ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ინდიანა პეისერსმა" "ბოსტონ სელტიკსს" უმასპინძლა და 128:107 დაამარცხა.
მასპინძელთა მხრიდან გოგა ბითაძემ მოედანზე 16 წუთი გაატარა, რა დროშიც 2 ქულა (1/3), 5 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. მესამე მეოთხედის დასრულებამდე 4:45 წამით ადრე არასასიამოვნო ინციდენტი მოხდა, ქართველი კალათბურთელი 2021 წლის "ყველა ვარსკვლავის" მონაწილეს, ჯეილინ ბრაუნს შემთხვევით დაეჯახა, რის გამოც "კელტების" ერთ-ერთი ლიდერი დაეცა, ფეხზე გამწარებული წამოდგა და ჩვენებურს ხელი ჰკრა. გოგა პროვოკაციას არ აჰყვა და არსებულ სიტუაციას გამოერიდა.
გამარჯვებულთა რიგებიდან საუკეთესო ტაირის ჰალიბარტონი გახლდათ, რომელმაც თავი 22 ქულით, 4 მოხსნით, 9 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და 1-იც დაფარებით გამოიჩინა.
"ბოსტონის" მხრიდან ჯეისონ ტეიტუმმა გუნდს 24 ქულა, 5 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.
ჯეილინ ბრაუნმა აქტივში 23 ქულა, 4 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა ჩაიწერა.
ამრიგად, "პეისერსი" 21 მოგებითა და 41 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას 1-ელ მარტს, "ორლანდო მეჯიქის" წინააღმდეგ ჩაატარებს.
"სელტიკსი" 36 გამარჯვებითა და 27 მარცხით იმავე აღმოსავლეთში მე-6 პოზიციას იკავებს, შემდეგ მატჩს კი 2 მარტს, "ატლანტა ჰოუქსის" პირისპირ გამართავს.