ირაკლი ხოშტარია: "ხუვენტუდს" მომზადებულები ვხვდებით

AutoSharing Option
19 სექტემბერს საქართველოს ჩემპიონი თბილისის "დინამო" ჩემპიონთა ლიგაზე პირველ მატჩს გამართავს. მისი მეტოქე ესპანური "ხუვენტუდი" იქნება, რომელიც უკვე თბილისშია და ისიც აქტიურად ემზადება კარს მომდგარი შეხვედრისთვის, რომელიც 19 სექტემბერს, 19:00 საათზე დაიწყება.

ხვალ შემოგთავაზებთ რეპორტაჟებს გუნდების ვარჯიშებიდან, გაეცნობით კომენტარებსა და საბოლოო შემადგენლობებს. დღეს კი "დინამოს" მთავარ მწვრთნელ ირაკლი ხოშტარიას შეგახვედრებთ.

მოგეხსენებათ, ჩემპიონთა შემადგენლობაში ცვლილებებია. დავწერეთ, რომ ჩემპიონთა ლიგისთვის გუნდს დაემატნენ ნიკა ცქიტიშვილი და გიორგი ცინცაძე.

ნიკა გუნდთან ერთადაა და ესპანელებთან საპაექროდ ემზადება. რაც შეეხება ცინცაძეს, იგი "დინამოს" "ხუვენტუდთან" ვერ დაეხმარება.
როგორც ირაკლი ხოშტარიამ გვითხრა, მან ორი დღე ივარჯიშა, შემდეგ კი ვეღარ შეძლო. გაგახსენებთ, რომ მან ევრობასკეტის პირველივე მატჩში, ლიტვასთან კოჭის ტრავმა მიიღო და მკურნალობისთვის დრო, ფაქტობრივად, არც ჰქონია.

ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ "დინამოს" დაუბრუნდნენ ილია ლონდარიძე და მიხეილ ბერიშვილი. რამდენიმე დღის წინ სრული შემადგენლობით გუნდი ტრაბზონს ეწვია და...

"ორი საკონტროლო შეხვედრა გავმართეთ, - ამბობს მთავარი მწვრთნელი ირაკლი ხოშტარია. - ორივეში დავმარცხდით, თუმცა შედეგი ჩვენთვის მეორეხარისხოვანი იყო. გვაინტერესებდა, როგორ კონდიციებში იყო გუნდი, როგორია საბოლოო სახე... თამაშები უნდა დაგვხმარებოდა შეთამაშებაში. ტრაბზონური შეხვედრებით კმაყოფილი ვარ, "ხუვენტუდთან" მატჩების წინ ეს აუცილებელი იყო".

რომ გადავხედოთ მეტოქის, "ხუვენტუდის" შემადგენლობას, ვერ ვიტყვით, რომ ევროპული დონის ვარსკვლავებით დაკომპლექტებული გუნდია, თუმცა ძლიერი შემადგენლობაა. რაც შეეხება "დინამოს"...

"გუნდი ჩვენი შესაძლებლობების მიხედვით დავაკომპლექტეთ. ილუზია არ გვაქვს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე რამდენიმე ეტაპს დავძლევთ, ჯგუფურ ეტაპზე ვითამაშებთ და იქაც შედეგებს მივაღწევთ. ამ ეტაპზე მთავარია, რომ საქმე დაიძრა.

აუცილებელი იყო, ჩემპიონს საერთაშორისო მატჩებში მიეღო გამოცდილება. სწორედ ასეთ დონეზე თამაშით გამოჩნდება, სად ვართ, რა დონეზე ვართ და რა არის საჭირო მომავალში განვითარებისთვის. ფაქტია, საქართველოს ნაკრებს სჭირდება ევროპის დონეზე გამოცდილი კალათბურთელები".

"დინამოს" ხელმძღვანელობა თავიდანვე აცხადებდა, რომ მისი მთავარი ამოცანა ფიბას ევროპის თასის ჯგუფურ ეტაპზე თამაში იყო, სადაც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოდან გამოთიშვის შემდეგ შეიძლება მოხვედრა.

საინტერესოა, სადღეისოდ რა ინფორმაციას ფლობს "დინამოს" მწვრთნელი მეტოქის შესახებ.

"წილისყრის შემდეგაც ვთქვი, შესაძლო მოწინააღმდეგეებიდან ყველაზე ძლიერი სწორედ ჩვენ გვერგო. "ხუვენტუდზე" საკმარისი ინფორმაცია გვაქვს. ევროპული დონის გუნდია. მართალია, ესპანეთის ჩემპიონატის საზომებით ტოპ-გუნდებში ვერ გადის, მაგრამ ესპანეთის ჩეპიონატის წარმომადგენელია - ამით ყველაფერია ნათქვამი.

"ხუვენტუდის" თამაშების ვიდეოჩანაწერებიც გვაქვს და ვფიქრობ, მოახლოებულ შეხვედრებს მომზადებულები ვხვდებით".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
პატივცემულ მწვრთნელს, ლონდარიძის და ბერიშვილის იმედათ შორს ვერ წახვალთ.
სააკაძე
22:49 19-09-2017
0
ჩემპიონთა ლიგის პირველი მატჩია და ისიც თბილისში და ეს თუ არ უჩვენეს ტელევიზიით ძალიან ცუდი იქნება
0

სიახლეები პოპულარული