დღეს, 13 აგვისტოს, NBA-ს რეგულარული სეზონის მატჩში გოგა ბითაძის "ინდიანა პეისერსმა" "ჰიუსტონ როკეტსი", უფრო სწორად, "ჰიუსტონ როკეტსის" ლიდერი ჯეიმს ჰარდენი დაამარცხა: 108:104.
ჩვენთვის სასიხარულოა, რომ გოგამ პარკეტზე ამჯერად 17 წუთი დაჰყო. ამდენი დრო კარგა ხანია ბითაძეს არ მიუღია. ამ დროში ახალგაზრდა ქართველმა ცენტრმა 4 ქულა, 3 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა. სხვათა შორის, 2-დან 1 ბურთი სწორედ ჯეიმს ჰარდენს ჩაუჭრა.
"ინდიანას" რიგებში საუკეთესო მაილს ტერნერი და ჯასტინ ჰოლიდეი იყვნენ. ორივე მათგანმა 18 ქულა ჩააგდო, ტერნერმა პლუს 12-ჯერ მოხსნა ბურთი. 17 ქულა ედმონ სამნერს ჰქონდა, 16-16 კი - ვიქტორ ოლადიპოსა და დაგ მაკდერმოტს.
"ჰიუსტონის" რიგებში "წვერამ" კი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და გუნდს 45 ქულა, 17 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა მოუტანა. თუმცა 1 კალათბურთელის წარმოდგენა გამარჯვების მოსაპოვებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.
"ინდიანა პეისერსი" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4-მე-5 ადგილებს "მაიამი ჰიტთან" იყოფს. რეგულარული სეზონის დასრულებამდე 1 მატჩი აქვს ორივე გუნდს დარჩენილი და როგორც უნდა დასრულდეს ის შეხვედრები, პლეი-ოფის პირველ სტადიაზე სწორედ ეს ორი გუნდი შეხვდება ერთმანეთს.