კალათბურთელი იტალიაში იმყოფება და აღდგენით პროცედურას გადის. საინტერესოა, რას ფიქრობს გამოცდილი მოთამაშე მომდევნო ორ დაპირისპირებაზე, რა აზრისაა საქართველოს ნაკრების მომავალზე...
ამ და სხვა თემებზე სასაუბროდ Sportall.ge მარკოიშვილს დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩაწერა.
- პირველ რიგში, თქვენს ჯანმრთელობაზე გკითხავთ. საქართველოს ნაკრების უახლოეს მატჩებში ტრავმის გამო ვერ ითამაშებთ. როგორია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა და როდის დაუბრუნდებით პარკეტს?
- სამწუხაროდ, ჯერ ისევ რეაბილიტაციას გავდივარ და ამ დღეებში
- საქართველოს ნაკრები მომდევნო ორ შეხვედრას მნიშვნელოვანი დანაკლისით ხვდება. რას იტყოდით მომავალ ორ თამაშზე, რა შანსები აქვს ჩვენს გუნდს?
- რა თქმა უნდა, ძალიან რთული შეხვედრები გველის. მჯერა ჩვენი ბიჭების და დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გააკეთებენ, რომ წარმატებას მიაღწიონ! დანაკლისი ნამდვილად დიდია, თუმცა ამას თავიდანვე შეგუებულნი ვიყავით.
- თქვენი აზრით, ვინ უნდა ულიდეროს ნაკრებს მომდევნო ორ შეხვედრაში?
- რა თქმა უნდა, ძირითადი აქცენტი გუნდურ თამაშზე იქნება გაკეთებული. გამოცდილებით ნიკოლოზ ცქიტიშვილი, მაიკლ დიქსონი და გიორგი ცინცაძე გამოირჩევიან... ალბათ, ლიდერობასაც ეს მოთამაშეები იტვირთავენ.
- ჩაწყობილი თამაშების ბრალდებით ბოლო პერიოდში საქართველოში კალათბურთში მოღვაწე ხუთი პიროვნება დააკავეს. მათ შორის მსაჯები და კლუბის მწვრთნელი არიან. რას ფიქრობთ ამის შესახებ?
- სამწუხაროდ, ცუდი ფაქტი მოხდა და სამწუხაროა, რომ გარკვეულმა პირებმა შეძლეს მათი ამ მაქინაციაში ჩართვა. იმედი მაქვს, მომავალში ასეთი რაღაც აღარ განმეორდება.
- აღნიშნულ პიროვნებებს, ვინც გარიგებულ თამაშებში არიან ბრალდებულნი, თავდებში დაუდგნენ კალათბურთში მოღვაწე პირები. რას იტყოდით ამის შესახებ? ზოგმა თქვა, რომ მათ შანსი კიდევ უნდა მიეცეთ...
- ჩვენ ძალიან პატარა ქვეყანა ვართ და საკალათბურთო სამყარო კიდევ უფრო მცირეა. ნამდვილად არ გვყავს დასაკარგი არც მსაჯები და არც მწვრთნელები, რომლებთაც დიდი წვლილი მიუძღვით კალათბურთის განვითარებაში.
მიხარია, რომ საკალათბურთო სამყარო მათ აძლევს შანსს, თავიანთი საქმიანობა პირნათლად გააგრძელონ და ემსახურონ "ჯანსაღი" სპორტის განვითარებას.
- როგორ მიდის თქვენი საქმეები "რეჯიო ემილიაში"? რისთვის იბრძოლებს გუნდი?
- რეგულარული სეზონის დასრულებამდე 11 შეხვედრაა დარჩენილი და პლეი-ოფში მოხვედრის შანსი კიდევ გვაქვს დარჩენილი. ამისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ, შემდეგ კი მომავალი გვიჩვენებს.
რაც შეეხება ევროთასს, მალე "ზენიტთან" ნახევარფინალში გასვლისთვის ბრძოლა მოგვიწევს და იმედია, ჩვენი მოედნის უპირატესობას გამოვიყენებთ და შევძლებთ სასურველი შედეგის მიღწევას.
- მარკოიშვილი, შენგელია, შერმადინი, სანაძე ბურჯანაძე... კალათბურთელები, რომლებიც ნაკრებს ვერ დაეხმარებიან. თქვენი აზრით, მათი დაბრუნების შემდეგ რისი მიღწევა შეუძლია ჩვენს ნაკრებს?
- ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის თითოეული ლეგიონერი მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, რომ ზაფხულის 2 შეხვედრაში სრული შემადგენლობით ვიქნებით და მჯერა, რომ იმ ორ მატჩში წარმატებას მივაღწევთ.
- თქვენთვის რომელია ყველაზე დასამახსოვრებელი შეხვედრა საქართველოს ნაკრების მაისურით?
- ბევრი თამაში მაქვს ჩატარებული ნაკრებში და თითოეული გამარჯვება ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო. სამწუხაროდ, ბევრი დასანანი მარცხიც მახსოვს... განსაკუთრებით, ბოლო ევროპის ჩემპიონატზე და ახლაც მჯერა, რომ მეტის გაკეთება შეგვეძლო.
- რა რჩევას მისცემდით იმ კალათბურთელებს, რომლებიც ხვალ და 25-ში საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ფორმას მოირგებენ?
- მე უბრალოდ ვგულშემატკივრობ ნაკრებს და დანარჩენ რჩევებს ილიას ზუროსისგან მიიღებენ. მთავარია, რომ მათ ეს შეასრულონ. მჯერა ჩვენი ნაკრების და მიუხედავად სირთულეებისა, მჯერა მათი ბრძოლისუნარიანობის! დარწმუნებული ვარ, მოსაგებად ყველაფერს გააკეთებენ.
- რას გეგმავს მანუჩარ მარკოიშვილი სამომავლო კარიერაში, დარჩება თუ არა "რეჯიო ემილიაში" და აპირებს თუ არა კარიერის დასრულების შემდეგ სამწვრთნელო საქმიანობას?
- ვცდილობ, მოვლენებს არ გავუსწრო და ვისიამოვნო იმით, რაც დღეს მაქვს. ძალიან კარგ გუნდში ვარ და მიხარია, რომ 1-წლიანი ტრავმის შემდეგ პარკეტზე ვიყო და ვაკეთო ის, რაც ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს.
იმედი მაქვს, რომ მე და ჯანმრთელობამ ერთმანეთს თუ ხელი შევუწყვეთ, რამდენიმე სეზონის ჩატარებას კიდევ შევძლებ. მწვრთნელობაზე კი მოგვიანებით დავფიქრდები.
- საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი თორნიკე შენგელია ევროლიგის MVP-ის ერთ-ერთი კანდიდატია...
- თოკოს შესანიშნავი სეზონი აქვს და ევროლიგაზე მისნაირი 4 ნომერი უნივერსალი დღეს არავინ არ არის. ნამდვილი პროფესიონალი, სამაგალითო პიროვნება და კალათბურთელია. ისე, მეტსაც იმსახურებს და მიაღწევს კიდეც.
- რა შეუძლია თქვას მანუჩარ მარკოიშვილმა განვლილ კარიერაზე, რა არის მისი მთავარი მიღწევა და რას ნანობს იგი?
- არ მიყვარს განვლილ კარიერაზე ფიქრი... ამას კარიერის დასრულების შემდეგ ვამჯობინებ. ვცდილობ, მომავალზე ვიფიქრო და ხვალ დღევანდელზე უკეთესი მოთამაშე ვიყო.
არაფერს ვნანობ და თუ რამე შეცდომა დავუშვი, კარგ გაკვეთილად გამომადგება.