ყველაფერი, რაც NBA-ს დრაფტის შესახებ უნდა იცოდე

AutoSharing Option
20 ივნისს, ღამის 03:30 საათზე NBA-ს დრაფტი გაიმართება, ღონისძიება, რომელიც უფრო მეტი ადამიანის ყურადღებას იპყრობს, ვიდრე სუპერფინალური სერიები.

განსაკუთრებით კი, დრაფტი იმ კლუბების გულშემატკივრებისთვისაა საინტერესო, რომელთა საყვარელი გუნდები პლეი-ოფებში ვერ მოხვდნენ.

ჩვენთვის კი იმით არის საინტერესო, რომ დრაფტზე წელს ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე დადგება და სხვათა შორის, ის "მწვანე ოთახშია" მიწვეული. რას ნიშნავს "მწვანე ოთახი" და კიდევ სხვა დეტალების შესახებ ქვემოთ გაიგებთ.

რა არის დრაფტი?

დრაფტი ინგლისური სიტყვაა და ქართულად "გაწვევას" ნიშნავს. აღნიშნული პროცესი NBA-ს ყოველი სეზონის დასასრულის შემდეგ მიმდინარეობს. ცერემონიაზე,
რომელიც ტრადიციულად ნიუ-იორკში იმართება (2010 წლამდე დრაფტი "მედისონ სქვეარ გარდენში" ტარდებოდა, 2011 წლიდან "ნეთსის" საშინაო არენაზე, თავიდან ნიუ-ჯერსიში, ახლა ბრუკლინში), NBA-ს კლუბებს რიგის მიხედვით ახალგაზრდა მოთამაშეები აჰყავთ და თუ გუნდში არ დაიტოვებენ, შეუძლიათ ისინი გაასხვისონ ან განვითარების ლიგაში გაუშვან სათამაშოდ.

თუკი თქვენ მიჩვეული ხართ სპორტის ევროპულ სისტემას, სადაც ბავშვებს სპორტსმენებად აკადემიებში აყალიბებენ, შეიძლება ცოტა უცნაურად მოგეჩვენოთ დრაფტი და გარკვეული დრო დაგჭირდეთ მისი იდეის გასაგებად.

აი, აშშ-ის სპორტში არსებობს განსაზღვრული ვერტიკალი, რომელიც საგანმანათლებლო სისტემაში არის ინტეგრირებული: სკოლა-უნივერსიტეტი-პროფესიული სპორტი. სპორტის სხვადასხვა სახეობას განსხვავებული ნიუანსები აქვს, თუმცა კალათბურთში ისინი ყველაზე მარტივია.

სკოლის დასრულების შემდეგ საუკეთესო სპორტმენებს უნივერსიტეტებში სტიპენდიებს სთავაზობენ და სწორედ უნივერსიტეტებიდან/კოლეჯებიდან დგებიან მოთამაშეები დრაფტზე და აჰყავთ NBA-ს კლუბებს. აღნიშნულ პროცესს NCAA ხელმძღვანელობს.

2022 წლიდან NBA გეგმავს, რომ სპორტსმენებს დრაფტზე დაშვების უფლება პირდაპირ სკოლიდან მისცეს და გამოტოვოს კოლეჯის/უნივერსიტეტის საფეხური ისე, როგორც ეს კობი ბრაიანტმა, კევინ გარნეტმა, ლებრონ ჯეიმსმა და სხვებმა გააკეთეს 1995-2005 წლებში.

რამდენი ხანია, რაც დრაფტი არსებობს?

პირველი დრაფტი NBA-ს პირველი სეზონის დასრულების შემდეგ, 1947 წელს გაიმართა. NBA-მ საფუძვლად ეროვნული საფეხბურთო ლიგიდან სამოყვარულო დრაფტის სისტემა აიღო, რომელიც ამერიკულ ფეხბურთში 1936 წლიდან არსებობდა - საფეხბურთო კლუბები იმ ფეხბურთელებს ინაწილებდნენ, რომლებიც ჯერ პროფესიონალები არ იყვნენ. თუ უფრო სიღრმეში ჩავალთ, დრაფტის საწყისები ბეისბოლშია - 1921 წლიდან ბეისბოლის ლიგის კლუბები დრაფტს ქვედა ლიგაში მოთამაშე სპორტმენებისთვის ატარებდნენ.

რა საჭიროა დრაფტი?

დრაფტის მთავარი იდეა გახლავთ - ყველა კლუბს ჰქონდეს შანსი, ძლიერი კალათბურთელი აიყვანოს. NBA-ს მთელი ფილოსოფია იმაში მდგომარეობს, რომ ყველა კლუბს თანაბარი შესაძლებლობები უნდა ჰქონდეს.

დრაფტი NBA-ს თავიდან აცილებს იმ სიტუაციას, რასაც ევროპაში მიჩვეულები ვართ, ანუ მდიდარი კლუბები ყიდულობენ საუკეთესო მოთამაშეებს, ხოლო მათ აკადემიებსა და ახალგაზრდულ გუნდებში ნიჭიერი მოთამაშეების გრძელი რიგი დგას. NBA-ში კი ყველა კლუბს აქვს შანსი, დრაფტის საშუალებით გუნდში მომავალი ვარსკვლავი აიყვანოს.

როგორ განისაზღვრება ადგილები დრაფტზე?

კლუბების წინა სეზონის შედეგების მიხედვით. დრაფტის წესრიგი ცხრილის ამობრუნებული ვერსიაა: რაც უფრო ქვევით ხარ ცხრილში, მით უფრო მაღალი ადგილი გაქვს დრაფტის დროს (რომელსაც "დრაფტპიკს", ანუ მარტივად "პიკს" უწოდებენ), პლეი-ოფში მონაწილეობის მიღებას კი არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია. დრაფტის პირველი 4 ადგილი ლატარიის საშუალებით თამაშდება.

ყველა იმ კლუბს, რომელიც პლეი-ოფში ვერ მოხვდა, აქვს შანსი, რომ დრაფტზე 1-4 ნომერი მიიღოს. მაისში ლატარია იმართება, რომ განისაზღვროს, თუ ვისი იქნება 1-ლი, მე-2, მე-3 ადგილი.

ცერემონიის დროს კენჭისყრის საშუალებით 14-დან 4 ბურთულას ამოიღებენ. კომბინატორიკის (მათემატიკის ერთ-ერთი ნაწილი, რომელიც შეისწავლის დისკრეტულ ობიექტებს, სიმრავლეებს - ელემენტების გაერთიანება, გადანაცვლება, ვარიაცია, გამოთვლითი კომბინატორიკა და მათ კავშირებს) მიხედვით, კომბინაციათა სრული რაოდენობა არის 1001.

თანასწორობის უზრუნველსაყოფად 1 სარეზერვო კომბინაციას ამოიღებენ ხოლმე (11-12-13-14), ხოლო დანარჩენი 1000 განისაზღვრება გუნდების მიხედვით. 3 ყველაზე ცუდი შედეგის მქონე გუნდს ლატარიაში მოგების 14%-იანი შანსი აქვს, ბოლოდან მე-4 გუნდს - 12,5%-იანი და ა.შ.

იმ კლუბებიდან საუკეთესოს, რომელიც პლეი-ოფში ვერ გავიდა, მხოლო 0,5 %-იანი შანსი აქვს, რომ ლატარიაში მაღალი პიკი მიიღოს. გამარჯვებების რაოდენობას შანსებზე გავლენა არ აქვს, ეს მხოლოდ სატურნირო ცხრილში მის ადგილს განსაზღვრავს.

პროცედურა 4-ჯერ ტარდება, იმისათვის, რომ გამოვლინდეს 1-ლი, მე-2, მე-3 და მე-4 ადგილი. თუკი სარეზერვო ან უკვე გამარჯვებული კომბინაცია ამოვიდა (ლატარიის მოგება 1 წელში ორჯერ არ შეიძლება), ბურთულებს უკან აბრუნებენ და ლატარია თავიდან თამაშდება.

რა საჭიროა ლატარია?

სისტემა, რომლის მიხედვითაც ყველაზე ცუდი შედეგის მქონე კლუბები პირველად ირჩევენ, არ მუშაობს, რადგან შესაძლოა გუნდებმა სპეციალურად წააგონ თამაშები, რათა ცხრილის ფსკერზე აღმოჩნდნენ და პირველებმა აირჩიონ მოთამაშეები დრაფტზე.

ამ სტრატეგიას ჟარგონულ ენაზე "თენკინგი" (tanking) ჰქვია. 1965 წლამდე NBA-ში მოქმედებდა წესი "ტერიტორიულ პიკებზე", ანუ კლუბებს პირველ რიგში მათთან ახლოს მდებარე კოლეჯებიდან უნდა აერჩიათ მოთამაშეები. მას შემდეგ, რაც ლიგა გაფართოვდა, ამ წესებზე უარი თქვეს და პირველი პიკი მონეტის აგდებით თამაშდებოდა იმ ორ გუნდს შორის, რომლებმაც კონფერენციების ცხრილში ბოლო ადგილები დაიკავეს.

თითოეული კონფერენციის ბოლოადგილოსანს 50-50-პროცენტიანი შანსი ჰქონდა, რომ პირველი პიკი მისი ყოფილიყო. სწორედ ამ მონეტამ განსაზღვრა 1979 წელს ის, რომ მეჯიქ ჯონსონი "ლეიკერსში" მოხვდა და არა "ჩიკაგოში".

1985 წელს გადაწყვიტეს, რომ ბრმა კენჭისყრა მოაწესრიგებდა რიგობითობის საკითხს არა მხოლოდ ბოლო ან ბოლოსწინა გუნდებისთვის, არამედ ყველა კლუბისათვის, რომელიც პლეი-ოფში ვერ მოხვდა.

1987 წელს სისტემა დააკორექტირეს, პლეი-ოფში ვერმოხვედრილ ყველა კლუბს 1-2-3 ადგილებზე თანაბარი შანსი ჰქონდათ, ხოლო მე-4 პიკიდან ადგილები ძველი წესების მიხედვით ნაწილდებოდა.

ხოლო 1990 წელს შემოიღეს დღემდე არსებული სისტემა, რომლის მიხედვით ლატარიაში გამარჯვების შანსი იყო უფრო მაღალი, რაც უფრო დაბალ ადგილს დაიკავებდი რეგულარულ სეზონში. ალბათობის პროცენტობა წლიდან წლამდე იცვლებოდა. ყველაზე ახალი სისტემა შედარებით ყველაზე თანაბარი შანსებით 2016  წელს შემოიღეს, რომლის საშუალებითაც შემცირდა იმ გუნდების რიცხვი, რომლებსაც ცხრილში ბოლო ადგილზე გასვლა სურდათ (ადრე ბოლოადგილოსანი ლატარიაში გამარჯვებისა და პირველი პიკის 25%-იან შანსს იღებდა). როგორც თვლიან, რეფორმამ გაამართლა და სულ უფრო და უფრო ცოტა გუნდი ვერ აგროვებს მინიმუმ 20 მოგებას რეგულარულ სეზონში.

რამდენ ადამიანს ირჩევენ ხოლმე?

NBA-ს დრაფტი ორ რაუნდად ტარდება (ერთ დროს 10 რაუნდი და მეტიც კი იყო და როცა მობეზრდათ, 1988 წელს რაუნდების რაოდენობა 3-მდე შეამცირეს, მომდევნო წელს კი 2-მდე). იმის გათვალისწინებით, რომ NBA-ში 30 გუნდია, ყოველი დრაფტის დროს 60 მოთამაშეს ირჩევენ. ყოველ გუნდს აქვს განსაზღვრული ადგილი პირველ და მეორე რაუნდში.

პირველ რაუნდში აყვანილი მოთამაშეები იღებენ გარანტირებულ 2-წლიან კონტრაქტსა და განსაზღვრულ ხელფასს (კლუბებს აქვთ უფლება, გაახანგრძლივონ კონტრაქტები მე-3 და მე-4 წელზე), ხოლო მეორე რაუნდში არჩეული მოთამაშეები კლუბებთან კონტრაქტზე, დაახლოებით, ისე აწერენ ხელს, როგორც თავისუფალი აგენტები.

რა ხდება იმათთან დაკავშირებით, ვისაც დრაფტზე არ აირჩევენ?

ისინი თავისუფალი აგენტები ხდებიან და NBA-ს ნებისმიერ კლუბთან შეუძლიათ კონტრაქტის გაფორმება, თუკი ვინმე მათი საქმიანობით დაინტერესდება. ყოველ წელს დრაფტზე არარჩეული, დაახლოებით, 20 მოთამაშე NBA-ში თამაშის შანსს იღებს.

დრაფტზე აყვანილი მოთამაშეები შემდეგ წელს NBA-ში ითამაშებენ?

ეს აუცილებელი არაა. კლუბი ვალდებულია, აყვანილ კალათბურთელთან გააფორმოს კონტრაქტი, თუ სპორტსმენი ამას მოითხოვს. თუმცა, გუნდს შეუძლია მოელაპარაკოს მოთამაშეს, რომ მან გაატაროს 1 წელი სხვა ლიგაში და ამის შემდეგ მოაწეროს კონტრაქტს ხელი NBA-ში. უფლებები მოთამაშეებზე მანამდე გრძელდება, სანამ კალათბურთელი კონტრაქტს არ მოაწერს ხელს. ამ წესიდან გამომდინარე, "ატლანტას" ჯერ კიდევ ფლობს უფლებას 51 წლის აუგუსტო ბინელიზე, რომელიც 33 წლის წინ აირჩია დრაფტზე, თუმცა ამერიკაში არასდროს უთამაშია. ხოლო, "საკრამენტოს" აქვს უფლება ლეგენდარულ დეიან ბოდიროგუზე, რომელმაც კარიერა 2007 წელს დაასრულა.

რა ხდება, თუ მოთამაშე უარს იტყვის იმ კლუბზე, რომელმაც ის აირჩია?

ამის უფლება მოთამაშეს არ აქვს, ან ითამაშებს იმ კლუბში, ან NBA-ში საერთოდ ვერ ითამაშებს. მსგავსი შემთხვევა 21-ე საუკუნეში არ ყოფილა. NBA-ში რეპუტაციის გაფუჭება არავის უნდა, თან სასწორზე, როგორც წესი, დიდი ფულია და მასზე უარის თქმა არავის სურს.

რატომ ხდება, რომ "ატლანტას" 6 პიკი აქვს დრაფტზე, "ლეიკერსს" არცერთი?

NBA-ს კლუბები მოთამაშეებს არ ყიდულობენ, ისინი ცვლიან კალათბურთელებს ერთმანეთში. NBA-ს კლუბებს აქვთ უფლება, ადგილები დღეს მოთამაშე კალათბურთელებში გაცვალონ. ასე მოხდა შარშან, როცა "სან ანტონიომ" გაუცვალა კავაი ლეონარდი "ტორონტოს" და სანაცვლოდ არა მხოლოდ 2 კალათბურთელი, არამედ "რეპტორსის" პიკიც მიიღო დრაფტის დროს.

ყოველწლიურად, დაახლოებით, პირველი რაუნდის 10 და მეორე რაუნდის 15 პიკი გაცვლილია.

როგორ მიმდინარეობს დრაფტის ცერემონია?

სხვადასხვა გუნდის წარმომადგენლები იკრიბებიან ერთ ადგილას და რიგის მიხედვით იწყებენ კალათბურთელების არჩევას. მოთამაშის ასარჩევად პირველ რაუნდში კლუბს 5 წუთი ეძლევა. ამ დროის გასვლის შემდეგ კლუბის მენეჯერებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება და აცნობონ NBA-ს კომისიონერ ადამ სილვერს. ამის შემდეგ ადამი გამოდის სცენაზე და აცხადებს არჩევის შესახებ, იწვევს მოთამაშეს ხელის ჩამოსართმევად. ამის პარალელურად, 5 წუთის ათვლა შემდეგი გუნდისთვის დაწყებულია. მეორე რაუნდში დაღლილ კომისიონერს მოადგილე ანაცვლებს, კლუბებს კი უკვე 2 წუთი აქვთ და მოთამაშეებს სცენაზე აღარ იწვევენ.

რა არის "მწვანე ოთახი"?

სცენის წინ, საიდანაც კომისიონერი გადაწყვეტილებებს ახმოვანებს, არსებობს ზონა, რომელსაც "მწვანე ოთახი" ჰქვია. აქ NBA პერსონალურად იწვევს იმ მოთამაშეებს, რომლებიც დიდი ალბათობით, მაღალ პიკებად აირჩევიან. მსგავსი მოთამაშეების რიცხვი დაახლოებით 15-დან 20-მდე მერყეობს. ყოველ მოთამაშეს აქვს საკუთარი მაგიდა, რომელთანაც ის საკუთარ ოჯახთან ერთად ზის.

რამდენად პრესტიჟულია პირველ ნომრად არჩევა?

რა თქმა უნდა, რაც უფრო მაღალი ნომერი იქნება დრაფტზე, უფრო დიდია შანსი, დიდი მოთამაშე გახდე. პირველ ნომრად ერთ დროს ისეთი მოთამაშეები აურჩევიათ, როგორებიც კარიმ აბდულ ჯაბარი, მეჯიქ ჯონსონი, შაკილ ო'ნილი და ლებრონ ჯეიმსი არიან.

თუმცა, პირველი ნომერი არ იძლევა წარმატების გარანტიას. უკანასკნელი 30 პირველი ნომრიდან მხოლოდ 5 გახდა NBA-ს ჩემპიონი და მხოლოდ 2 (კაირი ირვინგი და ტიმ დანკანი) გახდა ჩემპიონი იმ გუნდში, რომელმაც ის აიყვანა.

აღსანიშნავია ის, რომ დრაფტი და პერსპექტივა არ არის ზუსტი მეცნიერება, აქაც ხდება შეცდომები და პირველი ნომრები ხშირად ვერ ამართლებენ იმედებს.

შესაძლებელია, რომ ვარსკვლავი დაბალი ნომრით აირჩიონ?

რა თქმა უნდა. NBA-ს ორგზის MVP სტეფ კარი 2009 წელს მე-7 ნომრად აირჩიეს. დირკ ნოვიცკი 1998 წელს მე-8 იყო. კობი ბრაიანტი, რომელიც NBA-ს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კალათბურთელია, მე-13 ნომრად აირჩიეს, როგორც კარლ მელოუნი. წლევანდელი ჩემპიონი კავაი ლეონარდი მე-15 პიკად აირჩიეს, ისე, როგორც იანის ანტეტოკუმპო. ნიკოლა იოკიჩი და დრეიმონ გრინი საერთოდ მეორე რაუნდში აიყვანეს გუნდებმა.

როგორ ხვდებიან კალათბურთელები დრაფტზე?

დრაფტზე შესაძლოა მოხვდე "ავტომატურად" და ასევე, შეგიძლია გააკეთო განაცხადი.

რას ნიშნავს დრაფტზე ავტომატურად მოხვედრა?

დრაფტზე ავტომატურად ხვდებიან:

ის სტუდენტები, რომლებმაც 4 სეზონი ითამაშეს NCAA-ში.

მოთამაშეები, რომლებიც არ დამდგარან ადრე დრაფტზე და თამაშობენ აშშ-ის საზღვრებს გარეთ და დრაფტის წელს 22 წლის ხდებიან, ანუ მოთამაშეები ევროპიდან, აზიიდან და ა.შ. რომლებიც 1997 წელს დაიბადნენ.

ასევე, ავტომატურად ხვდებიან დრაფტზე ის მოთამაშეები, რომლებმაც აშშ-ში დაასრულეს კოლეჯი, თუმცა ამის შემდეგ სათამაშოდ სხვა ქვეყანაში წავიდნენ. პროფესიონალური ასპარეზობიდან 1 წლის შემდეგ ისინი დგებიან დრაფტზე. ასეთი შემთხვევები ცოტაა, თუმცა მაინც.

როგორ უნდა გააკეთო განაცხადი დრაფტზე?

თუ მოთამაშეს არ სურს 4 წელი სწავლა, ან არ უნდა დაელოდოს, როდის გახდება 22 წლის, მას შეუძლია გააკეთოს განაცხადი დრაფტზე. ამას early entry ("ადრეულად შესვლა") ეწოდება. ამისათვის ის ლიგის ოფისს წერს წერილს, რათა მისი კანდიდატურა განიხილონ. კალათბურთელების უმრავლესობა სწორედ ამ ფორმით ხვდება დრაფტზე.

იმისათვის, რომ მსგავსი განაცხადი გააკეთოს, მოთამაშე 19 წლის მაინც უნდა იყოს, საზღვარგარეთ უნდა თამაშობდეს ან უნივერსიტეტში სწავლობდეს. NCAA-ში მოთამაშე სტუდენტებს განაცხადის გაკეთება პირველი კურსის შემდეგ შეუძლიათ. უკანასკნელი 8 დრაფტის დროს, სწორედ პირველკურსელები იყვნენ პირველ ნომრად არჩეულები. სკოლის მოსწავლეების აყვანა 2006 წლიდან არის აკრძალული.

კალათბურთელი NBA-ში დრაფტის გვერდის ავლით ვერ მოხვდება. NBA-ს ყველა მოთამაშე იყო ერთ დროს დრაფტზე. შეიძლება ისინი მაშინ არ აურჩევიათ, მაგრამ მაინც.

რამდენჯერ შეუძლია მოთამაშეს დრაფტზე დადგომა?

დრაფტში მონაწილეობის მიღება მხოლოდ ერთხელ არის შესაძლებელი. კალათბურთელებს განაცხადის გატანის უფლება გარკვეულ დრომდე აქვთ, იმ მოტივით, რომ მომავალ წელს არჩევის უფრო მეტი შანსი ექნებათ. ამიტომ, დრაფტზე განაცხადის გაკეთების შემდეგ მოთამაშე ელაპარაკება სხვადასხვა კლუბს და თუ დარწმუნდება, რომ შანსი ნაკლები აქვს, მოხსნის საკუთარ თავს და შემდეგ წელს ცდის ბედს. შარშან გოგა ბითაძე სწორედ ასე მოიქცა.

როდის გაიმართება დრაფტი და სად შემიძლია მისი ნახვა?

NBA-ს 2019 წლის დრაფტი 20 ივნისს, თბილისის დროით 03:30 (ღამის) საათზე დაიწყება. მისი ნახვა NBA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე შეგიძლიათ და ასევე "სილქ უნივერსალზე".

ბითაძის გარდა სხვა ქართველებიც თუ ყოფილან დრაფტზე?

დიახ, და ასეთი სულ ხუთია.

თორნიკე შენგელია 2012 წელს დრაფტის პირველ რაუნდში 54-ე ნომრად "ფილადელფიამ" აირჩია. მოგვიანებით,  დრაფტის საღამოს ქართველი "ბრუკლინ ნეტსში" გადავიდა. გუნდთან ერთად საზაფხულო ლიგაზე თორნიკეს 5 მატჩში საშუალოდ 10.2 ქულა და 3.6 მოხსნა მოუგროვდა. 2 სეზონის განმავლობაში 36 შეხვედრაში თორნიკემ 55 ქულა 15 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა.

ზაზა ფაჩულია NBA-ში პირველად 2004 წლის დრაფტზე გამოჩნდა, როდესაც ის "მილუოკი ბაქსმა" აიყვანა. 2004-05 წლების სეზონში ზაზას საშუალო სათადარიგოთა სკამიდან 6.2 ქულა და 5.1 მოხსნა იყო. 2004 წლიდან დღემდე ფაჩულია NBA-შია. 30 ივნისის შემდეგ ფაჩულია თავისუფალი აგენტი გახდება, მანამდე კი "დეტროიტში" თამაშობდა. ზაზა ფაჩულია ერთადერთი ქართველი კალათბურთელია, რომელსაც NBA აქვს მოგებული და თანაც ორჯერ.

ვიქტორ სანიკიძე 2004 წელს დრაფტის მეორე რაუნდის 42-ე ნომრად "ატლანტა ჰოუკსმა" აირჩია, თუმცა მისი სადრაფტო უფლებები იმავე დღეს "სან ანტონიოს" გაუცვალეს. ვიქტორის უფლებებს NBA-ში დღემდე "სან ანტონიო სპურსი" ფლობს, მაგრამ მხარეებს კონტრაქტზე ხელი არ მოუწერიათ.

ნიკოლოზ ცქიტიშვილი 2002 წლის NBA-ს დრაფტზე "დენვერმა" მე-5 ნომრად აირჩია, რაც ქართველ კალათბურთელთა შორის საუკეთესო მაჩვენებელია. NBA-ში ცქიტიშვილს "დენვერში", "გოლდენ სტეიტში", "მინესოტასა" და "ფინიქსში" უთამაშია.

ვლადიმერ სტეფანია NBA-ში პირველი ქართველია. იგი დრაფტზე 1998 წელს აირჩიეს. ითამაშა "სიეტლში", "ნიუ ჯერსიში", "მაიამიში", "პორტლენდში".
მკითხველის კომენტარები / 3 /
კარგი და ინფორმაციული სტატიაა. ყოჩაღ ავტორს
შეფასება
16:33 20-06-2019
0
ბოლო ინფორმაციით ბითაძე მე-20-ე ნომრად მიჰყავს ბოსტონს...თუ იქამდე ატლანტამ არ წაიყვანა.
emigranti
16:41 20-06-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული