ვლადიმერ ბოისა: პირველივე წუთიდან აგრესიულები უნდა ვიყოთ!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე არათანაბრად გამოდის, ჯერ ფავორიტ ლიტვას მოუგო, შემდეგ უკრაინასა და გერმანიასთან დამარცხდა.

როგორ იმოქმედა ამ წაგებებმა ჩვენს ნაკრებზე? რას უნდა ველოდოთ ჯგუფის დარჩენილი ორი შეხვედრიდან? ამ შეკითხვებით ნაკრების ყოფილ წევრს, კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ ვლადიმერ ბოისას მივმართეთ, რომელიც, ცხადია, თელ-ავივში გუნდთან ერთადაა.

- ისრაელი VS საქართველო - ყოფნა-არყოფნის საკითხი

- არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქმე გვაქვს ევროპის ჩემპიონატთან. შეიძლება ყველა მატჩი მოიგო ან ყველა წააგო. აქ სუსტი გუნდი არ არსებობს. შეჯიბრება ძალიან კარგად დავიწყეთ. ჯგუფის ფავორიტი ლიტვაა, მის
წინააღმდეგ მშვენივრად ვითამაშეთ და გავიმარჯვეთ.

უკრაინა საქართველოს ნაკრების უშუალო კონკურენტია და მასთან დავმარცხდით. ეს ძალიან ცუდია, თუმცა დღეს ვერაფერს შევცვლით. არც გერმანია იყო აუტსაიდერი, სუსტი გუნდი და არც - უკრაინა.

საქართველოს ნაკრებმა ცუდად ითამაშა, ასეთ დიდ ტურნირებზე კი თითო შეცდომასაც არავინ გპატიობს.

- როგორი სიტუაციაა გუნდში, წაგებები, ცხადია, ფსიქოლოგიურად ცუდად იმოქმედებდა...
- ორ ისეთ თამაშს რომ წააგებ, რომლების მოგებაზეც თავიდანვე ფიქრობდი, გუნდზე მოქმედებს. ჩვენც, გულშემატკივარსაც ეგონა, რომ თუნდაც უკრაინასთან აუცილებლად მოვიგებდით. ძალიან უსიამოვნო მომენტია, ორი ცუდი დღე გვქონდა. ცხადია, კალათბურთელებიც ცუდ ხასიათზე არიან.

კარგია, რომ ისრაელთან მატჩის წინა დღისით დასვენებაა. მოთამაშეები ენერგიას აღიდგენენ, სათანადოდ განეწყობიან და მაქსიმუმს გაიღებენ მოგებისთვის.

- რას უნდა ველოდოთ ისრაელთან მატჩში?
- დარჩენილია კიდევ ორი შეხვედრა, დაკარგულის ანაზღაურება ჯერ კიდევ შესაძლებელია. საქართველოს ნაკრებს აქვს საკმარისი მოტივაცია, თუმცა დამატებითი მოტივაცია იქნება გადატენილი დარბაზი, კარგი საკალათბურთო ატმოსფერო, რომელსაც ისრაელთან მატჩში ველით. თუ ცოტა ენერგია გვაკლია, გულშემატკივარი მოგვცემს. ჩემი აზრით, პროფესიონალისთვის არა აქვს მნიშვნელობა, გულშემატკივარი ვისი იქნება. საქართველოს ნაკრებისთვის ისრაელის ქომაგიც დიდი მოტივაცია უნდა იყოს.

თავიდანვე ვამბობდით, რომ თანაბარი ჯგუფია. სადღეისოდ სამი გუნდია ორი მოგებით, ერთი წაგებით და სამი - ერთი მოგებით, ორი წაგებით. ასე რომ, ჯერჯერობით სტამბოლის გზა ყველასთვის ხსნილია, ოთხეულში მოხვედრის შანსი ექვსივე გუნდს აქვს.

- რა უნდა შეიცვალოს იმისთვის, რომ თამაშიც გამოვასწოროთ და დასახულ მიზანსაც მივაღწიოთ?
- რაც მთავარია, პირველივე წუთიდან აგრესიულები უნდა ვიყოთ. მხოლოდ ბოლო წუთებში აგრესიული თამაში შედეგს არ მოგვცემს. უკრაინასთან სწორედ აგრესია გვაკლდა. საქართველოს ნაკრების კალათბურთელებს შეუძლიათ, რომ მოედანზე გავიდნენ ისე - მეტოქეს აგრძნობინონ, ვინ არის მთავარი, ვისია თამაში.

ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს შეცდომების მინიმუმამდე დაყვანას. გავიმეორებ, ასეთ მატჩებში ძალიან ბევრს წყვეტს ერთი-ორი შეცდომა, ერთი ზუსტი ან არაზუსტი ტყორცნა. გვჭირდება ჭკვიანური და აგრესიული თამაში.

ვაჟა სიმონიშვილი თელ-ავივიდან
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კი აგრესიულები - განსაკუთრებით ანატოლი ბოისა
boisa
17:52 05-09-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული