ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე კალათბურთში პირველი ნახევარფინალისტი გამოვლინდა. სლოვენიის ნაკრები გერმანიას დაუპირისპირდა და 24-ქულიანი უპირატესობით, 94:70 დაამარცხა.
სლოვენიელთა რიგებიდან საუკეთესო ლუკა დონჩიჩი გახლდათ, რომელმაც თავი 20 ქულით, 8 მოხსნით, 11 შედეგიანი გადაცემითა და 2 ჩაჭრით გამოიჩინა.
გამოსარჩევია 32 წლის ზორან დრაგიჩის თამაშიც, რომელმაც დღევანდელ შეხვედრაში 27 ქულა, 6 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა დააგროვა.
რაც შეეხება გერმანიას, დაბალშედეგიან კალათბურთში ყველაზე მეტი ქულა მაოდო ლომ ჩააგდო - 11. ამასთან ერთად, გამთამაშებელმა 1 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა.
სლოვენია ნახევარფინალში იტალიასა და საფრანგეთს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 12:20 საათზეა ჩანიშნული.