შენგელიას გუნდმა იტალიური ფინალი საშინაო მარცხით გახსნა

AutoSharing Option
იტალიის სერია "ა"-ს ფინალური სერია დაიწყო. სამწუხაროდ, თორნიკე შენგელიას "ვირტუს სეგაფრედომ" საშინაო შეხვედრა დათმო და მოედნის უპირატესობა დაკარგა. წინ ჯერ კიდევ შორი გზაა, ფინალური სერია 4 მოგებამდეა და ბოლონიელებს ვითარების გამოსწორების შანსი კიდევ მიეცემათ.

დიდ შესვენებამდე თანაბარი თამაში იყო, სტუმართა მცირე უპირატესობით და მეორე მეოთხედის ბოლოს ანგარიში მათ სასარგებლოდ 28:27 იყო. მატჩის ბედის განმსაზღვრელი კი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც მილანელებმა 9-ქულიანი უპირატესობით მოიგეს. დასკვნით მეოთხედში "ვირტუსმა" იბრძოლა, თამაშის მიწურულს სხვაობა 2 ქულამდეც დაიყვანა, მაგრამ მეტი ვერ შეძლო. შეხვედრა საბოლოოდ მილანელთა
4-ქულიანი გამარჯვებით – 66:64 დასრულდა.

შენგელიამ 27 წუთი ითამაშა, რა დროშიც 11 ქულა, 7 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა 9-დან 5 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო შორი სამიზნე გაუმრუდდა: 5-დან ვერც ერთი ვერ ჩააგდო. თორნიკემ 4 ბურთი დაკარგა და 4-ჯერ დაჯარიმდა.

ფინალური სერიის მომდევნო დაპირისპირება 10 ივნისს გაიმართება და მასპინძელი კვლავაც "ვირტუსი" იქნება.

იტალიის სერია A-ს შარშანდელი ფინალიც "ვირტუსსა" და "ოლიმპიას" შორის გაიმართა და მაშინ სერიაში დამაჯერებელი გამარჯვება ბოლონიელებმა იზეიმეს (4-0).

GBF

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული