ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ფინიქს სანსმა" "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" უმასპინძლა და 121:110 დაამარცხა.
ამ მარცხის შემდეგ, უკვე ოფიციალურად, კალიფორნიული გუნდი პლეი-ინის მიღმა დარჩა... მოგეხსენებათ, სეზონის სტარტზე "ყვითლების" ხელმძღვანელობამ გუნდის ბირთვი გამოცვალა და საკუთარ რიგებში სათამაშოდ გამოცდილი კალათბურთელები მოიყვანა, როგორებიც არიან რასელ უესტბრუქი, კარმელო ენტონი, დუაიტ ჰოვარდი და ა.შ. თუმცა გაცვლებმა არ გაამართლა და ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი პლეი-ინის ზონის გარეთ დარჩა (ამ მომენტისთვის 31 მოგება და 48 წაგება). "ლეიკერსის" დღევანდელი მარცხით გრეგ პოპოვიჩის "სან ანტონიო სპურსმა" ისარგებლა და რეგულარული სეზონის დასრულებამდე 3 ტურით ადრე დასავლეთ კონფერენციაში საუკეთესო 10 გუნდში ადგილი გაინაღდა (დღეს "დენვერ ნაგეტსი" 116:97 დაამარცხა).
რაც შეეხება ზემოხსენებულ მატჩს, ლებრონ ჯეიმსის არყოფნაში სტუმართა რიგებიდან საუკეთესო მექულე რასელ უესტბრუქი გახლდათ, რომელმაც თავი 28 ქულით, 5 მოხსნითა და 3 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.
ენტონი დევისმა აქტივში 21 ქულა, 13 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 1-იც ჩაჭრა და ამდენივე დაფარება ჩაიწერა.
მასპინძელთა მხრიდან დევინ ბუკერმა გუნდს 32 ქულა, 7 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.
დეანდრე ეიტონმა 22 ქულა, 13 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება დააგროვა.
ამრიგად, "ლეიკერსი" მომდევნო შეხვედრას 8 აპრილს, "გოლდენ სტეიტ უორიორსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.
"ფინიქს სანსი" 63 მოგებითა და 16 წაგებით ლიგის საუკეთესო გუნდია, ხვალ, 7 აპრილს კი "ლოს ანჯელეს კლიპერსს" შეხვდება.