საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა პირველი მარცხი ბულგარეთთან ბოლო წამებზე განიცადა

AutoSharing Option
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის “ბ” დივიზიონში პირველი მარცხი განიცადა. რუმინეთის ქალაქ პლოეშტში ტურნირის 2 გამარჯვებით დაწყების შემდეგ დავით როგავას გაწვრთნილი ჩვენი გუნდის მორიგი მეტოქე ბულგარეთი გახლდათ, რომელსაც ჯგუფის საწყის 2 მატჩში თითო მოგებ-წაგება ჰქონდა. ბულგარელებმა საქართველოს მსგავსად კოსოვოს მოუგეს (85:65) და დაძაბულ ბრძოლაში, ქულა დათმეს (89:90) ბოსნია-ჰერცეგოვინასთან.

საქართველოსთან დაპირისპირებაში ბულგარელები თავიდანვე დაწინაურდნენ. პირველ პერიოდში სლავებმა 8-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, დიდი შესვენებისთვის კი ლიდერობა 12 ქულამდე გაზარდეს – 40:28. დავით როგავამ ნაკრების თამაშში კორექტივები შეიტანა, ჩვენმა ბიჭებმაც შედეგიანად თამაში იწყეს და
მესამე პერიოდში ჩამორჩენა მთელი 7 ქულით შეამცირეს.

ბოლო პერიოდში თანაბარი ბრძოლა წარიმართა. ბულგარელები კბილებით ინარჩუნებდნენ მცირე უპირატესობას. ჩვენს ნაკრებში ტრადიციულად გიორგი ოჩხიკიძე გამოირჩეოდა. არანაკლებ შედეგიანად ირჯებოდა გიორგი სულაბერიძე, რომელიც სამწამიან ზონაში მეტოქეს არაფერს უთმობდა. საქართველოს ნაკრები მატჩის დასრულებამდე ოთხიოდ წუთით ადრე, გუგა ნაცვლიშვილის ულამაზესი გარღვევა-ჩატენვის შემდეგ დაწინაურდა – 56:55.

ქულა-ქულაში მიმდინარე მატჩის ბოლო წუთი იწყებოდა, როცა ქართველები ქულას (61:60) იგებდნენ და უტევდნენ, თუმცა საბედისწერო შეცდომა დაუშვეს. სულაბერიძემ ბურთი დაკარგა, ჩამჭრელი ილიან პიშტიკოვი კი ჩვენს ფართან მარტო დარჩა, რომელმაც ზემოდან გდებით ბულგარეთი ქულით დააწინაურა. ჩვენს ნაკრებს შესანიშნავი შანსი შერჩა, მაგრამ ვერც ოჩხიკიძემ, ვერც გიორგი ალავიძემ სამქულიანები ვერ ჩააგდეს და ბულგარელებმა საჯარიმოთი უპირატესობა 2 ქულამდე გაზარდეს – 62:60 დასრულებამდე 17 წამით ადრე.

ბულგარელებს იმან წააშველა ხელი, რომ პერიოდში მხოლოდ 1 გუნდური ჯარიმა ჰქონდათ. ისინი სამჯერ ზედიზედ დაჯარიმდნენ, რითაც ქართველებს შეტევის საშუალება არ მისცეს. ამასობაში ოქროს წამები გავიდა და როცა ბულგარელები საჯარიმოების ბონუსში გავიდნენ, საფინალო სირენამდე 4.6 წამით ადრე ქართველებმა ხელახალი შეტევა წამოიწყეს. პერიმეტრზე მარტო დარჩენილმა სანდრო კასაბურმა პოტენციურად გამარჯვების მომტანი სამქულიანი ააცილა და მატჩის ბედიც გაირკვა. ბულგარელებმა 2 ზუსტი საჯარიმოთი საბოლოოდ სათავისო ანგარიში დააფიქსირეს – 64:60 (სტატისტიკა).

საქართველოს ნაკრებში საუკეთესო შედეგი გიორგი სულაბერიძემ დააფიქსირა, რომელმაც 17 ქულა, 9 მოხსნა, 4 ჩაჭრა და 3 პასი მიითვალა. 21 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი გიორგი ოჩხიკიძის ანგარიშზეა. ვატოო გაჩეჩილაძემ 9 ქულა მიითვალა, გუგა ნაცვლიშვილის ანგარიშზე კი 6 ქულა დაგროვდა. 1 აგვისტოს ტურნირზე დასვენებაა, ხოლო 2-ში საქართველოს ნაკრებს გადამწყვეტი მატჩი ელის ბოსნია-ჰერცეგოვინასთან. შეხვედრა თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 4 /
მამიკოს შვილები და ფულიანი შვილები საზღვარგარეთ ვარჯიშობენ და შედეგი რა მივიღეთ ნული.
პერსპექტიული ბავშვები კი იჩაგრებიან საქართველოს აკადემიებშიც კი და ფედერაციის დონეზეც.
გამოცდილება მაქვს 2005 წლებში და 2007 წლებში.
ვიცი ჩახედული ვარ ძაან კარგად და რატო ხდება ასე...პერსპექტიულმა ბავშვება რა დააშავეს რომ არ აქცევენ ყურადღებას...სანიკიძე გაახილე თვალები...ყველას შევხვდები და დაველაპარაკები არ მეშინია არაფრის...თუ ვტყუივარ გამომეხმაურეთ
მოქალაქე
23:09 31-07-2022
4
არ მიწყინოთ, მაგრამ ამ თამაშით ჯგუფიდან ვერ გავალთ.
დიმა
22:44 31-07-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული