"მამუს" ზრაპრული თამაში ვარსკვლავებით დახუნძლული "ბრუკლინის" წინააღმდეგ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნბა-ს მოქმედმა ჩემპიონმა "მილუოკი ბაქსმა", რომელმაც 22 წლის ქართველი ფორვარდი გასულ დრაფტზე 54-ე ნომრად აიყვანა, მორიგი საგამოფენო მატჩი ნიუ იორკში "ბრუკლინს ნეტსს" შეხვდა და 115:119 დამარცხდა.

ეს ის შემთხვევაა, როცა მატჩის შედეგს მნიშვნელობა არ აქვს. შეხვედრაში, რომელშიც ნბა-ს და შესაბამისად მსოფლიოს ვარსკვლავები მონაწილეობდნენ, ახალგაზრდა ქართველმა ორმაგი დუბლი – 20 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა. მამუკელაშვილმა ამ ხმაურიანი შედეგის დაფიქსირება მოახერხა გუნდის წინააღმდეგ, რომელშიც კევინ დიურანტი, ჯეიმს ჰარდენი, ლამარკუს ოლდრიჯი და ბლეიკ გრიფინი თამაშობდნენ.

ამ სუპერვარსკვლავთაგან მამუკელაშვილს პეიოდულად უშუალოდ ბლეიკ გრიფინის
წინააღმდეგ უწევდა თამაში და სანდრომ თავი არც ერთ ეპიზოდში არ შეირცხვინა. მეტიც, მამუკელაშვილმა ყველა სათამაშო კომპონენტში გამოიჩინა თავი: შორიდანაც ჩააგდო, გარღვევებიც მიითვალა, ბურთიც მოხდენილად ჩატენა, ლამაზი პასიც გასცა და ფარზეც მაგრად იმუშავა – 11 მოხსნა ამის დასტურია. აღსანიშნავია, რომ მამუკელაშვილის ბურთის ეფექტურად ჩატენვის დროს ბრუკლინელთა შემადგენლობაში მოედანზე იყო სამი სუპერვარსლვლავი: დიურანტი, ჰარდენი და გრიფინი.

მამუკელაშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 30:11 წუთი გაატარა. ამ დროში სანდრომ 9-დან 6 ორქულიანი, 5-დან 2 სამიანი და 6-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 20 ქულასთან ერთად მის ანგარიშზე 11 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა დაგროვდა. მის პასივში 4 დაკარგვა გახლდათ.

გთავაზობთ პერსონალურად "მამუს" გამორჩეულ ეპიზოდებს:


მილუოკიში ისევ არ ითამაშა იანის ადეტოკუმბომ, ხოლო საუკეთესო ისევ ჯორდან ნვორა გახლდათ , რომელმაც 30 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა. ბრუკლინში არასრული 24 წუთი ითამაშა კევინ დიურანტმა, რომელმაც 18 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა. ბლეიკ გრიფინმა, რომელიც მამუკელაშვილის ამპლუის მოთამაშეა, 20 წუთში 3 ქულა, 5 პასი და 2 მოხსნა მიითვალა. ჯეიმზ ჰარდენმა გამარჯვებულ ბრუკლინელებს 8 ქულა, 4 მოხსნა და 4 პასი შესძინა.

შემდეგ საგამოფენო მატჩს "მილუოკი" 10 ოქტომბერს, შინ "კლივლენდთან" გამართავს.

GBF

მკითხველის კომენტარები / 13 /
ვუყურე თამაშს. მე სტაჟიანი NBA-ს ფანი ვარ და თამამად ვიტყვი-სანდროს დონის ქართველი კალათბურთელი NBA-ში არ გვყოლია. აქვს ძალიან მაღალი საკალათბურთო ინტელექტი. კარგად კითხულობს თამაშს და რაც მთავარია სწორ კალათბურთს თამაშობს. ძალიან მაგარია- ფიზიკური კონდიციები არაჩვეულებრივი აქვს. სპორტული სითავხედე, რომელიც წლების შემდეგ მოდის-უკვე დიდი დოზით აქვს. აქვს პასის მაღალი კულტურა და ნორმალური ტყორცნა. მოსამატებელი აქვს დაცვა,მაგრამ მერწმუნეთ 2 წელიწადში დაცვაშიც უმაგრესი იქნება. წარმატებას ვუსურვებ.
გიორგი
15:44 09-10-2021
0
ბითაძის რა მოგახსენოთ, მაგრამ ეს ბიჭი, მამუკელაშვილი გამბედავია, საკმაოდ თავხედი და დიდ კალათბურთს ითამაშებს! 2-3 წლიწადში ბლეიკ გრიფინზე ნაკლები არ იქნება!
SILVERMARCS
11:48 09-10-2021
0

სიახლეები პოპულარული