ზაზა ფაჩულიამ მათ ავტოგრაფებიც მისცა და შეგვახსენა, რომ დღეს, 7 აგვისტოს, 20:00 სთ-ზე თასის პრეზენტაცია საზეიმო გარემოში სპორტის სასახლეში შედგება. როგორც ორგანიზატორებმა გვითხრეს, ღონისძიება საინტერესოდაა დაგეგმილი და ნებისმიერ ქართველს შეუძლია ამ ისტორიული მოვლენის თანამონაწილე გახდეს. დასწრება თავისუფალია.
- ამ დღეს დიდი ხანი ველოდი - ზაზა ფაჩულია NBA-ს თასით საქართველოში ჩამოვიდა [VIDEO]
თბილისში ჩამოფრენიდან ორსაათ-ნახევარში ზაზა
- ბედნიერი ვარ თქვენ გვერდით ყოფნით. ამერიკაში თასის მოგებით ძალიან გავიხარე, თანაგუნდელებთან ერთადაც ლამაზად აღვნიშნე, მაგრამ მოუთმენლად ველოდი, როდის ჩამოვიდოდი საქართველოში თასთან ერთად.
- NBA-ს ჩემპიონობის შემდეგ საქართველოს ნაკრებთან ერთად რა მიზნებს ისახავ?
- მიზანი ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს. ამერიკაში გადასვლის შემდეგ მქონდა მიზანი, მოვხვედრილიყავი ძლიერ გუნდში. "გოლდენ სტეიტში" რომ აღმოვჩნდი, ჩემპიონობა დავისახე მიზნად. დიდი ბედნიერებაა, ასეთ მიზანს რომ მიაღწევ და ესოდენ ლამაზ თასს ასწევ.
ნაკრებთან ერთადაც მაქვს მიზნები. საკმარისად გავიზარდეთ საიმისოდ, რომ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა იყოს ჩვენი მაქსიმუმი. ზედიზედ სამჯერ ვითამაშეთ ევრობასკეტზე, ორჯერ ჯგუფური ეტაპის ბარიერი დავძლიეთ, 2015 წლის ევროპაზე მერვედფინალში ვიასპარეზეთ... ასე რომ, ამჯერად მეოთხედფინალში მოხვედრასა და კიდევ უფრო წინ წასვლაზე უნდა ვიფიქროთ.
რატომ არ უნდა ვიბრძოლოთ რომელიმე სინჯის მედლისთვის? თუ არ დაიჯერებ, რომ ეს შეგიძლია, მიზანს ვერასოდეს მიაღწევ.
საქართველოს ნაკრებს ნებისმიერი ტოპ-გუნდის დამარცხება შეუძლია, რაშიც ამ უქმეებზეც დავრწმუნდით, ჯერ ლატვიას აჯობა, შემდეგ ლიტვას. დაგვაკლდება ვიქტორ სანიკიძე. კი ამბობენ, შეუცვლელი არავინააო, მეც ვეთანხმები, მაგრამ ვიქტორის შეცვლა ძალიან რთული იქნება. ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას.
- 30 წელს გადაცილებული კალათბურთელები ხშირ შემთხვევაში შემოსავლიანი კონტრაქტების გაფორმებაზე ზრუნავენ. შარშან გქონდა გაცილებით სარფიანი შემოთავაზებები, მაგრამ "გოლდენ სტეიტში" გადასვლა გადაწყვიტე...
- მართლაც იყო უკეთესი ვარიანტები ფინანსების მხრივ, მაგრამ ფული ვერასოდეს მოგიტანს ისეთ ემოციას, ისეთ სიხარულს, რაც სეზონის ბოლოს ჩემპიონობით განვიცადე. ამას ფასი არა აქვს, ვერ იყიდი. ვამაყობ, რომ 2016 წლის ზაფხულში "გოლდენ სტეიტში" გადასვლის გადაწყვეტილება მივიღე. როდესაც კონტრაქტს აფორმებ, უამრავ ნიუანსზე ფიქრობ. შეიძლება იმაზეც დაფიქრდე, რომ მსოფლიოში ძალიან, ძალიან ბევრი ადამიანია, ჩემზე ნაკლები ხელფასით.
ღმერთის მადლობელი ვარ, რომ ასეთ ლიგაში თამაშის საშუალება მაქვს. ხოლო თუ ის ფული, რამდენსაც "გოლდენ სტეიტში" ვიღებ, ვინმეს არასაკმარისად მოეჩვენება, მაშინ ასჯერ მეტიც რომ აიღოს, არც ის ეყოფა...
- თემა 2017 წლით განვაგრძოთ. წლეულს თუ იყო საინტერესო შემოთავაზებები და თუ დაფიქრდი "უორიორსიდან" წასვლაზე?
- როდესაც სატრანსფერო ბაზარი იხსნება, სხვა გუნდებსაც უნდა მისცე შანსი. "გოლდენ სტეიტში" თავს მშვენივრად ვგრძნობდი, მსოფლიოს მასშტაბის ვარსკვლავებთან, უდიდესი ნიჭის ადამიანებთან ვთამაშობდი. ნამდვილად არ მინდოდა ისეთი გუნდი გამოჩენილიყო, გაცილებით საინტერესო კონტრაქტი რომ შემოეთავაზებინა. მინდოდა ოკლენდური თავგადასავალი 2017-18 წლებშიც გაგრძელებულიყო.
საბედნიეროდ, როდესაც სატრანსფერო ბაზარი გაიხსნა, "უორიორსის" ხელმძღვანელობამ იმავე დღეს დამირეკა და მითხრა: შენი ადგილი შენარჩუნებულია, თუ სურვილი გექნება, ხელახალი კონტრაქტი გავაფორმოთო. იოლი წარმოსადგენია, რამდენს ნიშნავს, როდესაც ასეთ ნდობას გრძნობ, ასეთი დონის გუნდი განგიხილავს სასტარტო ცენტრის პოზიციაზე. ჩემს მენეჯერს მალევე ვუთხარი - სხვა კლუბებთან მუშაობა საჭირო აღარ არის, "გოლდენ სტეიტში" ვრჩები-მეთქი.
- კიდევ რამდენი წელი აპირებ კალათბურთის თამაშს და კარიერის დასრულების შემდეგ პოლიტიკოსობაზე თუ ფიქრობ?
- კალათბურთი ჩემი ცხოვრებაა. თამაშით დიდ სიამოვნებას ვღებულობ. სანამ გული და გონება არ მეტყვის, საკმარისიაო, მანამ ვითამაშებ. როდესაც საქმე სპორტს ეხება, უნდა გაგიმართლოს კიდეც, რადგან სპორტი და ტრავმიანობა ერთმანეთის გარეშე არ არსებობს. მით უმეტეს, საქმე განსაკუთრებით მაშინ რთულდება, როცა 30 წელს გადააბიჯებ.
პროფესიონალი კალათბურთელის კარიერა ძალიან ადრეულ ასაკში დავიწყე და საშუალება არ მქონია, უნივერსიტეტი დამემთავრებინა. სწორედ ამიტომ დანაკლისს ზაფხულობით ვინაზღაურებ, ყოველწლიურად უნივერსიტეტების პროგრამებში ვიღებ მონაწილეობას. წლეულსაც ვიყავი კურსებზე.
რაც შეეხება პოლიტიკას, ჩემამდეც მოვიდა ხმა, თითქოს, კარიერის დასრულების შემდეგ პოლიტიკაში ვაპირებდე წასვლას. მიმაჩნია, რომ ყველამ ის უნდა გააკეთოს, რაც სიამოვნებს და აინტერესებს. პოლიტიკა კი ის სფერო არ არის, რაც მაინტერესებს. ასე რომ, კარიერის დასრულების შემდეგ პოლიტიკაში ნამდვილად არ წავალ.
- ჩემპიონობის ზეიმის დროს თურქულ ტელევიზიას ესაუბრე. წყენა ხომ არ დაგრჩა გულში, ქართული მედიიდან შენი ტრიუმფის გასაშუქებლად რომ არავინ ჩამოვიდა?
