ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" "სან ანტონიო სპურსს" უმასპინძლა და 113:104 დაამარცხა.
პირველად 17 დეკემბრის შემდეგ, ენტონი დევისი მოედანს დაუბრუნდა და 21 ქულა (7/15), 12 მოხსნა (5 მეტოქის ფარზე), 1 შედეგიანი გადაცემა, 1-იც ჩაჭრა და 4 დაფარება დააგროვა.
ლებრონ ჯეიმსმა 20 ქულა (8/20), 9 მოხსნა და 11 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
კალიფორნიელთა რიგებში თავისი სადებიუტო შეხვედრა გამართა რუი ჰაშიმურამ, იაპონელმა კალათბურთელმა თავი 12 ქულით (4/7), 6 მოხსნით, 1 შედეგიანი გადაცემითა და ამდენივე ჩაჭრით გამოიჩინა.
"სპურსის" მხრიდან კელდონ ჯონსონმა აქტივში 25 ქულა (9/20) და 5 მოხსნა ჩაიწერა.
ამრიგად, "ლეიკერსი" 23 გამარჯვებითა და 26 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრას 29 იანვარს, "ბოსტონ სელტიკსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.
"სან ანტონიო" 14 მოგებითა და 34 მარცხით იმავე დასავლეთში მე-14 პოზიციაზე იმყოფება. მომდევნო მატჩს ხვალ, 27 იანვარს, "ლოს ანჯელეს კლიპერსთან" გამართავს.