NBA-ზე, ღმერთზე, ოჯახზე, მიგრანტებზე, ნაკრებზე - თორნიკე შენგელიას ინტერვიუ Eurohoops-თან

AutoSharing Option
ევროპაში პოპულარულმა ბერძნულმა საკალათბურთო ვებგვერდმა Eurohoops-მა საკმაოდ დიდი ინტერვიუ ჩაწერა "ბასკონიას" კაპიტან თორნიკე შენგელიასთან.

Sportall.ge აღნიშნული ინტერვიუს თარგმანს გთავაზობთ.

როგორ ფიქრობთ, ახლოს ხართ საკუთარ საუკეთესო თამაშთან თუ კიდევ არის პროგრესის შესაძლებლობა?
- ვთვლი, რომ განვითარების შანსი ყოველთვის არის და მე საკუთარი თამაშით კმაყოფილი არასდროს ვარ. თუმცა, ყოველთვის ვცდილობ, რაც შეიძლება კარგ ფორმაში ვიყო.

გულწრფელად რომ ვთქვათ, თქვენ "ბასკონიას" სახე ხართ. როგორ მიგაჩნიათ, არის ეს გუნდი და ქალაქი თქვენთვის სწორი ადგილი?
- დიახ, ვიტორია ჩემთვის მეორე სახლია. ამ კლუბში მოსვლისა და ფანებთან
შეხვედრის დღიდან განსაკუთრებული გრძნობა მქონდა. ის ფაქტი, რომ აქ ამდენი ხანი გავჩერდი, ძალიან ბევრს ამბობს. მოგეხსენებათ, "ბასკონიაში" მე-6 სეზონს ვატარებ.

მე ძალიან დიდ კავშირს ვგრძნობ გუნდთან, კლუბთან, ფანებთან და მათგანაც იმავეს ვიღებ. ჩვენთვის ეს ყველაფერი მართლაც გამორჩეულია.

"რეალისა" და "ბარსელონას" კალათბურთელებთან შედარებით, "ბასკონიას" მოთამაშისთვის გაცილებით რთულია ტიტულების მოგება. თქვენზე დაბალი დონის მოთამაშეები ტიტულებს დიდი ბრძოლის გარეშე იგებენ...
- ეს დიდი გამოწვევაა. ბუნებრივია, რთულია, როცა ვერ იგებ. თუმცა არ ვიცი, იქნებ ოდესმე მენტალობა შემეცვალოს, მაგრამ ახლა ასე ვფიქრობ - მე მირჩევნია ვითამაშო არაფავორიტ გუნდში და დავამარცხო ფავორიტები და ვაჯობო ამ გუნდების კალათბურთელებს. ეს ჩემთვის გამოწვევაა.

ბუნებრივია, სხვა მოთამაშეებს ძალიან დიდ პატივს ვცემ, თუმცა ჩემი გონება ახლა ასეა მომართული. თქვენ შეიძლება თქვათ, რომ რთულია ასე თამაში, მაგრამ ეს გამოწვევაა და მე ის მივიღე.

NBA თქვენთვის განვლილი ეტაპია თუ ფიქრობთ, არის რაღაც, რაც ჯერ საკუთარ თავს უნდა დაუმტკიცოთ და შემდეგ კი მსოფლიოს საუკეთესო ლიგას?
- რაც კალათბურთს ვთამაშობ, NBA ყოველთვის ჩემი მიზანი იყო. მაგრამ უბრალოდ იქ ყოფნა არ მაკმაყოფილებს, მე თამაში მინდა.  მიმაჩნია, რომ იქ თამაში საჭირო დროს საჭირო ადგილას ყოფნაზეა დამოკიდებული.

რაც ჩემი გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, თუ შენ ევროლიგის გამორჩეული კალათბურთელი ხარ და NBA-ს სწორ გუნდში წახვალ, შენ შეგიძლია ბევრი სათამაშო წუთი მიიღო და კარგი სტატისტიკაც აჩვენო.

მე კი სწორედ ამ შანსს ველოდები და თუ ის გამოჩნდება, NBA-ში წავალ. თუ არადა, თავს აქაც ბედნიერად ვგრძნობ.

იანისი MVP გახდა; ლუკა დონჩიჩი რასაც აკეთებს, ვხედავთ. რუდი გობერი ერთ-ერთი საუკეთესო დამცველია. როგორ უყურებთ, ევროპელები იპყრობენ NBA-ს?
- ვერ ვიტყოდი, რომ იპყრობენ, ეს ძალიან ხმამაღალი ნათქვამი იქნებოდა. თუმცა ჩვენ უკეთესები ვხდებით, ამერიკელი კალათბურთელები, NBA, ასოციაციები უფრო მეტ პატივს გვცემენ.

თუ აქამდე ევროლიგიდან NBA-ში მისულ კალათბურთელს 1-2 წელი შესაგუებლად ათამაშებდნენ, ახლა ასე აღარ არის. ძალიან ბევრმა დაამტკიცა, რომ ევროპიდან წასვლის შემდეგ პირველივე წელს შეუძლიათ NBA-ში კარგად თამაში.

მიმაჩნია, რომ ახალგაზრდა თაობისთვის ეს შესანიშნავია, რადგან NBA უფრო მეტად ენდობა ევროპელ კალათბურთელებს და უფრო მეტად მიჰყავს ისინი.

თქვენ ეროვნული ნაკრების კაპიტანი და ლიდერი ხართ. თუმცა ეროვნულ გუნდში თამაში ძალიან რთული და ჩახლართული გახდა. მაგალითად, ფანჯრების გამო...
- ეს ისეთი საკითხია, რაზეც ახლა საუბარი არ მინდა. ინტერესთა კონფლიქტი ართულებს საქმეს. მე საქართველოს ნაკრების კაპიტანი ვარ და "ბასკონიასიც". ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ იმედი მაქვს, ორგანიზაციები დასხდებიან და რამე გამოსავალს მოიფიქრებენ.

ეს საკითხი კალათბურთელებს ძალიან აწუხებთ და ვთვლი, რომ ეს ყველამ უნდა გააანალიზოს, გადაიდგას ნაბიჯები წინ, დავსხდეთ ერთად, ვისაუბროთ და მოვაგვაროთ პრობლემები.

ევროპა და საბერძნეთი, მათი მდებარეობიდან გამომდინარე, ძალიან ბევრ პრობლემას აწყდებიან და ძალიან რთული სიტუაციაა, ძალიან ბევრი ვალდებულებით. მე ლტოლვილებზე, მიგრანტებზე ვსაუბრობ. როგორ ფიქრობთ, დასავლეთი სამყარო აკეთებს ყველაფერს პრობლემების მოსაგვარებლად?
- ყოველთვის ძნელია იმის ნახვა, როგორც იხოცებიან ახალგაზრდა ან ზოგადად, უდანაშაულო ადამიანები. თუმცა, მიმაჩნია, რომ არ მაქვს საკმარისი ცოდნა იმის შესახებ, თუ ზუსტად რა და როგორ ხდება. ამიტომ, მწირი ინფორმაციიდან გამომდინარე, ამ საკითხზე განცხადების გაკეთება არ შემიძლია.

რა არის თქვენი უდიდესი ოცნება პარკეტსა და ცხოვრებაში?
- პარკეტზე მინდა რაც შეიძლება ბევრი ტიტულის მოგება, ხოლო ცხოვრებაში კი ჩემი შვილების წარმატება მინდა ვნახო. არ აქვს მნიშვნელობა, რა გზას აირჩევენ, უბრალოდ მინდა ისინი წარმატებულები ვნახო.

ოჯახი ჩემთვის ყველაფერია. სიტყვებით არ შემიძლია იმის ახსნა, თუ რას ნიშნავს ის ჩემთვის. მე ძალიან რელიგიური ადამიანი ვარ, ღმერთი ჩემთვის პირველია, მერე კი ოჯახი მოდის.

მე დიდი ოჯახი მყავს და ის მხოლოდ დედას, მამასა და ჩემს დას არ მოიცავს. მე ბევრი ბიძაშვილი და დეიდაშვილი მყავს. მათთან ერთად გავიზარდე და ჩემს დებად და ძმებად ვთვლი.

ახლა მეც ახალი როლი მაქვს ოჯახში, მამა ვარ და ეს ძალიან მომწონს."

altes.nba.com: თორნიკე შენგელია ევროპაში უნიკალურია და ზაფხულში NBA-ს კარი შეიძლება მისთვის კვლავ გაიღოს

მკითხველის კომენტარები / 8 /
გავგიჟდი კაცი, კი ვიყავი შენი თავგადაკლული გულშემატკივარი, მაგრამ რა მაგარი ადამიანიც ყოფილხარ,ღმერთს ვთხოვ ყველა ქართულ ოჯახში გაზრდილიყოს შენნაირი ვაჟკაცები♥️
გიო
13:36 03-01-2020
0
კაცური კაცი, კაპიტანი და ლიდერი. საამაყო და წარმატებული ქართველი. წარმტებებს და წინსვლას ვუსურვებ ჩვენ თოკოს.
G.LA
21:29 26-12-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული