საინტერესოა, რომ "სეტონ ჰოლის" კალათბურთელი საუკეთესოთა შორის ბოლო 5 წელიწადში მეოთხედ მოხვდა. გასულ წლებში ამ წარმატებას მაილს პაუელმა (2019, 2020), ანხელ დელგადომ (2017) და აიზია უაიტჰედმა (2016) მიაღწიეს. წლეულს, მამუკელაშვილის გარდა, ერთხმად მხოლოდ 1 კალათბურთელი აირჩიეს – "ვილანოვას" ჯერემია რობინსონ-ეარლი.
მამუკელაშვილი კონფერენციაში
სანდრომ 20 ან მეტი ქულის ჩაგდება 12 მატჩში მოახერხა, 2-ჯერ კი 30 ქულასაც უწია. ეს უკანასკნელი მაჩვენებელი გამორჩეულია, რადგანაც "სეტონ ჰოლის" მძიმე ფორვარდთაგან იდენტური რამ მხოლოდ ლიეტუველ არტურას კარნიშოვასს მოეხერხებინა უკვე შორეულ 1993-94 წლების სეზონში.
თებერვალში მამუკელაშვილი "პირატების" ისტორიაში მხოლოდ 45-ე კალათბურთელი გახდა, რომელმაც კლუბის მაისურით 1000-ქულიან ზღვარს უწია (ახლა 1072 ქულა აქვს). ეს საოცარი შედეგია მოთამაშისთვის, რომელმაც სადებიუტო სეზონში მხოლოდ 87 ქულა ჩააგდო, მე-2 სეზონში ტრავმის გამო 10 მატჩი გაუცდა, რამდენიმე შეხვედრა კი კოვიდ-პანდემიის გამო ჩაეშალა.
აღსანიშნავია, სანდრო მამუკელაშვილი BIG EAST-ის კონფერენციის სეზონის საუკეთესო მოთამაშეობის კანდიდატიცაა. ის ასევე იბრძვის კარლ მელოუნის პრიზისთვის, რომელიც NCAA-ს საუკეთესო მძიმე ფორვარდს გადაეცემა და რაც ყველაზე მთავარია, ქართველი იმ 30 კანდიდატს შორისაა, რომელთაგანაც ერთს კოლეჯთა ლიგის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელებენ და ნეისმიტის ტროფეის გადასცემენ.