ანატოლი ბოისას გაწვრთნილმა რუსთაველებმა ჩინებულად ჩაატარეს ფინალამდე გამართული ყველა მატჩი. ქვემოქართლელებს არ გასჭირვებიათ არცერთ მეტოქესთან, სანამ სატიტულო მატჩში “ქუთაისს” არ დაუპირისპირდნენ. იმერული კლუბის სატურნირე ოდისეა კი თითქმის საპირისპირო გახლდათ. ტუღუშის გუნდმა გაჭირვებით მოიგო ჯგუფის მატჩები და რომ იტყვიან, ჯგუფიდან
იოლი ეთქმის განსაკუთრებით ფინალურ მატჩს, რომლის საწყისი პერიოდიც ქუთაისელებმა 25:17 მოიგეს, მეორე ათწუთეულში კი ორმაგი ანგარიშით – 44:22 დაწინაურდნენ. რიონისპირელთა წარმატება გამოცდილილ და კლასით კარგად დაბალანსებულ შემადგენლობაშია. ჯგუფური ეტაპის შემდეგ ქუთაისელებს შეემატათ ტრავმამოშუშებული ლუკ მოიერი, რომელმაც წინა და უკანა ხაზი თავისი სისწრაფითა და განსაკუთრებით ზუსტი შორი სროლებით შეაკავშირა. აკაკი დვალიშვილსა და ილია ლონდარიძეზე უკეთ არავინ უნდა იცოდეს, თუ რა ხდება სუპერლიგის გუნდების სამწამიანში, რაც ამ მატჩში კიდევ ერთხელ გამოჩნდა. ამ მოთამაშეებმა უდიდესი სამუშაო გასწიეს ორივე ფარქვეშა ზონაში, რითაც ქუთაისელებს გამარჯვების შანსი უბოძეს, რუსთაველებს კი – მოუსპეს.
ფინალური შეხვედრა არ დაძაბულა, თუ არ ჩავთვლით მატჩის დასრულებამდე შვიდიოდ წუთით ადრე რუსთაველთა მიერ 7 ქულამდე შემცირებულ სხვაობას, რომელიც ილია ლონდარიძისა დ აკაკი დვალიშვილის შედეგიანობით ქუთაისელთა სასარგებლოდ უმალ 10 ქულას ასცდა.
საბოლოოდ ქუთაისელებმა 92:78 მოიგეს და დადიანის თასს დამსახურებულად დაეპატრონნენ. ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ილია ლონდარიძე დასახელდა, რომელმაც გადამწყვეტ მომენტში, თამაშის დასკვნით წუთებზე, როცა დვალიშვილი მოედნიდან 5 პერსონალურის გამო გავარდა, უმნიშვნელოვანესი ბურთები ჩააგდო. მატჩის შემდეგ გამართულ ცერემონიალზე ლონდარიძე კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა და დუდუს ძმისშვილებმა – სანდრომ და ნიტამ დააჯილდოვეს. სანდრომ და ნიტამ გადასცეს დუდუს თასი ქუთაისელთა კაპიტან გიორგი ბარბაქაძეს.
ქუთაისელებმა რომ გუნდურად ითამაშეს, სტატისტიკიდანაც კარგად ჩანს. მოედანზე გამოსული 8 კალათბურთელიდან 6 ასცდა ათქულიან ზღვარს. ბომბარდირი 21 ქულით ლონდარიძე გახდა, 17 ქულა დააგროვა გიორგი ბარბაქაძემ, ხოლო აკაკი დვალიშვილმა თავი 15 ქულას, 13 მოხსნას, 6 პასსა და 3 დაფარებას მოუყარა. რუსთაველთაგან 23 ქულითა და 8 მოხსნით მაიკ დევისი გამოირჩა. 17 ქულა და 9 მოხსნა ჯილან ვაშინგტონმა დააგროვა.
GBF.GE