ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები პირთამდე სავსე „თბილისი არენაზე“ სერბეთთან 63:76 დამარცხდა.
მატჩს ორივე გუნდი დანაკლისით შეხვდა, მაგრამ ისედაც მოკლე სათადარიგოთა სკამის მქონე საქართველოს ნაკრებისთვის ეს ფაქტორი გადამწყვეტი აღმოჩნდა.
საქართველოს ნაკრებში ბოლო, 217-ე მატჩი ჩაატარა გიორგი ცინცაძემ და ამ შედეგით აბსოლუტური რეკორდსმენია. მან ეროვნულ გუნდში 20 წელი იასპარეზა.
სტუმრების უპირატესობა თავიდანვე გამოიკვეთა, რომლებმაც პირველი მეოთხედი 21:12 მოიგეს. შემდეგ ჩვენმა გუნდმა სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა, თუმცა მეტოქე ფარზე ბრძოლას იგებდა, სწრაფ შეტევებს უკეთ ახორციელებდა და პირველი ტაიმი 31:38 დასრულდა.
დიდი შესვენების მერე ჯიკიჩის გუნდმა ანგარიში 4 ქულამდე შეამცირა, თუმცა ისევ მოახერხა სერბეთმა გაქცევა, დასკვნითი პერიოდის წინ 8 ქულით გავიდა წინ და საბოლოოდ გამარჯვება მოიპოვა.
ჩვენი გუნდიდან 19 ქულა შენგელიამ ჩააგდო, 13 - ტომასონმა, 6-6 - ცინცაძემ და ბურჯანაძემ, 5-5 - შერმადინმა და ოჩხიკიძემ, 4 - ჯინჭარაძემ, 3 - ფხაკაძემ, ხოლო 2 - კაკუშაძემ. სტუმართა გუნდში 19 ქულით ყველაზე შედეგიანი გუდურიჩი იყო, 15 ქულა კი მარინკოვიჩის ანგარიშზეა.
საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე პირველი ორი მატჩი წააგო და შემდეგ შეხვედრას 21 ნოემბერს გასვლაზე ფინეთთან ჩაატარებს, რომელმაც დღეს დანიას სახლში 89:85 სძლია.
საქართველოც და სერბეთიც მეორე ევროსაკვალიფიკაციო მატჩს დანაკლისით ხვდებიან