საქართველოს ეროვნული ნაკრები იტალიიდან ლიეტუვაში ჩავიდა. ილიას ზუროსის წინამძღოლობით, საქართველოს ნაკრებმა ტრევიზოდან კაუნასამდე 2 ავტობუსი და 2 თვითმფრინავი გამოიცვალა. დაახლოებით 9-საათიანი მგზავრობის შემდეგ ჩვენი გუნდი კაუნასის ცენტრში მდებარე სასტუმრო "ვიქტორიაში" დაბინავდა, იქ, სადაც ლიეტუვის ეროვნული ნაკრები იმყოფება და ჩვენ მსგავსად, მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ციკლში მორიგი საკონტროლო მატჩისთვის ემზადება.
ლიეტუვისა და საქართველოს ნაკრებთა ამხანაგური მატჩი კაუნასის არენაზე 1-ელ აგვისტოს, ადგილობრივი დროით 19:30 საათზე გაიმართება. ლიეტუვა მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია, რომელიც საქართველოს ნაკრებს ამხანაგურად უკვე მეოთხედ ხვდება. აღნიშნული მატჩი ლიეტუვის ტელევიზიით გა
დაიცემა და მის ტრანსლაციას "პირველი არხიც" შემოგთავაზებთ, ხოლო დარბაზი, მიუხედავად მატჩის არაოფიციალური სტატუსისა, სავარაუდოდ, ბოლომდე შეივსება. ლიეტუვაში კალათბურთი ძალიან უყვართ და ეს ჩვენს ნაკრებთან დაკავშირებული ძალიან მარტივი მაგალითებიდანაც კარგად გამოჩნდა: ჩვენს ბიჭებს აეროპორტშივე გამოუჩნდნენ ფანები, რომლებმაც ნბა-ს მოთამაშეებთან ფოტოები გადაიღეს, ხოლო სასტუმროდან კაუნასის ქუჩაში გასულ თორნიკე შენგელიას 2 ათეული ნაბიჯი არ ჰქონდა გადადგმული, რომ ჯერ ერთმა, მერე მეორე გამვლელმა შეაჩერა და ფოტოს გადაღება სთხოვა. ლიეტუველებს კალათბურთი უყვართ და სპორტის ამ სახეობის გამორჩეულ სპორტსმენებს კარგად იცნობენ.
ილიას ზუროსმა ნამგზავრი ჩვენი ნაკრები კაუნასში ჩასვლის დღეს დაასვენა. ჩვენი გუნდი ლიეტუვაში პირველ ვარჯიშს 31 ივლისის დილას გამართავს, ხოლო საღამოს უფრო მასშტაბურ, მატჩისთვის მოსამზადებელ წვრთნას ჩაატარებს. ჩვენი ნაკრები ლიეტუვაში 15 კალათბურთელით ჩავიდა, ტრევიზოს კემპზე მყოფი 18 კალათბურთელიდან კი 3 საქართველოში დაბრუნდა.
GBF.GE
ეგვიპტესთან როგორ წააგეს? ალბათ მსაჯმა წაგებია.)))