პაატა გურასპაულის შემაჯამებელი ინტერვიუ

AutoSharing Option
კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა 2020 წელი შეაჯამა. გთავაზობთ პაატა გურასპაულის ვრცელ ინტერვიუს, რომელიც TSFF.Ge-მ (თბილისის სპორტული ფილმების ფესტივალი) ჩაწერა.

უკვე განვლილ წელი საკმაოდ რთული აღმოჩნდა სპორტის იმ სახეობებისთვის, რომლებსაც ტურნირების ჩატარება დახურულ სივრცეში მოუხდათ. კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვების გამო საქართველოში ბევრი ტურნირი გადაიდო ან საერთოდ ჩაიშალა. ერთ-ერთი პირველი, რომელმაც კრიზისიდან გამოსვლა დაიწყო, კალათბურთი იყო… გულშემატკივრის გარეშე, მაგრამ საქართველოს კალათბურთის ფედერაციამაც მოახერხა ნელ-ნელა „სიჩქარეების ამოქოქვა” და ეს თუნდაც იმიტომ გააკეთა, რომ ის უფლება, რომელიც ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მასპინძლობით გვერგო, წყალში არ გადავყაროთ.
დიდ ფორუმს შესაბამის მზადყოფნაში უნდა შეხვდეს ფედერაცია, სპორტული საზოგადოება, ქვეყანა და თითოეული ჩვენგანი… ეს მზადყოფნა მხოლოდ სათამაშო პარკეტზე გასული სპორტსმენებით ანდა ინფრასტრუქტურით, რომლის მშენებლობაც ვადებში გრძელდება, არ შემოიფარგლება. ის, რომ ქვეყანა მნიშვნელოვანი ფორუმისთვის ემზადება, უნდა იგრძნობოდეს ყველგან და ყველაფერში… სამზადისი კი, ურთულესი პირობების მიუხედავად, რაც ისევ და ისევ პანდემიით არის გამოწვეული, სწორედ 2021 წლიდან უნდა გაძლიერდეს.

მანამდე კი ჩვენი გვერდი, TSFF.Ge შეეცადა, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტისგან, პაატა გურასპაულისგან შეეტყო, რა გაკეთდა, სად შეგვაფერხა კორონამ და როგორ ვაპირებთ „ცხოვრების” გაგრძელებას ჯერ ევრობასკეტამდე და შემდეგ კიდევ გადავხედავთ…

– რამდენიმე წინადადებით რომ შევაფასოთ ეს უცნაური 2020 წელი და მერე თემების მიხედვით ჩავშალოთ?

– მართლაც რომ „განსაკუთრებული” იყო ეს წელი იმიტომ, რომ არა მარტო საკალათბურთო სამყაროს, არამედ მთლიანად ქვეყნის ცხოვრება შეიცვალა კარდინალურად. გავიხსენოთ, რომ წლის დასაწყისიდან მოდის ეს ყველაფერი და არა სექტემბრიდან, იმიტომ, რომ უკვე იანვრის თვეში იყო კონტურები იმისა, რომ რაღაც ისეთი მოხდებოდა, რასთანაც შეხება მანამდე არ გვქონია და სწორედ თებერვლიდან დაიწყო ეს საგიჟეთი. ასე რომ, მართლაც უცნაური თუ განსაკუთრებული იყო ეს წელი და კარგია ის, რომ უკვე წელი მთავრდება და ასე თუ ისე ჩვენ მაინც ვმოქმედებთ, ვცოცხლობთ და ვაკეთებთ იმ საქმეს, რაც აუცილებელია ქართული კალათბურთის განვითარებისთვის.

– დავიწყოთ სუპერლიგით. სამწუხაროდ, ისე დაემთხვა, რომ კორონავირუსის გამო სეზონი ვერ დასრულდა… შეგვეძლო თუ არა სხვანაირად გაგვეკეთებინა ეს თემა და თუ არა, რა გართულება შეიძლებოდა მოჰყოლოდა, ვინაიდან გულშემატკივრის პრობლემა ისეც და ასეც გვაქვს…

– როგორც უკვე აღვნიშნე, ეს იყო ჩვენთვის მოულოდნელი, პირველად შევეჯახეთ ასეთ სირთულეებს და „ჩვენში” ვგულისხმობ მთელ ქვეყანას. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია იყო პირველი, რომელმაც დახურულ სივრცეში მიმდინარე სპორტულ აქტივობებზე მაყურებელთა დასწრება აკრძალა. მარტის დასაწყისიდან ასაკობრივი ჩემპიონატების ჩატარება შეწყდა, ხოლო სუპერლიგისა და “ა” ლიგის მატჩებზე გულშემატკივართა დასწრება აიკრძალა. ქვეყანაში და ზოგადად მსოფლიოში პანდემიის გაძლიერების გამო მარტის შუა რიცხვებში ეს ჩემპიონატებიც შეჩერდა.

შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების მიერ დაწესებული რეგულაციების ხანგრძლივობის გამო ცხადი გახდა, რომ საქართველოს ჩემპიონატები ვეღარ გაგრძელდებოდა, თუმცა, კლუბების ინტერესებიდან გამომდინარე, კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ არ იჩქარა სუპერლიგისა და “ა” ლიგის დასრულებულად გამოცხადება და ამ გადაწყვეტილების მისაღებად გამგეობა მას შემდეგ შეკრიბა, რაც საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი გუნდებისთვის დაფინანსების დაფარვის გარანტია მიიღო. სუპერლიგისა და “ა” ლიგის ყველა გუნდმა სრულად მიიღო 2019-20 წლების გრაფიკით გათვალისწინებული თანხა, ხოლო შეწყვეტილი ჩემპიონატების მომსახურე მსაჯებმა, მდივნებმა და ტექნიკური სამსახურის წარმომადგენლებმა ფედერაციის მიერ შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან აქტიური თანამშრომლობის შედეგად სათანადო კომპენსაციები მიიღეს. პანდემიის პერიოდში ფედერაციამ ფინანსური დახმარება გაუწია ვეტერან კალათბურთელებს, ხოლო პანდემიასთან ბრძოლის ფონდში (StopCoV) გარკვეული თანხა გადარიცხა.

მე არასწორად მიმაჩნია, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ არათუ ჩაამთავრა ჩემპიონატი, არამედ ჩემპიონი გამოაცხადა. არც სინდისი და არც სამართლიანობის გრძნობა არ მოგვცემდა იმის საშუალებას, რომ ასეთ პირობებში, დაუსრულებლად, რომელიმე გუნდი ან ჩემპიონად გამოგვეცხადებინა, ან ლიგიდან გაგვეგდო. იგივე ეხება „ა” ლიგას. ასე რომ, დღევანდელი გადასახედიდანაც ვფიქრობ, რომ თებერვლის და მარტის თვეში, სამწუხაროდ, სხვანაირად ვერ ვიმოქმედებდით.

– ამ მხრივ სხვა ტურნირების ბედზე რას იტყვით, სხვა ლიგები, ქალთა ტურნირი…

– რასაკვირველია, ეს შეეხო არა მხოლოდ სუპერლიგას, არამედ ყველა ტურნირს. კოვიდ 19-ის პანდემიის გამო საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ ვერ დაასრულა სტუდენტური ლიგა და ასაკობრივი ჩემპიონატები, ხოლო ისეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებები, როგორებიცაა Junior NBA-GBF ლიგა, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი 3X3 კალათბურთში და ქალთა ლიგა, პანდემიის გამო საერთოდ ვერ დაიწყო. მიუხედავად ამისა, ფედერაცია ყველანაირად ცდილობდა საკალათბურთო აქტივობების შენარჩუნებას, რაც შიდა ონლაინსემინარებში, კონფერენციებსა და საერთაშორისო ონლაინპლატფორმებში ჩართულობაში გამოიხატა. აპლიკაცია ZOOM-ის მეშვეობით სისტემატურად ტარდებოდა მწვრთნელთა და მსაჯთა როგორც შიდა, ისე საერთაშორისო სემინარები, რომლებშიც ჩართულნი იყვნენ ფიბას წარმომადგენლები.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია იყო პირველი, რომელმაც პანდემიური ვითარების დასტაბილურების შემდეგ როგორც ვარჯიშების, ისე ტურნირების ჩატარების მხრივ დახურულ სივრცეში სპორტული აქტივობა განაახლა. ფედერაციის მიერ შემუშავებული სპეციალური პროგრამით, რომელიც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ოფიციალურად დაამტკიცა, სპორტკომპლექს „არენაში” ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების უკონტაქტო ვარჯიშები ივნისის ბოლოს განახლდა და 4 კვირის მანძილზე მიმდინარეობდა. ვარჯიშებში ჩართულნი იყვნენ საქართველოს ეროვნული, 20, 18, 16, 14, 13-წლამდელთა, ასევე გოგონათა ნაკრებების წევრები და კანდიდატები. უკონტაქტო ვარჯიშების პროგრამაში მთლიანობაში ნაკრები გუნდების დაახლოებით 150-მდე კანდიდატმა მიიღო მონაწილეობა.

მნიშვნელოვანია, რომ პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ შეიმუშავა სრულიად ახალი პროექტი, სახელწოდებით „მოთამაშეთა განვითარების ლიგა”, რომელიც პირველად განხორციელდა. მოთამაშეთა განვითარების ლიგა მომავალში ტრადიციული გახდება და საერთაშორისო სტატუსს შეიძენს. ლიგის ძირითადი მიზანი მოთამაშეებისთვის და მწვრთნელებისთვის თავის წარმოჩენის, კლუბებთან თანამშრომლობის შესაძლებლობლობაა. ლიგაში მონაწილეობა მოთამაშეებისთვის წინასასეზონო მომზადების, ხოლო მწვრთნელებისთვის და კლუბების ხელმძღვანელობისთვის კალათბურთელებზე დაკვირვების და სელექციის კარგ საშუალებას წარმოადგენს.

მოთამაშეთა განვითარების ლიგა გახლდათ პირველი ტურნირი, რომელიც კოვიდ-19-ის პანდემიის შემდეგ საქართველოში ჩატარდა და საყოველთაო მოწონება დაიმსახურა. კლუბების ხელმძღვანელებმა ტურნირი დადებითად შეაფასეს და მისი დასრულების შემდეგ არაერთ პერსპექტიულ მოთამაშეს კონტრაქტი გაუფორმეს.

ამ ეტაპზე, 2021 წლისთვის ზემოხსენებული ჩემპიონატები აუცილებლად უნდა დავიწყოთ. ჩვენ შევეცდებით, რომ ყველანაირი რეგულაციისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვით ჩავატაროთ აღნიშნული ჩემპიონატები, იმიტომ, რომ ქალთა ლიგებშიც და განსაკუთრებით ბავშვებში ერთი წლის სრულად ჩაგდება ძალიან უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება. ამიტომ, ეროვნული ფედერაცია ყველა შესაძლო ხერხს მიმართავს, რომ ყველა ასაკობრივი ჩემპიონატი და ქალთა ლიგა ჩაატაროს.

– დამაინც, მიუხედავად იმისა, რომ სიტუაცია არ ჩაწყნარდა, მაინც შემოდგომიდან კალათბურთის ფედერაციამ მოახერხა იგივე დადიანის მემორიალის ჩატარება. რაც მთავარია, დავიწყეთ სუპერლიგა… ამ მძიმე ვითარებაში, განსაკუთრებით, მეორე ტალღის ფონზე, როგორ ვახერხებთ და ჩემი აზრით, კარგად ტარდება, ჩემპიონატის ჩატარებას? ხომ არ ემუქრება კვლავ შეჩერების საფრთხე?

– ყველანაირად შევეცადეთ, გაგვეთვალისწინებინა ყველა ის ბარიერი, რაც შეიძლებოდა დამდგარიყო ოქტომბრიდან დაწყებულ სუპერლიგის გათამაშებაზე. მინდა გითხრათ, რომ აუცილებლად დამთავრდება, თუკი მართლა რამე კატასტროფული არ მოხდა. ამისთვის ჩვენ სპეციალური დებულება გვაქვს შემუშავებული, რომელიც გუნდებსაც გავაცანით და ისინიც თანახმანი არიან. ეს გახლავთ 3 ეტაპად დაყოფილი სქემა, რომლის მიხედვითაც, თუკი ჩემპიონატის შეწყვეტა აუცილებელი გახდა, გაწერილია, რას ვაკეთებთ შემდეგ. ამაზე საუბარი ახლა შორს წაგვიყვანს. მე შემიძლია გითხრათ, რომ 2020-21 წლების სეზონი აუცილებლად დამთავრდება, გამოვლინდება ჩემპიონი, ასევე - ის გუნდი, რომელიც დატოვებს სუპერლიგას და „ა” ლიგის ჩემპიონი შემოვა სუპერლიგაში. იმედია, ღმერთის წყალობით, ეს სამეტაპიანი გეგმა არ დაგვჭირდება, მაგრამ თუკი ფორს-მაჟორი დადგება პანდემიის გამო, ჩვენ გვაქვს დამატებითი გეგმა, რომლის მიხედვითაც მაინც დავასრულებთ ჩემპიონატს.

– სწორედ ამ მძიმე პერიოდში მოხერხდა და ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ზუროსს მიეცა სუპერლიგაში მოთამაშე ბიჭების საქმეში გამოცდის შესაძლებლობა და ესეც ჩემი აზრით, წარმატებული პროექტი გამოდგა…

– ვეთანხმები თქვენს აზრს და მგონი, ეს მხოლოდ თქვენი აზრი არ არის, იგი მუსირებს სპორტულ სამყაროში და მე მივესალმები ამ შეფასებას, რადგან მართლაც არ იყო ადვილი ამ პერიოდში ამ ყველაფრის გაკეთება. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კალათბურთის ფედერაციის თითოეულ წევრს, რომლებმაც იმ პანდემიის პირველი ტალღის მძიმე პერიოდში ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ დამდგარიყო ასეთი შედეგი. ნაკრებმა თავისი სახე გამოავლინა როგორც თბილისში, ისე ფინეთში ჩატარებულ მატჩებში და იმ წარმატებას მიაღწია, რაზეც დღეს ხმამაღლა ვსაუბრობთ.

ძალიან მიხარია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ნაკრები გარანტირებულად თამაშობს 2022 წლის ევროპის ჩემპიონატზე, ამან მოტივაციის ნაკლებობა კი არ განაპირობა, არამედ პირიქით, შეიძლება ითქვას, რომ უფრო მეტ მოტივაციას აძლევს ჩვენს ბიჭებს, რომ თითოეულ მატჩში გამარჯვებისათვის იბრძოლონ. ზუროსს და მის სამწვრთნელო შტაბს კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, რომ ყურადღებით აკვირდებიან არა მარტო საქართველოში მიმდინარე საკალათბურთო მოვლენებს, არამედ ევროპის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებს. იმ ევროპას ვგულისხმობ, სადაც ჩვენი ლეგიონერები თამაშობენ. ურთულეს პირობებში მათ შეძლეს იმ გუნდის შეკვრა, რისი რესურსიც იმ მომენტისთვის გააჩნდათ. ასე რომ, კიდევ ერთხელ უდიდეს მადლობას ვუხდი ფედერაციის თითოეულ წევრს გაწეული სამუშაოსთვის, რადგან ასეთ რთულ პანდემიის პერიოდში, ეს ყველაფერი თითქოს შეუძლებელი ჩანდა, მაგრამ მაინც წარმატებით ჩატარდა.

– ნაკრების თემას ლიგიკურად მივუახლოვდით. წელს საკმაოდ უცნაურად ტარდება შესარჩევი ეტაპიც. ნაკრებს ჰქონდა საკმაოდ რთული თამაშები თებერვალში და მერე ეს უცნაური „ბაბლი”, თან ლიდერების გარეშე… რამდენად რთული იყო ამისთვის გუნდის მომზადება და ის, რომ წარმატებული გამოდგა, თქვენ რას დაასახელებდით მიზეზად?

– უკვე დავასახელე და კიდევ დავამატებდი. ის ლეგიონერები, რომლებიც ჩვენ გვყავდნენ იქ, შეიძლება ცალ-ცალკეც დავახასიათოთ. თორნიკე შენგელია არათუ ჩამოვიდა ნაკრებში, მას უმძიმეს პირობებში მოუხდა ჯერ მგზავრობა, შემდეგ სათამაშო გრაფიკიდან გამომდინარე, კლუბშიც და ნაკრებშიც როგორ ითამაშა, ამის შეფასება ცალკე საკითხია. როგორც ლიდერი, როგორც გუნდის კაპიტანი, ისე მიუძღვოდა თავის გუნდს.

ასევე, გიორგი შერმადინი. ვფიქრობ, შერმადინი იმ თამაშს, რასაც ის აჩვენებს, როგორც თავის კლუბში, ისე ნაკრებში, იგი ევროპაში ერთმნიშვნელოვნად საუკეთესოა თავის პოზიციაზე და ძალიან მიხარია გიორგის ასეთი წარმატება. თოკოსთან ერთად, მან უდიდესი წვლილი შეიტანა ნაკრების ამ წარმატებებში და იმედს ვიტოვებ, რომ 2022 წელსაც, სულ მცირე, ასეთ ფორმაში იქნება, რადგან ეს ერთ-ერთი საკვანძო მომენტი იქნება ჩვენი ნაკრებისთვის.

ტედ მაკფადენს, რომელსაც ფინეთში ჩასვლისთანავე პრობლემები შეექმნა, თითქოსდა კორონას გამო არ უნდა ეთამაშა, მაგრამ საბედნიეროდ, ყველაფერი გაირკვა და ორივე თამაში ძალიან მაღალ დონეზე ითამაშა. არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ მაკფადენმა პირველი თამაში ჩააგდო.  პირიქით, ის, რაც ძალიან გვჭირდებოდა ფინეთთან მატჩში, ტედმა ხუთიანზე შეასრულა და მისი 10 პასი და მთლიან ჯამში თამაშის ისე გაძღოლა, იმ გეგმისა და გეზის შესრულება, რაც მწვრთნელმა დაუსახა, ზედმიწევნით კარგად შეასრულა. მერე რა, რომ ვერ ჩააგდო გარედან ბურთი, ეს ხდება ხოლმე. სამაგიეროდ, მეორე თამაშზე თქვენ ნახეთ, რამდენად მაღალი პროცენტით ესროლა.

მივადექით ჩემთვის ყველაზე სასიხარულო და სასიამოვნო თემას – სუპერლიგის მოთამაშეებს. ერთხელ და სამუდამოდ, მგონი, გაქარწყლდა ის მოარული მოსაზრება, რომელსაც მე ძირშივე არ ვეთანხმებოდი, რომ სუპერლიგიდან მოთამაშეები თითქოს ნაკრებში ვერ ითამაშებდნენ და აი, ფინეთის თამაშებმა დაგვანახა რეალური სურათი. კორსანტია და ტურძილაძე ჩემთვის სუპერლიგის მოთამაშეებად აღიქმება, რადგან ისინი სულ ახლახან წავიდნენ საზღვარგარეთ. შეიძლება გიორგის არ მოუწია თამაში, მაგრამ მისი ძალიან დიდი იმედი გვაქვს. კორსანტიამ როგორ ითამაშა, კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი ფინეთის მატჩებს და ვნახავთ. ილია ლონდარიძე, რომელიც მოედანზეც და მოედნის მიღმაც გუნდის ნაწილია. საბა ლობჟანიძე, ბექა ბექაური, მერაბ ბოქოლიშვილი, რომლებისთვისაც პირველი არ იყო, ძალიან კარგად გაართვეს თავი ზუროსის დასახულ მიზნებს.

განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ის ორი მოთამაშე – გივიკო ბაქრაძე და ალექსანდრე ფევაძე, რომლებმაც შეიძლება ითქვას, დაანახეს ძალიან კარგად ყველას, რომ სუპერლიგა ვითარდება, სუპერლიგის მოთამაშეებზე შეიძლება დაყრდნობა. გივიკოს და ალექსანდრეს თამაში ზუსტად ამის დასტური იყო.

კიდევ ორი მოთამაშე, ორი ლუკა – ზაქრაძე და ბულაშვილი. დარწმუნებული ვარ, რომ ორივეს მოუწევს თავის წარმოჩენა მოედანზე. ისინი შეძლებენ კონკურენციაში შესვლას და იმის დამტკიცებას, რომ ღირსეული კანდიდატები არიან იმ დიდი ნაკრებისა, რომელიც უკვე 2022 წლის ევრობასკეტზე უნდა წარდგეს ქართველი მაყურებლის წინაშე.

– მომდევნო „ბაბლი” უკვე თბილისში არის. ისევ და ისევ ამ კორონიდან გამომდინარე, რამდენად შევძლებთ ამ სიტუაციაში აღნიშნული ტურნირის ჩატარებას? რომ ჩავატარებთ, ეს გასაგებია… ანუ იმის კითხვა მინდა, რამდენად გამოგვადგება ეს ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის სამასპინძლოდ და ის, რომ ეს „ბაბლი” აქ გამართულიყო, იყო თუ არა აპრიორშივე ჩადებული მომავალი ფორუმისთვის გენერალურ რეპეტიციად?

– ძალიან საინტერესო და კარგი კითხვაა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ პირველ ასეთ „ბაბლზე” გასვლითი მატჩები მოგვიწია და ფინეთში წავედით. ვიცით, რომ იქნება ძალიან ბევრი ნიუანსი და წვრილმანი, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ, მაგრამ ამ ყველაფრის საკუთარი თვალით დანახვა უფრო სხვა დონეზე მიგვახვედრებს იმას, თუ რამდენად რთულ პრობლემასთან და რთულ ორგანიზებასთან გვაქვს საქმე. ჩანიშნულია ყველა წვრილმანი, რაც უნდა გავითვალისწინოთ და რასაც უნდა მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება. ეს შეეხება გუნდების მიღებას, მათ დაბინავებას, გადაადგილებას, კვებას. იმ უსაფრთხოების ზონების გაკეთებას, რომლებიც შეიძლება დაგვჭირდეს პანდემიიდან გამომდინარე. ძალიან ბევრია ასეთი ნიუანსი და ყველა ღონეს ვიხმართ იმისთვის, რომ თითოეული დეტალი მაქსიმალურად იქნეს გათვალისწინებული და წარმატებით ვუმასპინძლოთ თბილისში გასამართ „ბაბლს” თებერვალში.

– როგორც პრეზიდენტს არა, როგორც კოლეგას, საკალათბურთო რეპორტაჟების წამყვანს… ქართველ ლეგიონერებს როგორ შეაფასებდით? და მათ შორის რომელს გამოარჩევდით წელს? ვიცი, რომ რთული გასაკეთებელია არჩევანი, მაგრამ მაინც… ლეგიონერების კუთხით, სასტარტო ხუთეული როგორი გეყოლებოდათ, მათი სეზონებიდან გამომდინარე?

– მე შემიძლია ზოგადად დავახასიათო ყველა ის ლეგიონერი, რომელიც თამაშობს საქართველოს ფარგლებს გარეთ.

დავიწყოთ აშშ-ით. გოგა ბითაძე, რომელიც ტრავმირებულია და ყველას ერთი სული გვაქვს, მალე დაუბრუნდეს ამერიკის ნაციონალურ საკალთბურთო ასოციაციას. მან ის ტრავმა მიიღო ამხანაგური მატჩის დროს და შეიძლება ითქვას, რომ გოგასთვის ახალი სეზონი ჯერ არც დაწყებულა. მე იმედი მაქვს, „ინდიანა პეისერსის” ახალი მწვრთნელი მას გამოუყოფს იმ სათამაშო დროს, რომელიც მან დაიმსახურა თავისი კარიერით და უკვე თებერვლიდან მას ექნება საშუალება, დაიმკვიდროს და წარმოაჩინოს თავი ნბა-ში. რაც ბუნებრივია, გაზრდის მის შესაძლებლობებს, რომ ევროპის ჩემიონატზე ის იყოს ერთ-ერთი სუპერვარსკვლავი არა მხოლოდ საქართველოს ნაკრებში, არამედ მთლიანად ევრობასკეტზე.

სანდრო მამუკელაშვილი, რომლისთვისაც სეზონი ფენომენალურად დაიწყო. იგი გუნდის ლიდერია, ამერიკის სტუდენტური ლიგის მატჩებში შესანიშნავად წარმოაჩინა თავი. მხოლოდ ქულებით კი არა, თავისი თამაშის სტილით, გაგებით და აღქმით. იგი მაღალი სათამაშო ინტელექტის მფლობელია და მისი სახით ჩვენს ნაკრებს ეყოლება ძლიერი მოთამაშე, რომელიც ხმამაღალ სიტყვას იტყვის ამერიკის სტუდენტურ კალათბურთში. ვიმედოვნებ, მალე ის იქნება არა სტუდენტური ლიგის, არამედ ნბა-ს გუნდის წევრი.

ასევე - რატი ანდრონიკაშვილი, რომელიც ვარსკვლავივით გამოჩნდა ნაკრებში და ქართველი გულშემატკივრის დიდი სიმპათიები დაიმსახურა. იმედია, მძიმე ტრავმის შემდეგ მას ზაფხულში შეეძლება ვარჯიშის დაწყება და მისი ახალგაზრდული ორგანიზმიდან გამომდინარე, მალე მოახერხებს აღდგენითი პროცესის სწორად წარმართვას. მისი სახით გვეყოლება ნაკრებში ისეთი გამთამაშებელი, რომელიც მნიშვნელოვანი ფიგურა იქნება ევრობასკეტზე.

მინდა აღვნიშნო ის მოთამაშეები, რომლებიც სხვადასხვა ლიგაში იმაღლებენ სათამაშო კლასს და ისინი პოტენციურად მიიჩნევიან და მოიაზრებიან ნაკრების კანდიდატებად. ყველაფერი მათზეა დამოკიდებული და იმედია, ისინი სწორად გააგრძელებენ გზას.

ახლო აღმოსავლეთში ჩვენ გვყავს სამი ქართველი მოთამაშე: გიორგი ცინცაძე, მიხეილ ბერიშვილი და დუდა სანაძე.

დავიწყებ დუდა სანაძით – ის ნამდვილად იმსახურებს მაღალი კლასის კლუბს, თუმცა, პანდემიიდან და გუნდების შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ამ მომენტისთვის წარმატებული იყო მისი იქ წასვლა. სასიხარულოა, რომ დუდა არის დიდხანს მოედანზე და იგი ლიდერია არა მხოლოდ ქულებით, არამედ ის არის სხვადასხვა ფუნქციის მქონე და მრავალფეროვანი მოთამაშე თავისი გუნდისთვის, რაც მისი მომავალი კარიერისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

მიხეილ ბერიშვილი – იგი ერთ-ერთი სანდო მოთამაშეა. მას თავისი სიტყვა ეთქმის ნაკრებში, მისი ხასიათიდან და სათამაშო ოსტატობიდან გამომდინარე, მას ეძლევა შესაძლებლობა, მოიაზრებოდეს ნაკრების წამყვან მოთამაშედ.

გიორგი ცინცაძე – მის ზურგზე გადაიარა 15-წლიანმა ნაკრების ლიდერის ფუნქციამ და ძალიან კარგად გაართვა ამ ყველაფერს თავი. მან ყველაფერი გაიღო ნაკრებისთვის, რაც შეიძლებოდა. იგი გახლავთ სპორტის ყველა სახეობაში ყველაზე მეტი ოფიციალური მატჩის ჩამტარებელი. იგი უდიდეს პატივისცემას იმსახურებს და დიდი წვლილი მიუძღვის იმ წარმატებულ გზაზე, რაც ნაკრებმა გაიარა. იგი თავის სიტყვას იტყვის ნაკრებში და მოედანზე თავის გუნდს გამარჯვებისკენ გაუძღვება.

საფრანგეთში უნდა აღვნიშნოთ გიორგი კორსანტია და გიორგი ტურძილაძე, სადაც შეიძლება არ დუღს საკალათბურთო ცხოვრება და არამხოლოდ საკალათბურთო, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, თუმცა კორსანტიამ უკვე დაიწყო თამაში და იგი გუნდში მნიშვნელოვანი ფიგურაა. ტურძილაძე, რომელსაც ჯერ არ დაუწყია თამაში, იმედია, თავს როგორც საჭიროა, ისე წარმოაჩენს და კორსანტიასთან ერთად, ნაკრებში ღირსეულ ადგილს დაიკავებს.

თორნიკე შენგელია – როგორც ზემოთ ვახსენე, მის დამსახურებასა და ნაკრების წვლილზე არ შევჩერდები დიდხანს. იგი ჩვენი გუნდის კაპიტანი და ლიდერია, რომელიც ევრობასკეტზე ჩვენს გუნდს გაუძღვება და ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იქნება. თორნიკეს ცსკა-ში ადაპტაციის პერიოდი დაწყებული აქვს და გუნდისთვის მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს მოედანზე. ეს ეხება "ბასკონიასაც" და ცსკა-საც. იგი ყოველთვის თავისი გუნდის წინამძღოლი და ლიდერია.

ესპანეთში, თუ ნატურალიზებულ ტედ მაკფადენსაც ჩავთვლით, სამი მოთამაშე ასპარეზობს.

ტედ მაკფადენი ნაკრებში მაღალ დონეზე თამაშობს და თავის გუნდში ის არის ლიდერი.

თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ არავის აქვს გარანტირებული ნაკრებში მოხვედრა. ამ საკითხს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი გადაწყვეტს, თუ ვინ იქნება საჭირო ნაკრებისთვის იმ მომენტში.

ბექა ბურჯანაძე – სამწუხაროდ, ტრავმამ არ მისცა საშუალება, ფინეთში დახმარებოდა ნაკრებს. იმედია, ბექა უახლოეს მომავალში სრულად მოირჩენს ტრავმას. იგი ერთ-ერთი ლიდერი მოთამაშეა თავისი უშიშარი ხასიათითა და თავდადებულობით.

რა თქმა უნდა, გიორგი შერმადინი, რომელიც ევროპაში საუკეთესო ცენტრალური თავდამსხმელია. იგი იმდენჯერ გახდა ტურის საუკეთესო მოთამაშე (MVP), რომ ალბათ არავის, თავის გამზრდელ ჯამლეტ ხუხაშვილსაც კი არ ახსოვს. როგორც წესი, იგი ყველა ტურში საუკეთესოა. აღარ ვსაუბრობ საქართველოს ნაკრებზე, რომელიც შერმადინის გარეშე, რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია.

– ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მასპინძლობამდე, საქართველოს კალათბურთის ფედერაციას კიდევ რა მოსამზადებელი გეგმა აქვს? მესმის, რომ ისევ და ისევ ამ კორონისგან გამომდინარე, ჯერ ნაადრევია ბევრ რამეზე საუბარი, მაგრამ თუ არის რამე სამუშაო დაწყებული, მაგალითად, ვოლონტიორების მომზადების კუთხით, ქვეყნის მასშტაბით სარეკლამო კუთხით და ა.შ. ბუნებრივია, ის თემები, რაც ფიბასთან შეთანხმების გარეშე შესაძლებელია, რომ გაკეთდეს?

– როგორც აღნიშნეთ, დეტალურად ამაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ყველა მიმართულებით უკვე დაწყებულია მუშაობა და ჩვენ ამ პასუხისმგებლობას თავს გავართმევთ.

– ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა ამ დროისთვის რა ეტაპზეა?

– მოგეხსენებათ, ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა უწყვეტად მიმდინარეობს, პანდემიის მიუხედავად, ევრობასკეტისთვის დარბაზის მშენებლობის პროცესი ერთი დღეც არ შეჩერებულა და ამ შედეგს ყველა ვხედავთ, რისთვისაც მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას და სამშენებლო კომპანია „საბა კონსტრაქშენს”. შენობა უკვე აღმართულია და დარჩენილია ბოლო სართულის მშენებლობის პროცესი. მომავალი გაზაფხულიდან უკვე დაიწყება მოსაპირკეთებელი და შიდა ინტერიერის სამუშაოები. იმედია, ეს დარბაზი იქნება ისეთი, რომელიც ყველას გულს გაგვიხარებს.

– დაბოლოს, 2021 წელს როგორ ხედავს და რას ისურვებდა ქართული კალათბურთისთვის?

– როგორც ზემოთ ვახსენეთ, სუპერლიგასთან და „ა” ლიგასთან ერთად, აუცილებლად უნდა დავიწყოთ ბავშვთა ასაკობრივი ჩემპიონატები და ქალთა ლიგა, რა თქმა უნდა, ყველანაირი რეგულაციის და უსაფრთხოების გათვალისწინებით. იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალ წელს პანდემია თუ არ დაგვანებებს თავს, მდგომარეობა მაინც შეგვიმსუბუქდება და მოგვეცემა აღნიშნული ტურნირების ჩატარების საშუალება.

მომავალს წელს გველის „ბაბლი”, რომელზეც ვისაუბრე და 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი, სადაც ევროპის 22 ქვეყნის გუნდი მიიღებს მონაწილეობას და რომლის მასპინძლები ასევე ჩვენ ვართ. 2021 წლის შემოდგომაზე იწყება მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი და ჩვენი მიზანია, ყველა ამ ღონისძიებას სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ და ჩვენმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვოს.

ამისთვის კალათბურთის ეროვნული ფედერაცია და მისი თითოეული წევრი გააკეთებს მაქსიმუმს და 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს.

მსურს, თქვენ და თქვენს მედიასაშუალებას, სრულიად საქართველოს, მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი; გისურვოთ ჯანმრთელობა, წარმატებები როგორც სპორტული, ისე ჩვენი ქვეყნის განვითარების ყველა კუთხით, რომელიც ჩვენს ქვეყანას ღირსეულად წარმოაჩენს მსოფლიო რუკაზე. იმედია, მომავალი წელი ყველასთვის ბევრად უკეთესი იქნება, ვიდრე განვლილი წელი.


GBF
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული