მადლობა, მაიკლ... - დიდი დანაკლისი საქართველოს ნაკრებისთვის

AutoSharing Option
სტატიას ფიბას საიტზე არსებული მრავლისმეტყველი ცხრილით დავიწყებდი, რადგან ის მალე წაიშლება: 

Sportall.Ge

მაიკლ დიქსონი საქართველოს ნაკრების წევრი აღარ არის, ის დიქსონი, რომელიც ბოლოს ამბობდა:

"თებერვალში მართლაც დიდი გამოცდა გველის. იმედი მაქვს, ის ბიჭები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო გვაკლდნენ, დაგვიბრუნდებიან და მომავალი ფანჯრისთვის უძლიერესი შემადგენლობით ვიქნებით. მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაცია ის ტურნირია, სადაც თავის გამოჩენის შანსი ბევრ ნაკრებს ეძლევა.

საკალათბურთო ზეიმად მიჩნეულ ფინალურ ეტაპზე მონაწილეობა ყველას სურს და ჩვენს მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა მიზანს მივაღწიოთ. პირადად ყველაფერს გავიღებ, რათა საქართველო მსოფლიო პირველობაზე მოხვდეს. საქართველოს
ნაკრებს დიდებული ქომაგები ჰყავს, რომელთაც კალათბურთი ძალიან უყვართ".

altმაიკლ დიქსონი: ყველაფერს გავიღებ, რომ საქართველო მსოფლიო პირველობაზე მოხვდეს!


პირველ რიგში, ჟურნალისტზე მეტად საქართველოს ნაკრების ქომაგი ვარ და ჩემი პირადი აზრია, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს ნაკრებმა ყველაზე დიდი დანაკლისი განიცადა.

ჩვენს ნაკრებში იყვნენ თუ არა ლიდერები, დიქსონი ყოველთვის ბოლომდე თამაშობდა. ის თამაშობდა ისე, რომ თითქოს სადღაც, რომელიღაცა ქართული კუთხის სოფელში დაიბადა და სამშობლო გასისხლხორცებული ჰქონდა. თითოეული მისი ინტერვიუ საქართველოსა და ქართველი ქომაგის სიყვარულით იყო განმსჭვალული.

altსაქართველო ჩემი მეორე სახლია - 10 ფაქტი მაიკლ დიქსონის შესახებ


გაჭირვების ჟამს დიქსონი პარკეტზე ყველა პოზიციას ითვისებდა. ის იყო ლიდერიც, მცველიც, შემტევიც, გამთამაშებელიც, ზოგჯერ ცენტრიც და ა.შ. ის მუდმივად ცდილობდა ქართველი გულშემატკივრის ემოციის მოპოვებას და მისი ჟესტებით მოუწოდებდა, აჰყოლოდნენ მას.

თითქმის ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენი ნაკრების წევრი გახდა და ყველგან, სადაც კი დაიწერა, რომ ის წავიდა, უბრალოდ, კომენტარები უნდა წაიკითხოთ. ადამიანი არ მოიძებნება, რომელსაც მისი წასვლა გაუხარდა და ეს სიყვარული, რაც მის მიმართაა კომენტარებში, მან ამ ორ წელიწადში მოიპოვა.

ერთი პარადოქსიც იყო ამ ორწლიან ურთიერთობაში: მაიკლ დიქსონს, სადაც უნდა ეთამაშა - საფრანგეთსა თუ თურქეთის მეორე ლიგაში, მას ნაკრებში ბევრად უკეთესი სტატისტიკა ჰქონდა და კლუბში ამდენ შრომას ნამდვილად არ დებდა.

რატომ წავიდა მაიკლ დიქსონი? ვერ ვიტყვი, რომ კონტრაქტი დაუმთავრდა, რადგან მას ხელშეკრულება ევრობასკეტის შემდეგ შეუწყდა და იმის მიუხედავად, რომ ევროპული პასპორტი მიიღო, ნაკრების დახმარებაზე უარი არ უთქვამს. თბილისში ილიას ზუროსის ჩამოსვლას ელოდებიან და შემდეგ გაირკვევა, ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება, კალათბურთელმა, ფედერაციამ თუ ზუროსმა.

altმაიკლი ისევ ჩვენია - დიქსონმა ქართველობა არ დათმო


29 ივნისს თბილისში ურთულესი შეხვედრა გველის სერბეთის ნაკრებთან. თუ ოდნავ მაინც ვფიქრობთ მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრაზე, ეს შეხვედრა უნდა მოვიგოთ. თუმცა სერბეთის ნაკრები იმდენად ძლიერი შემადგენლობით ჩამოდის, რომ ან იღბალი უნდა იყოს ჩვენ მხარეს, ან ქართველმა კალათბურთელებმა საკუთარი შესაძლებლობები ორმაგად უნდა გამოავლინონ.

და ამ დროს არ გვეყოლება კალათბურთელი, რომელმაც საკვალიფიკაციოზე 108 ქულა ჩაყარა (საშუალოდ 27 ქულა შეხვედრაში), 22 შედეგიანი გადაცემა გააკეთა (საშუალოდ 5,5 შეხვედრაში), 18 მოხსნა (საშუალოდ 4,5 შეხვედრაში) და ამავდროულად, მხოლოდ 3 წუთს ისვენებდა.

ვერაფერს ვიტყვი ტადუს მაკდაფენზე, სანამ სპორტის სასახლის პარკეტზე არ ვნახავ, რომელსაც კლუბში დიქსონზე უკეთესი სტატისტიკა ჰქონდა. მაგრამ განა ის 29-მდე საქართველოს ნაკრებთან შეთამაშებასა და ამავდროულად, შეგუებას მოასწრებს? განა ის ისეთივე გულითა და სიყვარულით ითამაშებს, როგორც მაიკლ დიქსონი? ერთი ნახვით სიყვარული არსებობს, თუმცა ეს სპორტში არ ხდება, ამას გარკვეული დრო სჭირდება.

altსაქართველოს ნაკრებში დიქსონს საბერძნეთის ჩემპიონატის ბომბარდირი მაკფადენი შეცვლის [VIDEO]


არ გამოვრიცხავ, რომ მაიკლ დიქსონს სულ სხვა მიზნები ჰქონოდა, მაგრამ მისი პერსონისგან მიჭირს იმის დაჯერება, რომ მას თუნდაც საქართველოს ნაკრების ამ ორ შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი ეთქვა. დაველოდოთ, აბა, ილიას ზუროსს, რას იტყვის...

მაიკლ დიქსონის სტატისტიკა საქართველოს ნაკრებში: 14 ოფიციალური შეხვედრა, 469 წუთი (საშუალოდ 33:33 წუთი შეხვედრაში), 260 ქულა (საშუალოდ 18.6 ქულა), 69 გადაცემა (საშუალოდ 4.9) 43 მოხსნა (საშუალოდ 3.1 მოხსნა).
მკითხველის კომენტარები / 19 /
მაიკლ მადლობა! წარმატებები ყოველთვის და ყველგან!
ბექნუ
03:00 14-06-2018
0
კომენტარებს ვკითხულობ და მიკვირს, საიდან ასეთი ბოღმა ქვეყანაში ყველა სახის ადმინისტრაციის მიმართ. თუ რაიმე კარგი, მოსაწონი და წარმატებულია, ადმინისტრაციები(ამ შემთხვევაში კალათბურთის ფედერაცია) არავის ახსოვს. თუ რაიმე არ მოწონთ, მაშინვე ადმინისტრაციას მიადგებიან. თავად ამ კრიტიკოსებს კი, როგორც ყოველთვის, ცხოვრებაში თითი თითზე არ დაუკარებიათ და მხოლოდ ჩასაფრებულის პოზიციიდან უდგებიან ყველაფერს. თქვე კაი ხალხო, დიქსონი რომ ჩამოიყვანეს, მაშინ არ იცნობდით და არჩევანს უწუნებდით. მერე გაიძახოდით, ფულს უხდიანო და აღმოჩნდა უფასოდ თამაშობდა. ახლა თავად იმ კაცმა აღარ დადო ახალი კონტრაქტი(თუმცა უკონტრაქტოდ დამატებით 5 თვე ითამაშა და ფედერაციას აბრალებთ. ზუროსი დანიშნეს მთავარ მწვრთნელად ად საიდან მოიყვანესო. აღმოჩნდა უმაღლესი კლასის სპეციალისტი იყო და მილიონებს რატომ იხდით უცხოელებშიო. მერე ისიც გაირკვა, საკმაოდ დაბალი ხელფასი ქონდა და სხვა რომ ვერაფერი მოუძებნეს, ემოციური რატომ არისო. სანიკიძის ტრავმა ისეთია, მისი სპორტში დაბრუნება დიდი რისკია, ამასაც ფედერაციას აბრალებთ. ფაჩულია ნბა-ს გამო მსოფლიოს შესარჩევზე ვერ გამოვიდა, თანაც უკვე სანაკრებო კი არა, საქართველოს ჩემპიონატის დონეზეა და ამასაც ვიღაცას აბრალებთ და კიდევ უამრავ მიზეზს ეძებთ, ესა თუ ის ადმინისტრაცია დაადანაშაულოთ. ამ დროს, მსოფლიო რეიტინგში 47-ე ადგილიდან 26-ზე ავიდნენ, 16 წლიანები უმაღლეს ლიგაში გადავიდნენ, გოგონებმა ერთი ლიგით წინ წაიწიეს, საქართველოს ჩემპიონატს "ა" ლიგა და სუპერლიგას 2 გუნდი დაემატა, სხვადასხვა ასაკებში გაცილებით მეტ საერთაშორისო ტურნირზე მონაწილეობენ, ვიდრე ახლა და წარმატებებს აღწევენ, და უამრავი სხვა მაღალი შედეგია მიღწეული. საქართველოს ჩემპიონატზე დასწრება უფასოა, თამაშებზე კი არავინ დადის, რადგან არ არიან გულშემატკივრები. რაღაც არ მოეწონებათ(თავადაც არ იციან რა) და უამრავი ვითომ "გულშემატკივარი" გამოჩნდება და სრულიად უმიზეზოდ ადმნისტრაციას საყვედურობენ. მოკლედ, მადლობა დიქსონს მაღალი დონის და გულიანი თამაშისთვის, მადლობა ფედერაციას, ასეთი კაცის ჩამოყვანისა და იმ ორ წელში სიამოვნების მონიჭებისთვის. იმედია, ტედ მაკფადენი არანაკლებად გაირჯება და მეტ ქულებს დადებს. მადლობა ყველას, ვინც თუნდაც მცირედით ცდილობს ქართულ სპორტს ხელი შეუწყოს. მტრები და ვაი "გულშემატკივრები" ყოველთვის იქნებიან. ეს ნიშნავს, რომ საქმე კეთდება და ეს კეთება ვიღაცეებს აღიზიანებს.
კოტე
16:21 12-06-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული