სპეციალისტის თვალით: ამ ყველაფრის ერთობლიობამ შექმნა დღევანდელი გოგა ბითაძე

AutoSharing Option
19 წლის გოგა ბითაძე 2019 წლის NBA-ს დრაფტზე დადგება. ექსპერტების მოსაზრებით, ქართველ ცენტრს პირველივე რაუნდში აირჩევენ.

Sportall.ge-მ ქართველი ტალანტის შესახებ აზრი ვეტერან კალათბურთელს და ამჟამად სუპერლიგის კლუბ "ქუთაისის" მთავარ მწვრთნელს, კოტე ტუღუშს ჰკითხა.

ქართველი სპეციალისტი გოგა ბითაძეს ბავშვობიდან ადევნებს თვალს და მისი ნიჭიერების შესახებ გვიყვება.

"მე გოგა ბითაძის პირველი ნაბიჯები მახსოვს კალათბურთში. ლაშა თოიძე არის ჩემი ბავშვობის მეგობარი, რომელთანაც გოგამ პირველი საკალათბურთო ნაბიჯები გადადგა. იქიდან მოყოლებული, ამ საინტერესო ადამიანს თვალყურს ვადევნებ".

Sportall.Ge

ტუღუშის თქმით, ბითაძე, მისი სიმაღლის მიუხედავად, პარკეტზე მარტივად გადაადგილდებოდა,
რაც მსგავსი ტიპის მოთამაშეებისთვის არც ისე ხშირია.
"რა თქმა უნდა, ადრეული ასაკიდანვე მიიქცია ყურადღება მისი ასაკისთვის შეუფერებელი სიმაღლით, მაგრამ ამასთან ერთად, ყველა ასპექტში ნიჭიერი იყო: საჯარიმოს გარედან სროლა შეეძლო; სიმაღლის მიუხედავად, საკმაოდ მარტივად გადაადგილდებოდა პარკეტზე.

ამასთან ერთად, ძალიან ჭკვიანი მოთამაშეა და ამ ყველაფრის ერთობლიობამ შექმნა დღევანდელი გოგა ბითაძე, რომელიც ევროპაში ანგარიშგასაწევი ძალაა და ცოტა ხანში NBA-ში ვიხილავთ და იქაც ასეთივე მოთამაშე იქნება", - აღნიშნავს ტუღუში.

თანდაყოლილი რბილი და მგრძნობიარე მაჯა
"გოგამ ძალიან სწორი კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღო კარიერის განმავლობაში, რამაც ხელი შეუწყო, რომ ასეთ მოთამაშედ ჩამოყალიბებულიყო.

ადრეულ ასაკშივე, საკუთარი მონაცემებიდან გამომდინარე, მწვრთნელები დიდ ყურადღებას აქცევდნენ. იგი იყო ჩვენი ყველა ასაკობრივი ნაკრების წამყვანი მოთამაშე და არც ევროპელებს დარჩენიათ შეუმჩნეველი. იგივე "მეგა ბემაქსში" მოხვედრაც ძალიან სწორი ნაბიჯი იყო. ეს კლუბი ძალიან წარმატებული პროექტია ევროპაში. შესაბამისად, ამან დადებითი გავლენა იქონია მასზე.

მიუხედავად იმისა, რომ "ბუდუჩნოსტის" მიმართ დიდი სიმპათიებით განწყობილი არ ვიყავი, გოგა ბითაძისთვის ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო, რადგან მოუწია ევროპის საუკეთესო ცენტრების და გუნდების წინააღმდეგ თამაში. ეს გამოცდილება და ამ მოთამაშეების გვერდით თამაში უკვალოდ არ ჩაივლის. ამ გადაწყვეტილებების წყალობით, მან სწორად წარმართა საკუთარი კარიერა.

გოგა ბითაძის 23 ქულა "მილანთან" ევროლიგის მატჩში

გოგას უდიდესი პლუსია სიმაღლე, რომელსაც ის ფარქვეშ შესანიშნავად იყენებს და არაერთხელ გაუკვირვებია მოწინააღმდეგე სამქულიანი სროლებით. თანდაყოლილი რბილი და მგრძნობიარე მაჯა აქვს, რომელიც ძალიან ეხმარება - შესაბამისად, მაღალი მოთამაშე დაიცვა სამწამიანშიც და პერიმეტრზეც, ძალიან რთულია. მას შეუძლია მოედნის ორივე პოზიციაზე ერთნაირად პროდუქტიული იყოს".

NBA-ს პერსპექტივა
"პირველ რიგში, ბევრი იქნება იმაზე დამოკიდებული, NBA-ს რომელ გუნდში მოხვდება, მაგრამ ყველაზე მთავარია, რომ იქაც გოგა ბითაძე ინდივიდუალურად ძალიან წარმატებული იქნება. გუნდური წარმატებისთვის კიდევ სხვა რამ არის საჭირო.

გოგა ბითაძე არის საქართველოს ნაკრების ხვალინდელი დღე და დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ბევრი მაგარი ქართველი გამოჩნდება, რომელიც საქართველოში თუ საზღვარგარეთ თამაშობს, რომლებიც შეიძლება დღეს გოგასავით ცნობილები არ არიან, მაგრამ ჩვენი ნაკრებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვნები იქნებიან", - უთხრა კოტე ტუღუშმა Sportall.ge-ს.

NBA-ის დრაფტი 20 ივნისს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მართლაც იმედია ნაკრების. წარმატებები გოგას!
Geo_Dinamo
11:51 24-04-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული