ნატალია ოთხმეზურმა 22 წუთში ჩაგდებული 20 ქულით "აიონა" ფინალში გაიყვანა

AutoSharing Option
საოცარი მატჩი ჩაატარა ნატალია ოთხმეზურმა ამერიკაში, ქალთა უმაღლეს სტუდენტურ ლიგაში, სადაც მისი გუნდი "აიონა გაელსი" (IONA Gaels) თავისი კონფერენციის ჩემპიონობისთვის იბრძვის. შეგახსენებთ, რომ ნატალია გახლავთ ქართული კალათბურთის თანამედროვეობის ყველაზე გამორჩეული მოთამაშე და ერთადერთი ქართველი კალათბურთელი, რომელსაც ოდესმე NCAAW ლიგაში უთამაშია. ოთხმეზურმა უმაღლეს სტუდენტურ ლიგაში მოსახვედრი გზა კოლეჯთა ლიგიდან დაიწყო, რის შემდეგაც NCAA-ის მეორე დივიზიონში გადავიდა და ახლა უკვე უმაღლესშია.

ნატალიას წინამძღოლობით "გაელსმა" MAA (Metro Atlantic Athletic) კონფერენციის ნახევარფინალში "სიენა" (Siena Saints) დრამატულ ბრძოლაში – 67:66 (სტატისტიკა) დაამარცხა და საჩემპიონო მატჩში
ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ოთხმეზური თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ერთვება და ასე იყო ახლაც. ქართველმა ლეგიონერმა მოედანზე 22 წუთი გაატარა, რა დროშიც 20 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა. ნატალიამ 10-დან 5 სამქულიანი ჩააგდო, რითაც საკუთარი სნაიპერული თვისებები კიდევ ერთხელ წარმოაჩინა. ამასთან, ოთხმეზურმა 3 ორქულიანი ცდიდან 2 გამოიყენა, რასაც AND1 საჯარიმოც მოაყოლა და შეხვედრა ბომბარდირისა და მატჩის საუკეთესო მოთამაშის ამპლუაში – 20 ქულით დაასრულა.

"აიონა გაელსი" MAA-ს კონფერენციის რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულია. აიონელებმა 20 მატჩიდან 18 მოიგეს, რის შემდეგაც კონფერენციის 8 საუკეთესო გუნდმა პლეი ოფში ჩემპიონობისთვის ბრძოლა გააგრძელა. ოთხმეზურის გუნდმა წინა, მეოთხედფინალურ მატჩში ასევე ბრძოლაში – 39:37 დაამარცხა სეინტ მერის უნივერსიტეტი, რომელიც რეგულარულში მე-8 ადგილზე გავიდა და ამის მიუხედავად, პირველოსან აიონა გაელსს დიდი წინააღმდეგობა გაუწია. იმ შეხვედრაში ნატალიამ 13 წუთში მხოლოდ 2 მოხსნა მიითვალა, თუმცა ქართველი ლეგიონერი მომდევნო, ნახევარფინალური მატჩის გმირი გახდა.

კონფერენციის ფინალური მატჩი 12 მარტს გაიმართება და ოთხმეზურს გუნდის მეტოქე მანჰეტენის უნივერსიტეტი იქნება, რომელმაც რეგულარული 10-10 მოგებ-წაგებითა და მე-6 ადგილზე დაასრულა. თუკი ფინალს მოიგებს, MMA კონფერენციის ჩემპიონობასთან ერთად "აიონა გაელსი" ქალთა NCAA-ის ჩემპიონატში, ეგრეთ წოდებულ მარტის სიგიჟეში მიიღებს მონაწილეობას, რაც კიდევ ერთი მწვერვალი იქნება ქართული ქალთა კალათბურთისთვის. ქალთა NCAA-ის ჩემპიონატში მთელი სტუდენტური ლიგის (32 კონფერენცია და 348 გუნდი) 68 საუკეთესო გუნდი მონაწილეობს და ამერიკის აბსოლუტურ სტუდენტურ ჩემპიონს ავლენს. ჩემპიონი რომც არ გახდეს, თუკი გუნდს კარგი რეიტინგი ექნება, მას ლიგის მესვეურები “მარტის სიგიჟეში” იწვევენ. ანუ ქალთა NCAA-ის ჩემპიონატში 32 კონფერენციის გამარჯვებული გარანტირებულად მონაწილეობს, ხოლო დანარჩენ 36-ს იწვევენ.

GBF


მკითხველის კომენტარები / 3 /
შრომას ყოველთვის აქ აზრი რადგან ხან გვიან ხან ადრე ნაყოფს ისხამს
ნოდო
22:07 11-03-2023
0
ისე, ხუმრობა იქით იყოს და ზუროსმა (რომელიც მოსახნელია, მაგრამ მეტი არაა ჩემი მტერი ჩვენმა ფედერაციამ ეგ ქნას) რუსთავის ეს სამი კალათბურთელი, კერძოდ კი ბულაშვილი, როგავა და პატაშური უნდა გამოსცადოს და რეალური სათამაშო დრო მისცეს.
ეს 3 კალათბურთელი თამაშებს აკეთებს და მეტი რა უნდა ქნან.
მარა თუ თქვენ მსოფლიოზეც პირსახოცის მქნეველები გჭირდებათ კალათბურთელების ნაცვლად, ეს სხვა ამბავია.
დდ
20:18 11-03-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული