დღეს, 28 იანვარს, "შარლოტ ჰორნეტმა" "ინდიანა პეისერსს" უმასპინძლა. მატჩი სტუმართა გამარჯვებით, 116:106 დასრულდა.
ზედიზედ მეორე მატჩია "პეისერსის" შემადგენლობაში 10 წუთზე მეტი სათამაშო დრო ეძლევა გოგა ბითაძეს. დღევანდელ შეხვედრაში ქართველმა პარკეტზე 10 წუთი დაჰყო, რა დროშიც 2 ქულა, 4 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება დააგროვა. 10 წუთისთვის მშვენიერი სტატისტიკაა.
რაც შეეხება საუკეთესოს, შესანიშნავი მატჩი ჩაატარა დაგ მაკტერმოტმა, რომელმაც 28 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა.
მალკომ ბროგდონმა თავი 25 ქულით, 7 მოხსნით, 6 შედეგიანი გადაცემითა და 1 დაფარებით გამოიჩინა.
სამმაგი დუბლი შეასრულა დომანტას საბონისმა, რომელმაც 22 ქულა, 11 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა. ამასთან ერთად, ევროპელს 5 დაკარგვა ჰქონდა.
აღსანიშნავია მაილის ტერნერის 5 დაფარება. ასევე მის ანგარიშზე 27 წუთში 8 ქულა, 4 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა გახლდათ.
რაც შეეხება "შარლოტს", ერთდროულად 6-მა კალათბურთელმა გადალახა 10-ქულიანი ზღვარი.
საუკეთესო ტერი როზიე გახლდათ, რომელმაც გუნდს 20 ქულა, 4 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება შესძინა.
პიჯეი ვაშინგტომა 18 ქულა, 8 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
გორდონ ჰეივორდი ამჯერად 16 ქულას, 1 მოხსნას, 4 შედეგიან გადაცემასა და 1 დაფარებას დასჯერდა.
18 თამაშის შემდეგ 11 გამარჯვებითა და 7 მარცხით "ინდიანა" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილს იკავებს. რაც შეეხება "შარლოტს", 7 მოგებითა და 11 მარცხით ამავე კონფერენციაში მე-12 ადგილზე იმყოფება.
მომდევნო მატჩში ეს გუნდები კვლავ ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 30 იანვარსაა ჩანიშნული.