"საქართველოში მაყურებლის ისეთი მხარდაჭერა გვაქვს, რომ ვფიქრობ, ყველასთან მოგება შეგვიძლია..." - ბითაძე მოახლოებულ EuroBasket-ზე საუბრობს

AutoSharing Option
"პირველ არხზე" გადაცემა "ტაიმაუტის" სტუმარი საქართველოს ნაკრებისა და "ინდიანა პეისერსის" კალათბურთელი გოგა ბითაძე იყო. ქართველმა კალათბურთელმა სხვადასხვა თემაზე ისაუბრა:

"გუნდმა დაიწყო შეკრება, ბიჭები უკვე ვარჯიშობენ. მე NBA-დან წერილი მომივიდა, რომ 27-დან შემიძლია ნაკრებს შევუერთდე. 27-მდე ინდივიდუალურად ვივარჯიშებ. მანამდე მექნება კონტაქტი მწვრთნელთან, რომ ვიცოდე კომბინაციები.

EuroBasket-ზე ისეთი გუნდები ჩამოდიან და იმდენად მაღალი დონის გათამაშებაა, რომ ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოში მაყურებლის ისეთი მხარდაჭერა გვაქვს, რომ ვფიქრობ, ყველასთან მოგება შეგვიძლია. ასე მარტო მე არ ვფიქრობ, ყველანი ამ აზრზე ვართ და დარწმუნებულებიც ვართ. რაც
შეეხება მინუსებსა და პლუსებს, ყველამ იცის, რომ სამწამიანში დიდი უპირატესობა გვექნება, მაგრამ ჭკვიანურად უნდა გამოვიყენოთ, გუნდები ამისთვის მზად იქნებიან. დარწმუნებული ვარ, ილიას ზუროსი ისე დაგვალაგებს და ამ უპირატესობას ისე გამოიყენებს, რომ დაგვეხმარება მოგებაში.

ბიჭებიც ყველანი კარგ ფორმაში არიან, ძალიან მონდომებულები არიან. როგორც გუნდი, ისე ინდივიდუალურად მოთამაშეები ყველაფერს გავაკეთებთ, რათა EuroBasket-ს ჩინებულ ფორმაში შევხვდეთ. დარწმუნებული ვარ, ამ გუნდში ისეთი ხარისხი გვაქვს, რომ ყველაფერი გამოგვივა. ძალიან გამოცდილი ვეტერანები, კარგი ახალგაზრდები, რომლებმაც იციან თავიანთი როლი, ასევე მეც, ვიცი, რა მისია მაქვს და მწვრთნელი, რომელიც უშუალოდ გეუბნება ყველაფერს. გუნდში იდეალური სიტუაციაა. ასეთ დიდ ტურნირებზე გულში თუ არ გიდევს, რომ შეგიძლია მოგება, მაშინ არ ვიცი. მე ასე ვარ და ასე ვფიქრობ ყოველთვის, მაქსიმუმი, აი, ესაა. მოგატყუებთ, რომ გითხრათ, რომ მაქსიმუმი ჯგუფიდან გასვლაა-მეთქი. თავსაც მოვიტყუებ და არ იქნება სწორი. მოსაგებია პირველი თამაში ბელგიასთან, რაც მნიშვნელოვანი იქნება, რადგან შემდეგ თამაშებზე ხასიათი გადმოგვყვება. პირველ რიგში, მოსაგები თამაშები უნდა მოვიგოთ, ჯგუფიდან რაც შეიძლება მაღალი ადგილიდან უნდა გავიდეთ, რათა უფრო ნაკლებად რთული ოპონენტი შეგვხვდეს. მინიმუმი ჯგუფიდან გასვლაა, მაქსიმუმი - მოგება.

ლიდერი თორნიკე შენგელიაა. მარტო თამაშებზე არ მოდის ეს, ვარჯიშებზეც. მე როცა პირველად ვიყავი EuroBasket-ზე, მაშინ თორნიკე თავის საუკეთესო ფორმაში იყო, ყოველ ვარჯიშზე მაქსიმალურად იხარჯებოდა, 100%-ით, იმიტომ, რომ ის ნამდვილი ლიდერია. მე მგონი, ყველამ ისედაც ვიცით ეს. თოკო ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელია. პარტნიორი ალბათ მაინც უნდა იყოს გამთამაშებელი, გიორგი ცინცაძე, ყველამ ვიცით, "ბუს" რა შეუძლია და როგორ გადაცემებს არიგებს. ვფიქრობ, რომ ერთად კარგად ვთამაშობთ და ერთმანეთს ვენდობით.

გულშემატკივარს იმის პირობას მივცემ, რომ მთელი გუნდი, სამწვრთნელო შტაბი და ფედერაცია 100%-ს გავაკეთებთ, შევეცდებით, ეს ტურნირი იყოს საუკეთესო, რაც ჩვენი მიზანია. მაყურებელს მოწოდება არ სჭირდება, რადგან სულ გვერდში გვიდგას, მაგრამ მაინც ვეტყვი, რომ მათი მხარდაჭერა საერთოდ სხვა შეგრძნებაა. როდესაც გულშემატკივარი მხარს გიჭერს, უკეთ თამაშობ. ყველანი მადლობლები ვართ და დარწმუნებული ვარ, იქ იქნებიან და გვერდში დაგვიდგებიან. მოუთმენლად ველით EuroBasket-ს", - განაცხადა გოგამ.

შეგახსენებთ, EuroBasket-ი 1-ელ სექტემბერს დაიწყება და 18 სექტემბერს დასრულდება, ჩვენი ნაკრები კი ჯგუფში ბელგიასთან, ესპანეთთან, თურქეთთან, ბულგარეთთან და მონტენეგროსთან ერთადაა.


ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
წარმატებები!!!
tngh
14:12 21-06-2022
0
ძალიან მეფიქრება გიორგი ცინცაძის ფორმა.ჯერ კიდევ ტრავმამდე,უკვე ეტყობოდა სუსტ ლიგაში ნათამაშებობა.აღარც პატარა ასაკშია და ახლა,ამდენი ხნის ტრავმის თუ უთამაშებლობის შემდეგ,ძალიან გაუჭირდება საბრძოლო კონდიციების მაღალ დონეზე აწევა.მისი სრულფასოვანი დახმარების გარეშე კი,მხოლოდ მაკფადენი,თუნდაც ფიზიკურად ვერ გაქაჩავს,ამხელა ტურნირს.ღმერთმა ქნას,ახალგაზრდებმა კარგად წარმოაჩინონ თავი,მაგრამ მაღალი დონის გუნდებთან,გამოუცდელი ახალგაზრდები,სავარაუდოდ ვერ შეაკავებენ მეტოქის ზეწოლას.ზუროსი ძალიან მაღალი დონის მწვრთნელია და ლიდერებთან ერთად,ყველაზე მეტად მისი იმედი მაქვს,რადგან მას შეუძლია ნებისმიერ კალათუბრთელს,იმაზე მეტი გააკეთებინოს,ვიდრე მას ჰგონია,რომ შეუძლია.
სოსო
15:39 21-06-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული