მამუკელაშვილს ამერიკის მოქალაქეობა აქვს და საქართველოს ნაკრებში თამაში არ შეუძლია.
იგი ერთ-ერთმა ცნობილმა მწვრთნელმა ტედ ბოილმა შეარჩია და ამერიკაში წაიყვანა. Sportall.ge მამუკელაშვილს ამერიკაში დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩაწერა.
- თუ შეგიძლიათ მოგვიყვეთ თქვენი კარიერის შესახებ... საიდან მოხვდით ამერიკაში?
- კალათბურთის თამაში "ვესტაში" დავიწყე, სადაც მწვრთნელი დათო მინდორაძე იყო. შემდეგ გადავედი "აკადემიაში", სადაც 15 წლამდე ვიყავი. გავიგე, რომ იტალიის გუნდებს მოვწონდი, ამიტომ მე და მამაჩემი იტალიაში
2 წელი ვითამაშე იტალიაში. ძალიან კარგი მწვრთნელი და თანაგუნდელები მყავდა. სულ მინდოდა ამერიკაში ჩამოსვლა და როგორც კი გამოჩნდა ვარიანტი montverde academy-ში გადასვლის, მაშინვე წავედი, სადაც საუკეთესო ამერიკელი მწვრთნელი მუშაობს - ტედ ბოილი.
- თქვენ "სეტონ ჰოლის პირატებში" ასპარეზობთ, რომელიც NCAA-ს I დივიზიონში თამაშობს. რა შეგიძლიათ გვითხრათ გუნდის შესახებ?
- "სეტონ ჰოლი" არის გუნდი, სადაც ყველა ძალიან ძლიერი და გამოცდილი მოთამაშეა. ძალიან ძლიერი გუნდია და თავის დამკვიდრება ძალიან ძნელია. ყოველთვის ბრძოლა გჭირდება, რომ ითამაშო, ეს კი ჩემთვის ძალიან კარგია, რადგან ყოველდღიურად უკეთესი მოთამაშე ვხდები.
- თქვენ ერთ ნაბიჯში იმყოფებით NBA-ში მოხვედრასთან...
- NBA-ში მოხვედრა ადვილი არ არის... ყოველდღიურად უდიდესი შრომა და 100%-ით დახარჯვა არის საჭირო. ბევრი უნდა ვიმუშავო, რომ დავამტკიცო, საუკეთესოთა თამაშის ღირსი ვარ. იმედია, ყველაფერი გამოვა...
- თქვენ ამერიკის მოქალაქე ხართ. დაუბრუნდებით თუ არა საქართველოს და ითამაშებთ თუ არა საქართველოს ნაკრების სახელით?
- საქართველოს ნაკრებში თამაში მსურს, თუმცა ყველაფერი კალათბურთის ფედერაციაზეა დამოკიდებული...
- საქართველოს საკალათბურთო ნაკრების თამაშებს, ალბათ, თვალს ადევნებთ. რისი თქმა შეგიძლიათ ჩვენს ნაკრებზე?
- ძალიან მაგარი ბიჭები გვყავს ნაკრებში! ახალგაზრდების დამატებით ძალიან შორს შევძლებთ წასვლას.
- თქვენ ერთ-ერთ ძლიერ ლიგაში თამაშობთ, საიდანაც NBA-ში მოხვედრა უფრო ადვილია. რა შეგიძლიათ თქვათ ქართველ კალათბურთელებზე, თქვენი გადმოსახედიდან, რამდენ მათგანს შეუძლია NBA-ს დონის ათვისება?
- NBA-ში მოხვედრა არის ერთი და თუ როგორ ითამაშებ იქ - მეორე. როდესაც დონეს ვერ აკმაყოფილებ, G ლიგაში გიშვებენ... ჩემი აზრით, ძალიან მაგარი ბიჭები გვყავს, შრომით და მონდომებით ყველას შეუძლია მოხვედრა.
-თქვენ მცირე სათამაშო დრო გეძლევათ და ნაკლებ ქულებს აგროვებთ. რას იტყოდით ამის შესახებ? რატომ გაქვთ მცირე სათამაშო დრო და რატომ აგროვებთ ქულების მცირე რაოდენობას?
-დამწყებებს დიდი დრო არ ეძლევათ, რადგან 5 სენიორი გვყავს ჩემს პოზიციაზე. ყველა ამერიკელი თამაშობს და რა თქმა უნდა, მათზე არის აწყობილი გუნდი. ჩემი აზრით, უფრო მეტი დრო რომ მქონდეს, მეტ ქულასაც დავაგროვებდი. ამჟამად გამოცდილებას ვიღებ და ვცდილობ, რა დროსაც მომცემენ, მაქსიმალურად გამოვიყენო და თამაშის მოგებაში ჩემი წვლილი შევიტანო.
- როგორია თქვენი ყოველდღიური ცხოვრება ამერიკაში?
- დღე საკმაოდ მძიმე მაქვს... დილით ინდივიდუალური ვარჯიში, შემდეგ გუნდთან ერთად ვვარჯიშობ. შემდეგ სასწავლო დარბაზში გავდივარ. ამას ემატება თამაშები ყოველ ოთხშაბათს და კვირას.
- ვინ არის თქვენი საკალათბურთო კუმირი?
- ჩემი კუმირები მეჯიქ ჯონსონი და ტონი კუკოცი არიან. მოქმედი მოთამაშეებიდან კი - ბენ სიმონსი.