რეპტილიები აღმოსავლეთიდან

AutoSharing Option
#ბაზერი

მესმის, რომ არაპოპულარულია ტორონტოზე წერა... მაგრამ

ტორონტო რეპტორსი - ყველაზე აღმოსავლური გუნდია, აღმოსავლური საკალათბურთო ფილოსოფიის მთავარი წარმომადგენელია. სათამაშო ხასიათი, პრაგმატულობა და გენიალურად შექმნილი ტაქტიკები, პარკეტის ორივე მხარეს და ამ გენიალურად შეკრულ არმიას ჰყავს გენერალი - ნიკ ნერსი. ბოლო წლებში, მასზე მეტად არავის დაუმსახურებია სეზონის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო. უმაღლეს დონეზე აქვს შეცნობილი მოთამაშეთა ხასიათი და გონებით ცდილობს, მათი სასარგებლო დაკავშირება მოახერხოს...

ერთი შეხედვით, არ არის სუპერშემადგენლობა, ესაა სუპერგუნდი. Chemistry არის სიტყვა, რომელიც ამერიკელებს უყვართ. ყველაზე კარგად, ზუსტად, ეს სიტყვა ახასიათებს
რეპტორსს. მოთამაშეები სხვადასხვა ტერიტორიებზე დგანან და მათ შეერთებას ერთი მწვანე თოკი ახერხებს. თოკის პატრონი, რა თქმა უნდა, ნიკ ნერსია და - არამარტო...

ამ გუნდში ოფციები სხვა პრინციპით ნაწილდება. შემადგენლობაში არ არის ნომერ პირველი ოფცია, არც - მეორე, არც მესამე, პროცენტები გადანაწილებულია ყველაზე და თუ კაილ ლოურის ან პასკალ სიაკამს, ოუჯი ანონუბიზე მნიშვნელობითი ინდექსით, მეტი პროცენტი აქვს, მხოლოდ - მცირედით და ეს მცირე სხვაობა ოუჯის არ აძლევს ცუდ ემოციას. ანუნობის მსგავსადაა ყველა ის მოთამაშე, რომელიც გუნდისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა, კაილ ლოური კაილ ლოურია. მაინც, სხვა მასშტაბია. მაგრამ მთავარი მაგიაც ესაა. არავის აქვს საოფციო კომპლექსი და ყველამ იცის, რომ საერთო მიზნისთვის თავისი უნდა დადოს. ყველა თავისას დებს რეპტორსისთვის...

ამ გუნდს ჰყავდა კავაი ლეონარდი. კავაი არის ერთადერთი კალათბურთელი სუპერვარსკვლავებიდან, რომელიც ტორონტოს ჩემპიონობაში დაეხმარებოდა. კავაი იარაღია, რომელსაც მაყუჩი უკეთია, თუმცა, მისი გასროლიდან გამოწვეული შედეგი, უალტერნატივოდ, მომაკვდინებელია და გადარჩენის ალბათობაც კი არ არის. არ ვცნობ არც ერთ მიზეზს, რომ გოლდენ სტეიტ უორიორსს ლიდერები დაემტვრა გასულ სუპერფინალში. ვფიქრობ, ტორონტო მაინც მოიგებდა და თუ შემეკამათებით, აზრი არ ექნება, წარსულის შეცვლა შეუძლებელია, ფაქტი სახეზეა. ტორონტომ გოლდენი დააგდო და დაიჯერეთ, რომ ეს დიდი გათვლებისა და სუპერშერწყმის გამო მოხდა. რეპტორსმა მიიღო გენიალური და, ასევე, არაეგოისტი მკვლელი, ლიდერი. ეს იყო უმაღლესი შერწყმა!

ტორონტოს კავაი გამოაკლდა, თუმცა, გუნდი, ისევ, გენიალურია. თითქოს, პირამიდიდან ფარაონი და ოქრო გაქრა, მაგრამ პირამიდა, კვლავ, მყარად დგას და ინარჩუნებს მის სილამაზეს. თითქოს, ქორწილიდან პატარძალი გაიქცა, თუმცა, ქეიფი გრძელდება და ასწორებს. თითქოს, შუქი გაითიშა, მაგრამ მზე, ისევ, ანათებს. და ბევრი სულელური ან ინტელექტუალური შედარების გაკეთება შეიძლება, თუმცა, ფაქტი ერთია, ტორონტო რეპტორსი, კვლავ, დიდი გუნდია და ვფიქრობ, ბოსტონს შეუსრულებს.

დასავლეთი ყოველთვის მეტი იყო აღმოსავლეთზე, მაგრამ აღმოსავლეთს სხვა ხიბლი ჰქონდა ყოველთვის. ტორონტომ წინა წელს თამასა აწია და ელიტებს შემოუთვალა : ,,ჩვენ ხაზზე ვართ და თუ მოსალოცად დაგვირეკვათ, ტელეფონს არ ავიღებთ, ან ავიღებთ და გაგითიშავთ." სოციალისტური გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებს ტორონტო და, თან - ამდენ კაპიტალისტში... ნიკ ნერსი ლენინია.

რეპტორსი ასწორებს. ლატენტური სიმპათიები მაქვს მათ მიმართ. აქვთ ორიგინალი ესთეტიკა, რომელიც არავის არასდროს ჰქონია. აქვთ მათი სახასიათო ფერი, რომელიც ყველა ფერისგან განსხვავდება. მძიმე და ცუდი ბიჭების გუნდი, რომელიც გაწვალებს, გირთულებს გზას, ბოლომდე ფავორიტად გტოვებს და, ბოლოს, სიმაღლიდან გაგდებს.

ბოსტონ სელტიქსის შემდეგ, მაიამ ჰიტს დაეჯახებიან. ჰიტი - კიდევ ერთი ორიგინალი გუნდი (უკვე - ბრენდი). და აღმოსავლეთი მაქსიმალურ სიამოვნებას მოგვანიჭებს, უმძიმეს შოუს შემოგვთავაზებს.

ტორონტო რეპტორსი ტიტულის დასაცავად ითამაშებს!

წყარო: Sixth Man - ბლოგი კალათბურთზე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული