გიორგი შერმადინი: ლიტვა მხოლოდ ჯგუფის ფავორიტი როდია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ლიტვაშია, ქალაქ კლაიპედაში, რომელიც ჩვენი გულშემატკივრის მეხსიერებაში ყოველთვის დადებით ემოციებთან ასოცირდება. საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტზე პირველად სწორედ კლაიპედაში ითამაშა, 2011 წლის 5 სექტემბრის საღამოს კი ჯგუფიდან გასვლა იზეიმა.

ნაკრებში იყო გიორგი შერმადინი, რომელიც ზაზა ფაჩულიას ტრავმის შემდეგ მეორე ეტაპზე სასტარტო ცენტრად იქცა. მას გუშინ კლაიპედაში დავუკავშირდით და ეროვნული გუნდის შესახებ ვესაუბრეთ.

- კლაიპედაში მეორე დღეა, რაც ჩამოვედით და ვარჯიშიც აქტიურად განვაახლეთ. ყოველთვის საინტერესოა ასეთ ქალაქში სტუმრობა, ახლაც მახსენდება 2011 წლის ამბები. მშვენიერი იყო.

- ამხანაგური ტურნირის ნახევარფინალში, 4 აგვისტოს ლატვიას
დაუპირისპირდებით...

- ზუსტად არ ვიცი, იქნება თუ არა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ვარსკვლავი კრისტაპს პორზინგისი, მაგრამ ეს ლატვიელთა სიძლიერეს ნამდვილად არ აყენებს ჩრდილს. გამოცდილი კალათბურთელებიც ჰყავთ, ახალგაზრდებიც, მაღალი კლასისანიც და, ვფიქრობ, გამარჯვება იოლი არ იქნება.

შედეგზე წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ერთის თქმა კი შემიძლია - საინტერესო თამაში გველის. საქართველოსა და ლატვიის მატჩების ბედი ხომ ყოველთვის ბოლო წამებზე წყდებოდა. 2012 წელს შესარჩევ ეტაპზე ორჯერვე ვაჯობეთ, ხოლო ლატვიაში გამარჯვებით ევრობასკეტი 2013-ის საგზური მოვიპოვეთ.

- შემდეგ მეტოქედ ვის ისურვებდი?
- მეორე ნახევარფინალში ლიტვა და პოლონეთი ითამაშებენ. ჩვენთვის მთავარია ამხანაგური შეხვედრები და ფორმაში შესვლა. მეტოქეებს რაც შეეხება, ორივე სერიოზული გუნდია.

- როგორ ფიქრობ, ლიტვის ნაკრები საქართველოზე ძლიერია?
- გუნდში საუკეთესო შემადგენლობაა შეკრებილი, ითამაშებენ NBA-ში გამოცდილი კალათბურთელები. ეს გუნდი არა მხოლოდ ჯგუფის, ევრობასკეტის ერთ-ერთ ფავორიტადაც შეგვიძლია განვიხილოთ.

ისე, კლაიპედას ტურნირის ფინალში საინტერესო იქნებოდა იონას ვალანჩუნასის წინააღმდეგ თამაში.

- ლიტვაში გამგზავრებამდე ავსტრიაში ითამაშეთ. რა იყო წაგების მთავარი მიზეზი?
- ავსტრიელები დიდი ხნის შეკრებილები იყვნენ, მათ ხომ 2 აგვისტოს დაიწყეს ოფიციალური მატჩები. ჩვენი მეტოქე ოპტიმალურ ფორმაში გახლდათ. ჩვენ 50-60 პროცენტით ვართ მზად. ამიტომ 40 წუთი ერთ დონეზე თამაში რთულია. თბილისის ტურნირისთვის უკვე კარგ კონდიციებში ვიქნებით. მთავარი გათვლა კი ევროპის ჩემპიონატზეა. პირველ შეხვედრას 31 აგვისტოს გავმართავთ. სწორედ იმ მომენტისთვის უნდა მივაღწიოთ ოპტიმალურ ფორმას.

- ივლისში მალაგაში ჩახვედი. როგორ შეგხვდნენ "უნიკახას" გულშემატკივრები და კლუბის მესვეურები?
- სასიამოვნო გარემოში აღმოვჩნდი. კარგი დახვედრა მომიწყვეს. აეროპორტში კლუბის მენეჯერი დამხვდა, პირველივე დღეს სამედიცინო შემოწმება გავიარე. შემდეგ შევხვდი პატარა კალათბურთელებსა და მასმედიას. 300-400 ბავშვი შემომეგება, მათაც სიამოვნებით გადაიღეს ერთობლივი ფოტო და - მეც.

იმედი მაქვს, "უნიკახაში" შევასრულებ ყველაფერს, რისთვისაც მალაგაში ჩავედი: წარმატებით ვითამაშებთ როგორც ევროლიგაზე, ასევე ესპანეთის ჩემპიონატში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ლიტვა ჩვენზე ძლიერი რომ არის კითხვა უნდა მაგას?
ანდრი
09:18 04-08-2017
0
ეს შეკითხვა რომ ლიტველებს უთარგმნონ როგორ დაგვცინებენ.....
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული