საქართველოს არჩევანი: თურქეთი ევრობასკეტზე თბილისის ჯგუფში იასპარეზებს

AutoSharing Option
ევროპის მომავალ საკალათბურთო ჩემპიონატზე საქართველოს ჯგუფის მეორე წევრი ცნობილია. ეს გახლავთ თურქეთის ეროვნული გუნდი, რომელიც 2022 წლის სექტემბერში თბილისში გასამართ ჯგუფში საქართველოსთან ერთად იასპარეზებს. ეს ამბავი ოფიციალურად დღეს, მას შემდეგ გადაწყდა, რაც ფიბამ საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა ევრობასკეტის მასპინძელი ქვეყნების – საქართველოსა და იტალიის არჩევანი, რომლებმაც შესაბამისად, თურქეთი და ესტონეთი აირჩიეს.

პარტნიორი ფედერაციების არჩევის პრაქტიკა 2015 წლის ევრობასკეტიდან მომდინარეობს და მისი მიზანი ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მასპინძელი ქვეყნებისთვის ღონისძიების მარკეტინგული და სპორტული მხარის უკეთესად დაგეგმვაა. ასევე შესაძლებელია, მასპინძელმა მომავალი მეტოქე სიძლიერის მიხედვით
შეარჩიოს.

შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტ 2022-ს 4 ქვეყანა – გერმანია, საქართველო, იტალია და ჩეხეთი - მასპინძლობს. გერმანიამ და ჩეხეთმა არჩევანი წინა თვეში გააკეთეს. პირველმა ლიეტუვა აირჩია, ხოლო ჩეხებმა პარტნიორად პოლონეთი დაასახელეს. დღეს საკალათბურთო სამყარომ საქართველოსა და იტალიის არჩევანის შესახებაც შეიტყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალი ჩემპიონატისთვის თითო ჯგუფის 2-2 წევრი უკვე ცნობილია.

პაატა გურასპაული, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი:

“თურქეთი ჩვენი მეზობელი და მეგობარი ქვეყანაა, რომელიც სპორტში და განსაკუთრებით კალათბურთში საკმაოდ მაღალ დონეზეა და ამ ქვეყნის ნაკრების თბილისში ხილვა ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო იქნება.

იმასთან ერთად, რომ ნაკრები საკმაოდ ძლიერი კალათბურთელებით არის დაკომპლექტებული და მაღალი საკალათბურთო შედეგები გააჩნია, თურქეთს სპორტის ნებისმიერ სახეობაში ძალიან მხურვალე და მოწესრიგებული გულშემატკივრები ჰყავს, რომლებიც თბილისში, ევრობასკეტ 2022-ის მატჩების მსვლელობას ახალაშენებულ ჩინებულ დარბაზში კიდევ უფრო გაალამაზებენ.

აღსანიშნავია, რომ თურქეთს საქართველოში საკმაოდ დიდი დიასპორა ჰყავს და ამასთან ერთად, ჩვენს ქვეყანაში საქმიანი მიზეზით ძალიან ბევრი თურქეთის მოქალაქე იმყოფება. შესაბამისად, დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენი პარტნიორული შეთანხმება წარმატებული იქნება და თბილისში გამართულ ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მატჩებს მაყურებელი არ მოაკლდება, რაც ტურისტული თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის.

ეს პრეცედენტი კარგი მაგალითი იქნება საიმისოდ, რომ თურქეთის კალათბურთის ფედერაციასთან მომავალში მჭიდრო თანამშრომლობა გავაგრძელოთ”.

საქართველოს არჩევანის შესახებ კომენტარი გააკეთა თურქეთის კალათბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ემინ ბალჩმა:

“ჩვენ კმაყოფილები ვართ საქართველოსთან პარტნიორობის დამყარებით, რომელიც ევრობასკეტ 2022-ის ერთ-ერთი მასპინძელი და ჩვენი ახლო მეზობელი ქვეყანაა. ჩვენ გვჯერა, რომ უფრო ახლოს და ინტენსიურად ვიგრძნობთ ჩვენი გულშემატკივრების მხარდაჭერას. ჩვენი მიზანია თბილისში ჯგუფურ ეტაპზე წარმატებული შედეგის მოპოვება”.

რაც შეეხება ევრობასკეტის კიდევ ერთ მასპინძელ იტალიას, ამ ქვეყნის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ჯოვანი პეტრუჩი იმ მიზეზებზე საუბრობს, თუ რატომ აირჩიეს პარტნიორად ესტონეთი:

“ენთუზიაზმი, ენერგიულობა და ორგანიზებულობა იმ ძლიერი მხარეების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რაც ესტონეთის კალათბურთის ფედერაციას აქვს. მათი ეს სიძლიერეები ბოლო წლებში ძალიან გაიზარდა როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ. საკვალიფიკაციო ეტაპზე ესტონეთში ორი მოგზაურობისას, ჩვენ გამოვცადეთ ესტონელი ხალხის არა მხოლოდ დიდი გატაცება კალათბურთის მიმართ, არამედ მათი სურვილი, რომ ერთად გაუმჯობესებულიყვნენ როგორც გუნდი, რომელმაც შეძლო მომავალი ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევა. ჩემი სურვილია, ვიხილოთ იგივე სითბო და მღელვარება სპორტის მიმართ, რასაც ესტონელი გულშემატკივრები გამოხატავდნენ, რომლებმაც ტალინის არენა შეავსეს”.

პრიიტ სარაპუ, ესტონეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი:

“ესტონეთის კალათბურთის ფედერაციისთვის მართლაც პატივია იტალიასთან, როგორც ერთ-ერთ უდიდეს საკალათბურთო ქვეყანასთან თანამშრომლობა. ამგვარი პარტნიორობა ორივე ქვეყანას დამატებით შესაძლებლობებს აძლევს, FIBA EuroBasket 2022-დან უფრო მეტი მიიღონ. მოხარულნი ვართ იტალიელ კოლეგებთან ერთად მუშაობის შესაძლებლობით და გვჯერა, რომ ხელშეკრულებიდან ყველა მიიღებს სარგებელს – ორგანიზატორები, პარტნიორები, გულშემატკივრები და სპორტსმენები”.

ევრობასკეტ 2022-ის თითო ჯგუფის 2-2 წევრი ცნობილია, ხოლო დანარჩენს ევრობასკეტის კენჭისყრა გაარკვევს, რომელიც 29 აპრილს, ბერლინში გაიმართება.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 17 /
იმდენს იზამთ კალათბურთსაც შეაზიზღებთ ხალხს. არსად დაგეკარგოთ 'მეგობარი'. ფაქთურქი!
Odala
07:13 08-04-2021
5
ვფიქრობ პოლონეთი ჯობდა.თურქეთი პოლონეთზე ძლიერი გუნდიცაა და პროვოკატორი გულშემატკივარიც ყავთ.პოლონეთთან მეტი შანსი გვექნებოდა მოგების და გულსემატკივარიც არ მგონია ცოტა ჩამოსულიყო და თურქებზე ნაკლები დაეხარჯათ.რავიცი ეს ჩემი აზრია...
master
08:35 08-04-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული