მამუკელაშვილი: ვერც წარმოვიდგენდი, თუ NBA-ს გუნდები ჩემით ასე დაინტერესდებოდნენ - "სან ანტონიოს" ავირჩევდი

AutoSharing Option
ამერიკის სტუდენტური ლიგის ერთ-ერთი უძლიერესი კონფერენციაა Big East-ი, რომლის ვერდასრულებული სეზონის რეგულარული ჩემპიონატიც სანდრო მამუკელაშვილის “სეტონ ჰოლმა” მოიგო. საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალგაზრდა წევრი სეტონჰოლელთა ერთ-ერთი ლიდერია, რომელიც ნბა-ს მომავალ დრაფტზე წინასწარ კანდიდატად დარეგისტრირდა. სანდროს დრაფტისწინა ინტერვიუები 15-ზე მეტმა გუნდმა დაუნიშნა, თუმცა 20 წლის ქართველს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, დარჩება დრაფტზე თუ მოხსნის კანდიდატურას და სტუდენტურ ლიგაში დარჩენილ კიდევ ერთ სეზონს კლასის ასამაღლებლად გამოიყენებს.

ნბა-ში თამაშთან ერთად მამუკელაშვილის ოცნება ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრების ღირსების დაცვაა და იმედი აქვს, ორივეს აიხდენს. სანდრო ამჟამად
პენსილვანიაშია, ვარჯიშობს და მისით დაინტერესებულ ნბა-ს კლუბებთან ონლაინინტერვიუებს მართავს. მამუკელაშვილს მორიგი გასაუბრება “ინდიანა პეიზერსთან” ჰქონდა, რომლის დაწყებამდეც ინტერვიუ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვებგვერდს მისცა. ქვემოთ წარმოდგენილი ვიდეო კი სპეციალურად ჩვენთვის, ერთ-ერთი ვარჯიშისას ჩაწერა.

- გასული სეზონის შეფასებით დავიწყოთ. გუნდის ლიდერი მაილს პოუელი იყო, თუმცა შენი როლიც არანაკლებ მნიშვნელოვნად მიიჩნეოდა…

- გასული სეზონით კმაყოფილი ვარ. რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა, March madness-ი (მარტის სიგიჟე, NCAA-ს ჩემპიონატი) და Big East-ის კონფერენციის ფინალური ტურნირიც გვეთამაშა, მაგრამ ცნობილი მიზეზის გამო, სამწუხაროდ, სეზონი ვერ ჩამთავრდა. რაც მანამდე მოვახერხეთ და რა შედეგიც ვაჩვენეთ, ყველაფერი ბრძოლისა და მონდომების დამსახურებაა. სეზონის დაწყების წინ ვიცოდით, რომ გვინდოდა ჩვენი კონფერენციის მოგება და მიზნის მისაღწევად ყველა 100 პროცენტით იხარჯებოდა როგორც ვარჯიშებზე, ისე – თამაშებზე. ეს კარგად გამოჩნდა სეზონის პირველ ნახევარში, როცა ტრავმის გამო გუნდის მთავარი ლიდერი მაილს პოუელი გვაკლდა და მეც ხელი მქონდა მოტეხილი, მაგრამ იმ დროს ეროვნულ რეიტინგში მე-7 ადგილზე მყოფი “მერილენდი” დავამარცხეთ.

- წარმატებული სეზონიდან გამომდინარე გადაწყვიტე ალბათ ნბა-ს დრაფტზე დადგომა. ეს გადაწყვეტილება პირადად შენ მიიღე თუ სხვების აზრი გაითვალისწინე?
- სიმართლე გითხრათ, ჩემმა მწვრთნელმა მითხრა, რომ დრაფტზე დადგომის შემთხვევაში ნბა-ში მოხვედრის კარგი შანსი მექნებოდა, რადგან ზურგს წარმატებული სეზონი მიმაგრებდა. ამის შემდეგ ველაპარაკე ოჯახის წევრებს – ჩემს ძმას, დეიდაჩემს და არაერთ ახლობელს, რომლებმაც დამიდასტურეს, რომ დრაფტზე დადგომა სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა. ამ ყველაფრის და იმის გათვალისწინებით, რომ ნბა-ში თამაში ჩემი ოცნებაა, გადავწყვიტე, მომავალ დრაფტზე წინასწარ კანდიდატად დავრეგისტრირებულიყავი.

- სეტონ ჰოლის უნივერსიტეტში ბოლოსწინა კურსზე ხარ, რაც იმას ნიშნავს, რომ NCAA-ში თამაში კიდევ 1 სეზონი შეგიძლია. როგორ ფიქრობ, ხომ არ ჯობს, დარჩე სტუდენტურ ლიგაში და მომავალი სეზონი თამაშის კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად გამოიყენო?
- მართალია, კიდევ 1 წელი დამრჩა NCAA-ში, მაგრამ დაბრუნებაზე ჯერ არ მიფიქრია. თუმცა, რომც დავბრუნდე, ძალიან მოხარული ვიქნები, რადგან პირველ რიგში მივიღებ დიპლომს, რაც ჩემს ოჯახს ძალიან, ძალიან უნდა. სულ მეუბნებიან, რომ კალათბურთის თამაშს როცა მოვრჩები, უნდა მქონდეს დიპლომი. ასევე მექნება შანსი, კარლ მელოუნის პრიზი მოვიგო, რომელსაც სეზონის საუკეთესო 4 ნომერს (მძიმე ფორვარდს) აძლევენ და ეს ჩემთვის ყველაზე დიდი მიღწევა იქნება, რაც აქამდე მქონია. ასევე მინდა, ჩვენი კონფერენციის სიმბოლურ ხუთეულში მოვხვდე და რა თქმა უნდა, “მარტის სიგიჟეში” ვითამაშო. ამ ყველაფრისთვის იმ შემთხვევაში ვიბრძოლებ, თუ დავრჩები უნივერსიტეტში, თუმცა, როგორც გითხარით, ჯერ საბოლოოდ არ გადამიწყვეტია.

- "სეტონ ჰოლისთვის" გასული სეზონი ბოლო წლებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. იყო პერიოდი, როცა საერთო რეიტინგში მე-7 ადგილზე იმყოფებოდით. არადა, სეზონი ისე დაიწყო, რთული წარმოსადგენი იყო, რომ კონფერენციის ლიდერებში იქნებოდით და რეგულარულს მოიგებდით. რის ხარჯზე მიაღწია "სეტონ ჰოლმა" ამ შედეგს?
- როგორც ვთქვი, სეზონის წინ მხოლოდ ერთი მიზანი გვქონდა მთელ გუნდს, მოგვეგო Big East-ის კონფერენცია და ამისთვის თოთოეული მოთამაშე თავის მაქსიმუმს აკეთებდა. არ ჰქონდა მნიშვნელობა, ტურნირის მსვლელობისას რეიტინგში რომელ ადგილზე ვიყავით. მთავარი იყო, საბოლოოდ ვყოფილიყავით პირველები და ამიტომაც დარბაზიდან თითქმის არ გამოვდიოდით, ძალიან ბევრს ვვარჯიშობდით, ერთმანეთს ხელს ვუწყობდით და ამიტომაც გვქონდა კარგი შედეგი.

- ბოლო 2 ტურის ორივე მატჩი წააგეთ უშუალო კონკურენტებთან – ვილანოვასთან და კრეიტონთან. საბოლოოდ სამივეს თანაბარი ქულები მოგიგროვდათ, თუმცა რეგულარულის ჩემპიონის თასი მიიღეთ…
- სამწუხაროდ, ტიტულის გაყოფა 2 გუნდთან მოგვიხდა, მაგრამ სამივემ მივიღეთ რეგულარულის ჩემპიონის თასი და ბეჭდებსაც ველოდებით. ეს ძალიან დიდი მიღწევაა, რადგან, მოგეხსენებათ, Big East-ის კონფერენცია ერთ-ერთი საუკეთესო იყო მთელ NCAA-ში და "სეტონ ჰოლი", რამდენიმე ტურს თუ არ ჩავთვლით, თითქმის სულ პირველ ადგილზე იმყოფებოდა, რაც ერთ-ერთი უდიდესი მიღწევაა როგორც გუნდისთვის, ისე მთლიანად უნივერსიტეტის სპორტული პროგრამებისთვის.

– პლეი-ოფის დაწყების წინა დღეს შეწყდა სტუდენტური ლიგა. როგორ ფიქრობ, რამდენად გქონდათ იმის შანსი, რომ კონფერენციის პლეი-ოფი, ანუ ჩემპიონობაც მოგეგოთ?
- უკვე ნიუ-იორკში ვიყავით და “მედისონ სკვერ გარდენშიც” რამდენიმე ვარჯიში ჩავატარეთ, თუმცა ვიცოდით, რომ ეპიდემიის გამო შესაძლებელი იყო, ნებისმიერ დროს ყველაფერი შეწყვეტილიყო და სამწუხაროდ, ასეც მოხდა. ძალიან მონდომებულები ვიყავით. არ ვიცი, როგორ გითხრათ, ასეთი მოტივირებული გუნდი ალბათ არასდროს ჰყოლია სეტონ ჰოლის უნივერსიტეტს. ყველა მოთამაშე იდეალურად იყო ერთმანეთთან შეწყობილი, ყველამ იცოდა თავისი როლი და ამიტომაც გვქონდა დიდი იმედი, რომ კონფერენციასაც მოვიგებდით.

Sportall.Ge

- რომელ გუნდებს თვლიდი მთავარ კონკურენტებად?
- Big East-ის კონფერენციაში არაერთი ძალიან ძლიერი გუნდია, მაგრამ უპირველესად “ვილანოვას” გამოვარჩევდი, რომელიც ყოველთვის ფავორიტია არა მხოლოდ იმიტომ, რომ კარგი მოთამაშეები ჰყავს, არამედ იმიტომაც, რომ საუკეთესო სპეციალისტი წვრთნის. ჯეი რაითს არაერთხელ აქვს მოგებული NCAA, ხოლო მისი ხელმძღვანელობით “ვილანოვამ” ზედიზედ ოთხჯერ მოიგო ნიუ-იორკში გამართული Big East-ის კონფერენციის პლეი-ოფი. ეს გუნდი მუდამ მოტივირებული და ფავორიტია და თამაშობს სწორ და ლამაზ კალათბურთს. ასევე გამოვარჩევდი “კრეიტონს”, სადაც მომავალ სეზონში ითამაშებს რატი ანდრონიკაშვილი. ეს გუნდი გასულ სეზონში ძალიან სწრაფ კალათბურთს თამაშობდა და ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეეძლო.

- NCAA-ს ფინალურ ტურნირში მოსახვედრად არ ჰქონდა მნიშვნელობა, რა შედეგს აჩვენებდით Big East-ის კონფერენციის პლეი-ოფში. “სეტონ ჰოლმა” იმდენად მაღალ პოზიციაზე (17) დაასრულა რეგულარული ჩემპიონატი, რომ “მარტის სიგიჟეში” ადგილი გარანტირებული ჰქონდა. საინტერესოა, რა შანსები გექნებოდათ სრულიად სტუდენტური ლიგის საუკეთესო 64 გუნდის შერკინებაში…
- მართლაც, NCAA-ს ფინალურ ტურნირში თამაში გარანტირებული გვქონდა და სწორედ ზემოთ ნახსენები რეიტინგის გათვალისწინებით, პირველად “სეტონ ჰოლის” ისტორიაში, რეგიონის ბადეში 1-ელ ან მე-2 ნომრად ვიქნებოდით განთესილები. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენს, შუა დასავლეთის რეგიონში მეტოქეებად გვეყოლებოდა არა წამყვანი, არამედ “მარტის სიგიჟეში” ძლივს გასული გუნდები. შესაბამისად, ძალიან იოლი იყო, საწყისი 2 რაუნდი (1/32, 1/16) გადაგველახა და მოვხვედრილიყავით Sweet 16-ში. ეს იქნებოდა მინიმუმი, თუმცა ისევ და ისევ ჩვენი გუნდის შემართებიდან გამომდინარე, მჯერა, რომ Final 4-ში (ოთხთა ფინალი) გასვლის რეალური შანსი გვქონდა.

- თამაშების შეწყვეტის შემდეგ როგორ გაგრძელდა თქვენი გუნდის წევრების ცხოვრება? სად ვარჯიშობდი და ახლა როგორ ფორმაში ხარ?
- სეზონი რომ შეწყდა, უმეტესობას სახლში დაბრუნება მოუწია. რადგან მე თბილისში ვერ წამოვედი, დავრჩი უნივერსიტეტის სტუდქალაქში და ყოველდღიურად, ინტენსიურად ვვარჯიშობდი მწვრთნელთან ერთად. თუმცა, სამწუხაროდ, სტუდქალაქიც მალე დახურეს და მომიწია პენსილვანიაში, ჩემს მეგობართან გადმოსვლა. ახლაც აქ ვარ, ვცხოვრობ და ვვარჯიშობ. სავარჯიშო პირობები საკმაოდ კარგია. უფრო მეტ დროს ვუთმობ ფიზიკურ დატვირთვას, დარბაზში კი ინდივიდუალურად – სროლებსა და დრიბლინგზე ვვარჯიშობ. პარალელურად, ნბა-ს კლუბებთან ყოველდღიურად დრაფტისწინა ინტერვიუები მაქვს.

- დრაფტის წინ ვარჯიშებია მთავარი, მაგრამ კორონავირუსის გამო ამჯერად ეს ვერ ხერხდება და ყველაფერი ინტერვიუებზეა დამოკიდებული. რამდენად დიდია შენით დაინტერესება და რამდენ კლუბთან გაქვს ინტერვიუ დაგეგმილი?
- სიმართლე გითხრათ, ვერ წარმოვიდგენდი, თუ ასე დიდი იქნებოდა დაინტერესება და ამის გამო ბედნიერი ვარ, რადგან ნბა-ში თამაში ყოველთვის ჩემი ოცნება იყო. ძალიან გახარებული ვარ და სიტყვები არ მყოფნის, აღვწერო, თუ რას ვგრძნობ ახლა. შანსი მომეცა, ინტერვიუებზე საკუთარი თავი სკაუტებისა და მენეჯერების წინაშე საუკეთესო კუთხით წარვადგინო. უკვე 9 გუნდთან მქონდა ინტერვიუ და კიდევ 7 თუ 8 დამრჩა. შემდეგი ინტერვიუ “ინდიანასთან” მაქვს, რომელიც 15 წუთში იწყება.

- თუ არის ისეთი გუნდი, რომელიც დრაფტზე აყვანას გპირდება?
- არიან გუნდები, რომლებიც ძალიან დაინტერესებულნი არიან, მაგრამ დაპირებებისთვის ჯერ საკმაოდ ადრეა, რადგან დიდი შანსია, დრაფტი აგვისტოსთვის ან სექტემბრისთვის გადაიდოს. მოგეხსენებათ, 3 ივნისი იყო დათქმული საიმისოდ, რომ დრაფტის წინასწარ კანდიდატებს, რომელთა შორისაც მეც შევდივარ, საბოლოო გადაწყვეტილება მიგვეღო – ვრჩებოდით დრაფტზე თუ ვბრუნდებოდით უნივერსიტეტში. თუმცა ამ თარიღმაც გაურკვეველი ვადით გადაიწია, რაც იმის წინაპირობაა, რომ 25 ივნისს დაგეგმილი დრაფტიც გადაიდება.

- შენი გადასაწყვეტი რომ იყოს, რომელ კლუბში ითამაშებდი?
- “სან ანტონიოში”, რადგან ამ გუნდში ყველაზე კარგად იციან ევროპელი ახალგაზრდებისგან წარმატებული კალათბურთელების ჩამოყალიბება. “სან ანტონიოში” განსაკუთრებულად უყვართ საკუთარი ორგანიზაცია, პატივს სცემენ კლუბს და უვლიან.

- მოქმედი კალათბურთელებიდან რომელია შენი ფავორიტი?
- მოქმედი კალათბურთელებიდან გამორჩეული ფავორიტი არ მყავს. ისე კი, ტონი კუკოჩი და კევინ გარნეტი არიან ჩემი საყვარელი, მისაბაძი მოთამაშეები. მომწონს იანის ადეტოკუმბო, თუმცა ის ჩემგან განსხვავებული სტილის თავდამსხმელია.

- სტუდენტურ ლიგაში დარჩენის შემთხვევაში მომავალ სეზონში რატი ანდრონიკაშვილთან მოგიწევს თამაში, რომელიც კრეიტონში გადავიდა. რატის ნაკრებიდან იცნობ და რას იტყვი ამერიკის სტუდენტურ ლიგაში მის პერსპექტივაზე?
- ვამაყობ, რომ რატიმ ეს გადაწყვეტილება მიიღო და კარიერას სტუდენტური ლიგის ერთ-ერთ უძლიერეს კონფერენციასა და გუნდში გააგრძელებს. მოგეხსენებათ, სტუდენტურ ლიგაში თამაში ძალიან ძნელია, რადგან ყველა თითქმის ერთი ასაკისაა და ყველას ნბა-ში მოხვედრა სურს. რატი საკმაოდ მონდომებული და ჟინიანი მოთამაშეა, რომელსაც არ ეშინია კონკურენციის და ამიტომ ვფიქრობ, რომ მას წარმატებული კარიერა ექნება. თუ მომიწია სტუდენტურ ლიგაში დარჩენა, მასთან თამაშს ყველაზე მეტად დაველოდები.

- საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2 ოფიციალური და 2-იც ამხანაგური მატჩი ჩაატარე. ნაკრების წევრი ხარ, თუმცა თამაშების დროს ამერიკიდან ვერ ჩამოდიხარ. ნბა-ში გადასვლის შემდეგ, ალბათ, უფრო რთული იქნება ამის გაკეთება…
- საქართველოს ნაკრებში თამაში ძალიან საამაყოა არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ჩემი ოჯახისთვისაც. რა თქმა უნდა, თუ მცირედი შანსი მექნება, ყველაფერს გავაკეთებ და აუცილებლად დავეხმარები ნაკრებს. ევრობასკეტზე თამაში ჩემი ერთ-ერთი ოცნებაა და იმედი მაქვს, ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ შემექმნება და ევროპის ჩემპიონატისთვის ნაკრებში ვიქნები.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
მამუკელაშვილი, ბითაძე, შენგელია, შერმადინი, ანდრონიკაშვილი და სხვა მრავალი კიდევ ...... დიდი მადლობა ყველას ვინ გვახარებდა და კიდევ გაგვახარებს. ალბათ ამ თაობას ერთ-ერთი გამორჩეული შანსი აქვს საქართველოს ნაკრებისთვის აქამდე არნახულ სიმაღლეებს მიაღწიოს. წარმატებები ყველას !!!
!!!!!
11:23 19-05-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული