დუდუ დადიანის მემორიალი დინამოს, თსუ-ს და ტიტების გამარჯვებებით დაიწყო

AutoSharing Option
დუდუ დადიანის მემორიალური ტურნირი დღეს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 3 მატჩით გაიხსნა.

შეგახსენებთ, რომ ტურნირში მონაწილე 9 გუნდი 3 ჯგუფშია გადანაწილებული და ნახევარფინალში პირველზე გასულები, პლუს საუკეთესო მეორეადგილოსანი გავა. დღეს ყველა ჯგუფში თითო შეხვედრა ჩატარდა და გამარჯვებულმა გუნდებმა ნახევარფინალისკენ სოლიდური ნაბიჯი გადადგეს. თუმცა ისიც სათქმელია, რომ სპორტულზე არანაკლებად, დუდუ დადიანის მემორიალის მატჩებს მოსამზადებელი მნიშვნელობა აქვთ. თითქმის ყველა გუნდი მთლიანად გადახალისებულია და მწვრთნელები ამ მატჩებში მომავალი სეზონისთვის ტაქტიკას და სხვა სათამაშო კომპონენტებს ხვეწენ, პლუს ახალწვეულებს ცდიან.

პირველ მატჩში ერთმანეთს “კაკტუსი” და “დინამო”
დაუპირისპირდნენ. მატჩი საკმაოდ თანაბარი და შესაბამისად, დაძაბული გამოდგა. შეხვედრის ბედი ბოლო წუთებზე გადაწყდა. უმეტესწილად ახალგაზრდა მოთამაშეებით დაკომპლექტებულმა “დინამომ” 79:74 დაამარცხა “კაკტუსი”, რაც გუნდური თამაშის დამსახურება გახლდათ. მაკედონიელი მუია ტაჩის გაწვრთნილ დინამოელთაგან 20 ქულითა და 11 მოხსნით საუკეთესო იყო ამერიკელი ლეგიონერი ტაილერ უილიამსი. 19 ქულა ჰქონდა მის თანამემამულე კევინ ობრაიანს, ხოლო საქართველოს ეროვნული ნაკრების კანდიდატმა, ლუკა ბულაშვილმა დინამოელებს 17 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასი შესძინა. “კაკტუსში” 27 ქულითა და 7 მოხსნით გამოირჩა ჯასტინ ევერეტი, 13-13 ქულა დააგროვეს მონტენეგროელმა ზორან ზილოტიევიჩმა და ამერიკელმა ბრაიან უილიამსმა.

ხვალ, 6 ოქტომბერს “დინამო” “რუსთავს” შეხვდება, ხოლო “კაკტუსი” დაისვენებს”.

მეორე მატჩში ბრძოლა არ შედგა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა, რომელსაც გასული სუპერლიგის ჩემპიონი ლექსო ლაფანაშვილი წვრთნის, 80:59 დაამარცხა “ოლიმპი”. არადა, სტუდენტურმა გუნდმა ახალი ლეგიონერების გარეშე ითამაშა, რადგან ერთ მათგანს ტრავმა აწუხებს, მეორე გუნდს გუშინ შეუერთდა, ხოლო ერთიც ჯერ არ ჩამოსულა. კრისტოფერ ანდერსონი, რომელიც გასულ სეზონშიც თსუ-ში იყო, მაგრამ ტრავმის გამო თითქმის ვერ ითამაშა, მშვენიერ ფორმაშია და დღევანდელ გამარჯვებაშიც სოლიდური წილი დაიდო.

თსუ-ელებმა თავიდანვე რომ მოიპოვეს ლიდერობა, უპირატესობას პერმანენტულად ზრდიდნენ. მეორე პერიოდში თსუ-ს ლიდერობამ 10 ქულას გადააჭარბა და ამ ნიშნულს თამაშის ბოლომდე არ ჩამოსცდენილა. არადა, “ოლიმპი” 3 ახალწვეული ლეგიონერით თამაშობდა, თუმცა ეს იყო ორივე გუნდისთვის პირველი, ეგრედწოდებული ოფიციალური მატჩი და რა თქმა უნდა, შორსმიმავალ დასკვნებს ვერ გავაკეთებთ. თსუ-ში შეუჩერებელი იყო მაღალთა ტანდემი – ცენტრმა გიორგი ტურძილაძემ 28 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა, ხოლო ფორვარდმა გიორგი კორსანტიამ – 16 ქულა და 15 მოხსნა. 12 ქულა, 8 მოხსნა და 5 პასი ჰქონდა კრისტოფერ ანდერსონს, ხოლო ვასილ ბერუაშვილის ანგარიშზე 11 ქულა და 9 მოხსნა დაგროვდა. “ოლიმპში” 14 ქულით ბომბარდირი გახდა დევიონ ტერნერი, ლუკა კალატოზიშვილის ანგარიშზე კი 11 ქულა დაგროვდა.

ხვალ, 6 ოქტომბერს, “ოლიმპი” “ქუთაისს” შეხვდება, ხოლო თსუ დაისვენებს.

ბოლო მატჩში ერთმანეთს “ტიტები” და სუპერლიგის დებიუტანტი “ვერა” დაუპირისპირდნენ. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა ვერელებმა პირველი ნახევარი დამაჯერებლად ჩაატარეს და დიდ შესვენებაზე 34:32 იგებდნენ, თუმცა მეორე ტაიმში “ტიტებმა” შესანიშნავად ითამაშა. ლაშა გამყრელიძის გაწვრთნილმა გუნდმა მესამე ათწუთეული 21:9 მოიგო, რითაც დიდი უპირატესობა მოიპოვა.

მატჩის მიწურულს ვითარება დაიძაბა. არადა, თითქოს ყველაფერი გარკვეული იყო: საფინალო სირენამდე 3,40 წუთით ადრე გამყრელიძის გუნდი 13 ქულით იგებდა, თუმცა ბექა ჩიკვილაძის, ბრენდონ სლაისა და ვახტანგ ქადარიას ზუსტი სროლებით ვერელებმა ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირეს – 60:63. თუმცა ეს იყო მაქსიმუმი – “ტიტების” ცენტრმა ნიკა მეტრეველმა ორქულიანით ანგარიში 65:60 გახადა, ხოლო ბოლო წუთზე ვერელებმა ვეღარ მოახერხეს ვითარების შეცვლა და შეხვედრა “ტიტების” გამარჯვებით – 67:64 დასრულდა.

6 ოქტომბერს “ტიტები” დაისვენებს, ხოლო “ვერა” “ბათუმს” შეხვდება.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
საწყალი დუდუ! არ ამოიჭამეს ამ ძუკნა რძალ-მულმა! რით ვერ გაიყვეს!
მწარე
23:37 05-10-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული