დღეს, 21 ივლისს, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში 2020/21 წლების სეზონი დასრულდა.
სუპერფინალის მე-6 შეხვედრაში "მილუოკი ბაქსმა" "ფინიქს სანსს" უმასპინძლა, 7-ქულიანი უპირატესობით, 105:98 დაამარცხა და სერიაც 4:2 დახურა.
მასპინძელთა რიგებიდან იანის ანტეტოკუნმპომ დიდებული შეხვედრა ჩაატარა. ბერძნის ანგარიშზე 50 ქულა (16/25), 14 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 5 დაფარება გახლდათ.
იანისს მხარი კრის მიდლტონმა აუბა, რომელმაც თავი 17 ქულით (6/13), 5 მოხსნით, ამდენივე შედეგიანი გადაცემითა და 4 ჩაჭრით გამოიჩინა.
უნდა აღინიშნოს ჯრუ ჰოლიდეის თამაშიც, რომელმაც გუნდს 12 ქულა (4/19), 9 მოხსნა, 11 შედეგიანი გადაცემა და 4 ჩაჭრა შესძინა.
"სანსის" რიგებიდან საუკეთესო კრის პოლი გახლდათ, რომელმაც 26 ქულა (11/19), 2 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა.
არადამაჯერებელი გახლდათ დევინ ბუკერი. ახალგაზრდა ვარსკვლავის ანგარიშზე 19 ქულა (8/22), 3 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა გახლდათ.
ფინალის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო ანტეტოკუნმპოს გადაეცა - 35.2 ქულა, 13.2 მოხსნა, 5.0 შედეგიანი გადაცემა, 1.2 ჩაჭრა, 1.8 დაფარება, 61.8% თამაშიდან სიზუსტე.
"მილუოკის" საჩემპიონო გზა შემდეგნაირი გახლდათ - რეგულარული სეზონი "ირმებმა" აღმოსავლეთ კონფერენციაში 46 მოგებითა და 26 მარცხით მე-3 ადგილზე დაასრულა.
პლეი-ოფის პირველ რაუნდში "მაიამი ჰიტს" მარტივად, 4:0 სძლიეს, შემდეგ "ბრუკლინ ნეტსს" შეხვდნენ, სადაც 4:3 იმარჯვეს; მე-7 თამაში კი ნამდვილი მშვენება გახლდათ, კონფერენციის ფინალში "ატლანტა ჰოუქსი" 4:2 დაამარცხეს და სუპერფინალში გავიდნენ, სადაც ამავე ანგარიშით "ფინიქს სანსის" ბარიერი გაიარეს და 50-წლიანი პაუზის შემდეგ ისტორიაში მეორე ჩემპიონობა იზეიმეს.