ფინეთი, საქართველო, უნგრეთი, ისლანდია, ირლანდია, კოსოვო, ლატვია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ჩრ. მაკედონია, რუმინეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, შვედეთი, შვეიცარია მიიღებს. თამაშებს, როგორც ოლიმპიური სასახლე, ასევე ახალი „თბილისი არენა“ (უნივერსიტეტის ქუჩა N15ა) უმასპინძლებს. ტურნირის მონაწილე 19 ნაკრები 5 ჯგუფშია განაწილებული. საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები „ბ“ ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეებად შვედეთი, ჩრდილოეთი მაკედონია, ავსტრია და კოსოვო ჰყავს.

გათამაშების სისტემის მიხედვით, თითო ჯგუფიდან პლეი-ოფში 2-2 საუკეთესო ნაკრები გავა,
რომლებიც საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლას მეოთხედფინალიდან გააგრძელებენ, ხოლო პლეი-ოფს მიღმა დარჩენილები ტურნირის 9-19 ადგილებს გაითამაშებენ. “ბ” დივიზიონის ჩემპიონი, ფინალში დამარცხებული გუნდი და მესამეადგილოსანი “ა” დივიზიონის საგზურებს მოიპოვებენ და 2023 წლის ზაფხულში ელიტაში იასპარეზებენ. ტურნირის ფავორიტად სერბეთის ნაკრებს მიიჩნევენ. ასევე მძლავრი შემადგენლობით ეწვევა თბილისს ლატვია, თუმცა ასაკობრივ ჩემპიონატებში სიურპრიზები ყოველთვის ხდება და შედეგების მხრივ გამონაკლისი ალბათ არც თბილისში გასამართი ტურნირი იქნება.

საქართველოს ნაკრებმა ტურნირამდე 3 შეკრება გამართა. მილოშ გლიგორიევიჩის გაწვრთნილი ჩვენი გუნდი ჯერ რაჭაში იმყოფებოდა, სადაც ფიზმომზადება გაიარა, შემდეგ კი საბერძნეთსა და თურქეთში ჯამში 4 სპარინგ-მატჩი გამართა.

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში 12 კალათბურთელია:

უკანა ხაზი: ლუკა ლიკლიკაძე, მათე კაპანაძე, ლევან ქვარცხავა
ფორვარდები: ნიკოლოზ გაფრინდაშვილი, ზუკა ვაშაკიძე, მერაბ შენგელია, გუჯა ხვედელიძე, ვახტანგ გოგბერაშვილი, ვლადიმერ თავაქარაშვილი, ვლადიმერ სარალიძე
ცენტრები: გიორგი მესხი, ნიკა რატიანი

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელია მილოშ გლიგორიევიჩი, რომელსაც ასისტენტობას ჯაბა ბაქრაძე და ანდრო ანთელიძე უწევენ. გუნდის ექიმები არიან თორნიკე გოგიჩაიშვილი და ვაჟა კოტორაშვილი, ნაკრების ფიზმომზადებაზე კი ეროვნული გუნდის მწვრთნელი – ირაკლი შიოშვილი ზრუნავს. 20-წლამდელთა ნაკრების მენეჯერია შალვა ონიანი.

ჩვენი ნაკრები თამაშებს 16 (ავსტრიასთან), 17 (შვედეთთან), 19 (კოსოვოსთან) და 20 ივლისს (ჩრდ. მაკედონიასთან), ერთსა და იმავე დროს – 19:00 საათზე გამართავს.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 2 /
სანამ ეს მწვრᲗნელი იქნება Შედეგდს ვერ მივაᲦწევᲗ
რადგან ბევრი კარგი ბავᲨვი ვინც Თავი გამოიᲩინა Ახლა 20 წლამდელ ტურნერზე არ დაუᲫახეს ნაკრებᲨი
მოქალაქე
21:38 12-07-2022
1

სიახლეები პოპულარული