- წყენა არ ყოფილა. უბრალოდ, მაკლდით. გამარჯვება გავიზიარე ჩემს ახლობლებთან, ოჯახის წევრებთან ერთად. კარგი იქნებოდა, ქართველი ჟურნალისტებიც იქ ყოფილიყვნენ. ერთადერთი, ვინც შეიძლება ნაწყენი დარჩენილიყო, ქართველი გულშემატკივარია, რომლისთვისაც უთუოდ საინტერესო იქნებოდა ოკლენდიდან გადმოცემული ქართული რეპორტაჟი.
- ილიას ზუროსზე რისი თქმა შეგიძლია?
- მწვრთნელმა 3 კვირით გამათავისუფლა და კარგის მეტი რა მეთქმის? მასზე გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგებიც დადებითად მეტყველებს. შედეგს ვერც ერთი გუნდი ვერ მიაღწევს, თუ კალათბურთელი და მწვრთნელი ერთნაირად არ ფიქრობს.
- "გოლდენ სტეიტის" მთავარი მწვრთნელი სტივენ კერი ავადმყოფობის გამო შუა სეზონში გუნდთან ვერ იყო. ამან როგორ იმოქმედა თქვენს თამაშზე?
- მას კლუბში სისტემა ისე აქვს აწყობილი, რომ ავადმყოფობის დროსაც კი არაფერი შეცვლილა. მისი შრომა განსაკუთრებით უნდა დაფასდეს. ვერ წარმოიდგენთ, რაოდენ რთულია ვარსკვლავებით გაჯერებული გუნდის ერთი მიზნისთვის გაერთიანება, ერთ მუშტად შეკვრა. ბოლოს და ბოლოს, ვარსკვლავი უამრავია, ბურთი კი - ერთი. "გოლდენ სტეიტში" კი ბურთს ყველა კარგად ვიყოფდით. იმდენად კარგად, რომ პლეი-ოფში ერთადერთი მატჩი წავაგეთ. იმედია, ამ ერთ მარცხს გვაპატიებთ.
- რამდენად რთულია "უორიორსში" სასტარტო ცენტრის პოზიციის შენარჩუნება?
- შორიდან მოვუვლი: ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ყოველწლიურად 60 ახალი კალათბურთელი შემოდის. ამდენივე გადის, რადგან შემადგენლობაში სულ 15 ადგილია. "გოლდენ სტეიტშიც" 15 ადგილია, აქედან ერთი - სასტარტო ცენტრისთვის. შემთხვევით არაფერი ხდება, აქეთკენ სვლა დიდი ხნის წინ დავიწყე. ყოველწლიურად ბევრს ვმუშაობ, თავს არ ვზოგავ, რომ დასახულ მიზანს მივაღწიო. რადგან "გოლდენ სტეიტში" ვარ, ე.ი. სწორად ვმუშაობ, სწორად ვიქცევი.
რაც უფრო ასაკი გემატება, მით მეტი ვარჯიშია საჭირო. წლეულს თავისთვის დიდი ხნით დასვენების უფლება არ მიმიცია, რადგან კუნთების ბოლომდე მოდუნება არ შეიძლება. ასე რომ, საქართველოს ნაკრებისთვის ინდივიდუალურად ვემზადებოდი და გუნდს, ასე თუ ისე, ნორმალურ კონდიციებში შევუერთდები.
- ზაზა ფაჩულიას საკალათბურთო აკადემიას წლეულს წარმატებები ჰქონდა...
- აკადემიის გახსნა ძალიან მინდოდა, მაგრამ დიდუბის მანეჟის გადმოცემის საკითხი რომ დადგა დღის წესრიგში, ბევრი ვიფიქრე. სერიოზული პასუხისმგებლობაა. მე ხომ უამრავი ბავშვის ბედი უნდა ჩამებარებინა. პირველ წელს 300-მდე ბავშვი ვარჯიშობდა, მეორე წელს - 600-მდე. მათი რაოდენობა ორჯერ გაიზარდა, პასუხისმგებლობამაც მოიმატა. აქამდე ორი უცხოელი მწვრთნელი მუშაობდა, წლეულს მესამეც ჩამოგვყავს ამერიკიდან. ასე რომ, კიდევ უფრო გავფართოვდებით და მეტ წარმატებასაც მივაღწევთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"