კოკოშკოვი ქვეყნის პრეზიდენტად - რას წერენ საქართველოს ნაკრების ყოფილ თავკაცზე

AutoSharing Option
ევრობასკეტის დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრები ოფიციალურად მწვრთნელის გარეშეა დარჩენილი. ილიას ზუროსს კონტრაქტი ამოეწურა, თუმცა ქართულ მხარეს მისი 2 წლით გახანგრძლივება სურს, ბერძენი სპეციალისტი ჯერ ფიქრობს და მოლაპარაკებას ელის. თუმცა ახლა ყველაზე აქტუალური ჩვენი გუნდის მეორე ექსთავკაცი იგორ კოკოშკოვია...

ევრობასკეტი 2017: კოკოშკოვმა ესპანეთს მოუგო, სლოვენია ფინალშია [VIDEO]

გუშინ კოკოშკოვის სლოვენიამ 20-ქულიანი სხვაობით დაჩაგრა ევრობასკეტის ფავორიტი ესპანეთი და ისტორიაში პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატის ფინალში.

45 წლის სერბმა საქართველოშიც შესამჩნევი კვალი დატოვა. სწორედ მისი მწვრთნელობის დროს დააღწია საქართველოს ნაკრებმა თავი ევროპის B დივიზიონს და
სამჯერ ითამაშა ევრობასკეტზე (2011 წელს მიღწეული მე-11 ადგილი ახლაც საუკეთესოა ნაკრების ისტორიაში).

კოკოშკოვს, რომელიც საოცარი ემოციური მდგრადობით გამოირჩევა (რისი ნათელი დასტური თუნდაც ეს ფოტოა), სლოვენიაში აღმერთებენ. გუშინდელი ნახევარფინალის შემდეგ primorske.si-მ სერბ მწვრთნელს სტატია მიუძღვნა: "კოკოშკოვი პრეზიდენტად":

"სლოვენიური სოციალური მედია "გადაიწვა" - ნახევარფინალის მერე ჯერ ერთმა დაწერა - "იგორ კოკოშკოვი პრეზიდენტად" და მერე ხალხმაც აიტაცა... რა თქმა უნდა, ნაკლებად მოსალოდნელია, 45 წლის სერბმა ლუბლიანაში, პრეშერენის სასახლის კაბინეტში დაიდოს "ბინა", მაგრამ გაცილებით რეალურია, რომ ის ძალიან მალე გახდება პირველი ევროპელი, ვინც NBA-ს გუნდს ჩაიბარებს.

კოკოშკოვი არის მწვრთნელი, რომელმაც სლოვენიის ნაკრებში სამართლიანობა დაამკვიდრა, დადებითი პერსონით და გულმოდგინებით გუნდს გამარჯვებულის მენტალიტეტი შესძინა და აი, შედეგიც - სლოვენია ევროპის ჩემპიონატის ფინალშია.

რაც სლოვენიას ხელმძღვანელობს, გუნდმა ყველა თამაში მოიგო - შარშან 6, წლეულს უკვე 8 ზედიზედ.

"იგორი ძალზე პოზიტიური პერსონაა. ისეთ სიტუაციაშიც კი შეუძლია დაინახოს ოპტიმისტური გამოსავალი, რომელშიც სხვა სასოწარკვეთას მიეცემოდა. მისი მწვრთნელობა დიდებულად ერგება ჩვენს კალათბურთელებს. ის ტოპ-ექსპერტია და დარწმუნებული ვარ, მას უდიდესი მომავალი ელის კარიერაში", - ამბობს მისი ასისტენტი იაკა ლაკოვიჩი.

კოკოშკოვი ვოივოდინელია. 18 წლის ასაკში, როცა მან "ცრვენა ზვეზდასთან" პირველი კონტრაქტი გააფორმა, როგორც პერსპექტიულმა ახალგაზრდამ, მას საშინელი ავარია შეემთხვა, რის გამოც რამდენიმე თვე ჰოსპიტალში გაატარა.

"იგორი თანამედროვე მწვრთნელია. ეს კარგად ჩანს ჩვენი ნაკრების თამაშის სტილში, ეს ყველაფერი იგორისგანაა. იგი ძალიან გულღია და სამართლიანი ადამიანია", - ამბობს მეორე ასისტენტი რადო ტრიფუნოვიჩი.

კოკოშკოვი უკვე 17 წელია, ამერიკაში საქმიანობს და მას NBA-ს ჩემპიონის ბეჭედიც აქვს. ბეჭედი მან მოიგო, როგორც ლარი ბრაუნის ასისტენტმა "დეტროიტში". ის გახდა პირველი ევროპელი, რომელმაც "ოლ სტარის" მატჩში მწვრთნელის ასისტენტად მიიღო მონაწილეობა. მას ასისტენტად უმუშავია "კლიპერსში", "ფენიქსში", "დეტროიტში", "კლივლენდში", "ორლანდოში" და ახლა "იუტაშია". კოკოშკოვმა 2008 წლიდან 2015-მდე საქართველოს ეროვნული ნაკრები გაწვრთნა.

"იგორმა ბევრი რამ მისცა ნაკრებს, მთავარი კი ისაა, რომ მისი გულისთვის ბიჭები კედელს გაივლიან", - ამბობს სლოვენიური კალათბურთის ლეგენდა საშა დონჩიჩი.

ამის ყველაზე ნათელი დასტური კი კაპიტნისა და ლიდერის, გორან დრაგიჩის სიტყვებია, რომელიც მან ნახევარფინალის შემდეგ თქვა: "თუ იგორი დარჩება ნაკრებში, მაშინ მეც დავრჩები გუნდში"...
მკითხველის კომენტარები / 21 /
აზრები ქართულ კალათბურთზე? მე ვიცი ის რომ სერბები არიან კალათბურთის და ფიზმომზადების სპეციალისტები, ჩვენ კი ქართველები საკალათბურთო ერი ვართ ტრადიციებიც გვაქ ტალანტიც გვაქვს მოთამაშეებიც გვყავს ერთი ციცქნა ქვეყნიდან 5 ქართველი მოხვდა NBA-ში მაგრამ პატრონი არა გვყავს, მწვრთნელი არა გვყავს და არცერთი ნორმალური უცხოელი მწვრთნელიც არ მოდიოდა ჩვენთან, ზუსტად ეს მადლი გაგვიკეთა იგორმა და ხელი შეგვაშველა. საცოდავად ვიყავით და კიდე რამდენი უნდა გვეფორთხიალა B Dივიზიონში იგორი რომ არ მოსულიყო. არც არავინ მოდიოდა ნორმალური, იგორი მოვიდა, და არა მარტო მოვიდა - მართლა ამოგვქაჩა გვიშველა ამოგვაყვინთინა ევროპის საუკეთესო 11 ეულში შეგვიყვანა და ქართული კალათბურთი სულ სხვა სიმაღლეზე სულ სხვა სივრცეში გაიყვანა. ფაქტიურად მან გადაგვირჩინა ქართული კალათბურთი, მისი დადებული ამაგი და მისი გაწეული სამუშაო ფასდაუდებელია... სენსაციები გამოვაცხვეთ სერბეთსაც კი მოვუგეთ მაშინ. და ზოგიერთი ღრუ-მუცელი იმბეცილი ასეთი როგორ იბადება, კიდე იმას იძახდნენ გრუზინები ბ-დივიზიონიდან ისედაც ამოვიდოდითო! ჩემ ფეხებს ამოხვიდოდი, წავიდა კოკოშკოვი და ისევ დაბრუნდა "გრუზინული ეპიზოდები" კინაღამ დავბრუნდით ისევ საიდანაც მოვედით, ზურია მოვიდა ეხლა მაგან გვიშველა აიღო "ატვეჩაი" და როგორც იქნა გზა გაგრძელდა. მაგრამ სერბებთან უნდა ვითანამშრომლოთ, ძალიან კარგია ის პროექტი ასაკობრივებთან რომ მუშაობენ სერბი და ხორვატი ბავშვებს რომ გვიზრდიან, სანიკიძე ტყუილად კი არ იძახოდა სერბეთი უნდა მოვიარო საკალათბურთო სისტემა უნდა ავითვისოთ საქართველოში არაფერი არა გვაქვსო. მაგრამ ასეთი უმადურობით და ღურმუცელობით ბიძია არ ვიცი როგორ უნდა იყოს, ბოლოს უკვე იგორას ინგლისურად უწერდნენ ლაწირაკები "წადი იგორ წადი სახლშიო" (!) წავიდა ფინალშია ეგერ და სდიეთ ეხლა
ბიძია
04:38 17-09-2017
1
მე მგონი კალთბურთის ფედერეციის თავჯდომარის (გაბრიჭიძის)შეცვლის დროა, რომელმაც ზუროს ტურისტებად გაატანა თავისი მოადგილის ბოისას ძმა და კიდევ სხვა 4 უსარგებლო მოთამაშე, რომლებიც არც დაძრულან სათადარიგო სკამიდან. ალბათ უნდა წაეყვანათ ცქიტიშვილი სიმაღლე მაინც აქვს. ან სულ ახალგაზრდა გულაშვილი, რომელიც ესპანეთში თამაშობს და როგორც ამბობენ პერსპექტიული კალათბურთელია. სამქულიანების და ჯარიმების კარგი სროლის გარეშე ვერაფერს ვერ მივაღწევთ. ესაა ჩვენი კალათბურთის ყველაზე სუსტი წერტილი. თუ გახსოვთ მაღალაშვილი თავისი წერტილები ქონდა საიდანაც 3–ქულიანებს ყრიდა, თუმცა ამ სროლებზე დიდხანს ვარჯიშობდა
გოგა
22:02 16-09-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული