ვინ არის GOAT? - ის, ვინც შენ გინდა

AutoSharing Option
#BEAN

ვინ არის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე? - მაიკლ ჯორდანი? ლებრონ ჯეიმსი? კობი ბრაიანტი?
შენთვის შეიძლება ამ სამიდან არც ერთი არ არის, რაც სრულიად მისაღებია. დღეს არ ვაპირებ იმაზე წერას, თუ ვინ და რატომ იმსახურებს GOAT-ის სტატუსს. მინდა ცოტა სხვა კუთხით დაგანახოთ ეს საკითხი.

ობიექტურობა - ყველაზე აბსურდული და არაშესატყვისი სიტყვა სპორტზე საუბრისას.

"ობიექტურად, ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე არის..."
,,ობიექტურად, X მოთამაშე მირჩევნია Y მოთამაშეს".

ნებისმიერი ადამიანი, რომელიც გეუბნებათ, რომ ვიღაც არის
ობიექტურად ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე - გატყუებთ, რადგან ობიექტურად ვიღაც ვიღაცაზე უკეთესი არასდროს არ არის. რატომ?

ძალიან ბევრი ადამიანის აზრით, მათ შორის - ჩემიც, მაიკლ ჯორდანი არის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე, მაგრამ არ არსებობს ჩამოყალიბებული კრიტერიუმი, რომელზეც საკალათბურთო სამყარო შეთანხმებულია და ამ კრიტერიუმების მიხედვით აფასებს მოთამაშეებს. ვიღაცისთვის უმნიშვნელოა ყველანაირი ტიტული და მთავარი ესთეტიკური მხარეა; ვიღაცისთვის მთავარი ჩემპიონობებია; ვიღაცისთვის ყველა დროის საუკეთესო მისი საყვარელი გუნდის წევრია და სულ არ აინტერესებს, სხვა გუნდებში რა ხდება; ვიღაცისთვის მთავარი ემოციაა, რომელიც კონკრეტული მოთამაშის ყურებისას ეუფლება; ვიღაცისთვის მთავარი ნაციონალური კავშირია და ა.შ.

როგორც აღვნიშნე, ყველა დროის საუკეთესო მოთამაშის სტატუსი არ არის მოცემულობა, განსხვავებით საუკეთესო მექულის ტიტულისგან, რაც ყველასთვის ნათელია და ყველამ იცის, რომ ვინც, საშუალოდ, მეტ ქულას დასვამს სეზონის ბოლოს, ის გახდება ამ ჯილდოს მფლობელი. სულ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ვსაუბრობთ ადამიანის აზრზე, რომელიც საკმაოდ კომპლექსურ და ფართო თემას ეხება, რაც იდეაშივე გამორიცხავს, რომ ობიექტურობასთან გვაქვს საქმე.

იმისთვის, რომ გავიგოთ, ვინ არის ობიექტურად ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე, ძალიან ბევრი ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ და, რაც მთავარია, ყველა თანაბარ სიტუაციაში მოვაქციოთ. არ შეიძლება X Y-ს მიუმატო ან გამოაკლო, თანაბარ სიტუაციასა და პირობებში ჩააყენო ორი განსხვავებული დეკადის მოთამაშე. ეს, უბრალოდ, შეუძლებელია. თუ არ ვითვალისწინებთ განსხვავებულ სიტუაციებს და ყველას თავისი მემკვიდრეობით ვაფასებთ, რა თქმა უნდა, საქმე ინდივიდუალურ მიდგომასთან გვაქვს, რაც ასევე შეუძლებელია, რომ ობიექტური იყოს.

კალათბურთი არ არის მეცნიერება, სადაც რაღაც ჰიპოთეზას მარტივი ექსპერიმენტით დაადასტურებ. ჩვენ არ შეგვიძლია მაიკლის, კობის, ლებრონის და სხვა მოთამაშეების პრაიმი ერთმანეთს ვათამაშოთ და გავიგოთ, რომელი უფრო ძლიერი ინდივიდუალისტია. ჩვენ არ შეგვიძლია მოთამაშეები ჩავაყენოთ თანაბარ პირობებში და ვნახოთ, რომელი უფრო კარგ შედეგს დადებს. შეგვიძლია ამ ყველაფრის წარმოსახვა, მაგრამ აქაც ისევ ინდივიდუალურ აღქმასთან მივდივართ.

თვითონ მოთამაშეებიც კი ამ საკითხს რაღაც კარიერული ეტაპის შემდეგ სხვანაირად უდგებიან. ძალიან ბევრი დიდების დარბაზის  და ტოპ 10-ის 99%-ის წევრი ინტერვიუში აღნიშნავს, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ მათი მთავარი მიზანი საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიად გახდომაა ახლა და არა - ისტორიაში ან კონკრეტულ სეზონში. Be Your Own GOAT. ძალიან მარტივად.

და, საბოლოოდ, ვინ არის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე? ის, ვინც შენ გინდა, რომ იყოს!

არასდროს მიცდია, მეთქვა, თუ ვინ არის უკეთესი. ვცდილობ, მოგიყვეთ, ვინ არის ჩემთვის უკეთესი.
ამ ორ წინადადებას შორის, დამეთანხმებით, ძალიან დიდი სხვაობაა. ჩემი აზრით, დროა, რომ, როგორც გულშემატკივრები, გავიზარდოთ და რაღაც-რაღაცების უკეთესი რაკურსიდან აღქმა დავიწყოთ. მერწმუნეთ, სულ სხვა მხრიდან დაინახავთ ამ სპორტს.

წყარო: Sixth Man ბლოგი კალათბურთზე
მკითხველის კომენტარები / 6 /
ანუ ვინ არის "კაზიოლი"?
zuka
18:49 28-08-2020
0
ჯორდანი რათქმაუნდა. საერთოდ რატომ ადარებენ ამ კალათბურთელს სხვა კალათბურთელებს გაუგებარია, იმდენად მაღლა დგას სხვებზე რა კრიტერიუმებიც არ უნდა გამოვიყენოთ. შეიძლება კამათი როდესაც განვიხილავთ მის კანდიდატურას მსოფლიოს ისტორიაში საუკეთესო !სპორტსმენის! შესახებ დავაში, მაგრამ კალათბურთში ეს უადგილოა.
გიორგი
11:06 29-08-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული